ახალი ამბები

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს – ილია II დავითგარეჯაზე

27 მაისი, 2019 •
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს – ილია II დავითგარეჯაზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დავითგარეჯისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის პრობლემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, “მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში”.

“მაგრამ პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!” – აცხადებს ილია მეორე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მკვეთრი განცხადებების გახმიანება ქვეყნის “ეროვნულ ინტერესს ეწინააღმდეგება” იმ ფონზე, როცა სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და ეკლესია განხილვებში ჯერ არ ჩართულა.

“მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს”, – დასძენს პატრიარქი.

ილია მეორე მიმართავს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გამოიჩინონ “მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა”.

“…განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს”,  -დასძენს ის.

“ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და  ვიმედოვნებთ, ორივე მხარე ღვთის წყალობით შევძლებთ პრობლემების დაძლევას”, – აცხადებს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. განცხადების ბოლოს კი, აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი