ახალი ამბები

პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია – ზალკალიანი დავით გარეჯში დაწესებულ შეზღუდვებზე

25 აპრილი, 2019 • 1711
პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია – ზალკალიანი დავით გარეჯში დაწესებულ შეზღუდვებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში ქართველი მომლოცველების გადაადგილების კუთხით შექმნილი “პრობლემა ამ ეტაპზე ამოწურულია”.

“როგორც კი შევიტყვეთ ინფორმაცია, მყისიერი კომუნიკაცია დამყარდა აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მე მქონდა საუბარი ჩემს კოლეგა მინისტრთან, შსს-ს ჰქონდა კოლეგებთან საუბარი. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახსნას პუნქტები, რომლებიც ამ დროისთვის იყო დაკეტილი”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში განახლდება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობა.

“ჩვენ მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ის პრობლემა, რაც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, უფრო ინტენსიურად იყოს წარმართული. პროცესი შეფერხებულია კომისიაში ცვლილებების გამო. აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა, ჩვენც გვექნება ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

უდაბნოს მონასტერთან განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს, 25 აპრილს გავრცელდა. დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს ადგილზე თავისუფლად მოძრაობის საშუალება აღარ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი