საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სამუშაოებს აზერბაიჯანული მხარე მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აწარმოებდა, თუმცა სამუშაოები მაინც უკვე შეჩერდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, — იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, — რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა“, — თქვა პრემიერმა 26 მაისს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად.
პრემიერმა პირობა დადო, რომ დავითგარეჯასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე მთავრობა მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.
წინა დღით ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა. სხდომის შემდეგ ამ საკითხზე მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
“მიუხედავად იმისა, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები წარმოებს ქედს მიღმა, აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს დელეგაციამ აღნიშნული საკითხი დააყენა და მოითხოვა სრულყოფილი ინფორმაცია აზერბაიჯანის მხრიდან მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია, თავი შევიკავოთ ისეთი ნაბიჯისგან, რომელთაც შეიძლება შექმნას აღქმა, რომ რაიმე სახით იცვლება სტატუს-კვო”, – თქვა დარსალიამ.
საუბარია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ჩიჩხიტურის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი გიდის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან მონასტრისკენ გზის გაყვანა დაიწყეს.
გირჩევთ, გაეცნოთ: