ახალი ამბები

დავითგარეჯთან „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც აგრესიით დახვდნენ – „ფორმულა“

5 მაისი, 2021 • 1797
დავითგარეჯთან „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც აგრესიით დახვდნენ – „ფორმულა“

ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება, რომ 5 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, საგარეჯოს სოფელ უდაბნოში, — რომლის სიახლოვესაც წინა დღით „მთავარი არხის“ ჟურნალისტსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ, — მათ გადამღებ ჯგუფსაც აგრესიით დახვდნენ.

კადრებში, რომლებიც ტელეკომპანიამ გაავრცელა, ჩანს ერთი პირი, რომელიც აგრესიულად მიმართავს ჟურნალისტს, რომელიც, არხის ცნობით, წინა დღით „მომხდარზე გასაუბრების მიზნით, საგარეჯოს მერის წარმომადგენლის მისამართის გაგებას ცდილობდა“:

„წადით აქედან. წადით, სანამ კარგადა ხართ, სოფელში არ გამოჩნდეთ! იმ მოღალატეს [ივერი მელაშვილს] თუ დასდევთ, დავითგარეჯზე ვინც ის თქვა, იმის დედაც“ …

ჟურნალისტის ნათქვამზე, რომ იქ გასარკვევად იმყოფებიან, ის პასუხობს: „არაფრის გარკვევა არ გვინდა ჩვენ, თქვენი ტელევიზიებია ის „ფორმულა“ და ისინი, აჭრელებული რომ გაქვთ … წადით ახლა აქედან, გეუბნებით, მომშორდი-მეთქი ამ სოფლიდან, თორემ თავებს წაგაჭრით“, – ამბობს იგი ვიდეოში.

„აღნიშნული პირი ფორმულას წარმომადგენლებს დაემუქრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაპირისპირებაც სცადა, თუმცა ამის საშუალება მისმა შვილმა არ მისცა“, – აცხადებს „ფორმულა“.

კადრებში ჩანს, როგორ ეხება იგი ხელით ჟურნალისტს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მისი შვილი, რომელიც იქვე მანქანას რეცხავდა, მას ჟურნალისტთან ხელახლა მიახლოების საშუალებას არ აძლევს, შემდეგ კი ჟურნალისტს ეუბნება:

„აი, ამასაც [კადრებს] დაალაგებთ და ააწყობთ შენ, ბატონო დავით, ამიტომ, ახლავე ჩაჯექით იმ მანქანაში… ბოდიშს გიხდით მამაჩემის [გამო], მაგრამ“…

საბოლოოდ ჟურნალისტი და ოპერატორი ტერიტორიას ავტომობილით ტოვებენ.

წინა ისტორია

წინა დღით, 4 მაისს, დავითგარეჯაში გადაღებაზე მყოფ ივერი მელაშვილს და „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

ტელეკომპანიის განცხადებით, ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაუზიანეს ტექნიკა. მთავარი არხის ჟურნალისტის, ნინუცა კეკელიას თანახმად, მათ თავს სასულიერო პირები დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 მაისს განაცხადა, რომ ამ ამბის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით. სწორედ ამ დანაშაულის ნიშნებს ხედავენ მომხდარში „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ისინი შსს-ს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის აღკვეთისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი