ახალი ამბები

ხელი შეუწყო მელაშვილისადმი სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას – აბსანძე საზმაუს ფილმზე

6 მაისი, 2021 • 8335
ხელი შეუწყო მელაშვილისადმი სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას – აბსანძე საზმაუს ფილმზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუს“ წამყვანმა, ჟურნალისტმა ირაკლი აბსანძემ პირდაპირ ეთერში გააკრიტიკა ამავე არხზე გასული გადაცემა „დავითგარეჯასთან“ დაკავშირებით და განაცხადა, რომ მან „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“.

29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გავიდა დოკუმენტური ფილმი, სათაურით „გარეჯის მთის სიმართლე“, რომელიც გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის“ მომზადებულია. ისტორიკოსი ბექა კობახიძის შეფასებით, ის შეიცავს არაერთ „მსხვილკალიბრიან ტყუილს, დამახინჯებულ ფაქტს“ და, ამავე დროს, მალავს „ჭეშმარიტების დამდგენ არაერთ ფაქტს“.

ივერი მელაშვილი არის „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებული პირი, რომლის მიმართ ბრალდებასაც აქტივისტები და არასამთავრობოები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდნენ. მას, მთავარი არხის გადამღებ ჯგუფთან ერთად, 4 მაისს თავს დაესხნენ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის სიახლოვეს; რამდენიმე თვით ადრე, მელაშვილს მაღაზიაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

5 მაისს, თავისივე საავტორო გადაცემის მიმდინარეობისას, ირაკლი აბსანძემ თქვა, რომ მაყურებლის წინაშე ვალდებული იყო, ასეთი განცხადება გაეკეთებინა:

„ამ არხზე, ამავე საეთერო დროს, სხვა დღეს, გავიდა მედიაპროდუქტი ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც ჩემი აზრით, ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“.

აბსანძემ ბოდიში მოუხადა მაყურებელსა და ივერი მელაშვილს: „რაც შემიძლია მე თვითონ შევაფასო, რაც ამ გადაცემაში ვიხილეთ, სულ მცირე, სცდება დემოკრატიული, სეკულარული ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტს. ამიტომ ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერისაც“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

„ჩვენ ყველას გვახსოვს ასეთი ბნელი ინსტინქტების [აყოლამ], ადამიანებისთვის მოღალატეების ძახილმა სულ ცოტა ხნის წინ სადამდე მიიყვანა ეს ქვეყანა“, – თქვა მან და დასძინა, რომ თუკი შესაძლებლობა მიეცემა, გადაცემაში მიიწვევს ბექა კობახიძეს, „ახალი თაობის ისტორიკოსს, რომელიც დასავლურ სტანდარტს უბრუნებს საქართველოს ისტორიოგრაფიას“.

2021 წლის 29 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავიდა საბჭოთა პასკვილის ხასიათის საგამოძიებო ფილმი „გარეჯის მთის…

Posted by Beka Kobakhidze on Friday, April 30, 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი