ახალი ამბები

საზღვრის დელიმიტაციაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვთ — ადვოკატი

5 მაისი, 2021 • 1720
საზღვრის დელიმიტაციაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვთ — ადვოკატი

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) მრჩეველი, ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

მშვენიერაძის თქმით, ოპოზიციას, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში და რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალში შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა და საზოგადოებისთვის პირდაპირ ეთერში ჩვენება, რა ხდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე.

“ამ გზით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და საზოგადოებაც კარგად დაინახავს, ვინ იბრძვის და იბრძოდა საქართველოსთვის და ვინ – პირიქით; ვინ არის მართლა პატრიოტი და ვინ მოღალატე. ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის იმ მორალური ტერორის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანს დღეს უწყობენ. ზოგს იმიტომ, რომ თავად არის ამ ტერორის უნებლიე მონაწილე და ზოგს იმიტომ, რომ საკუთარი დუმილით უშვებს ამ ტერორს. ხოლო ამ სიბინძურის ავტორებს არაფრის შერცხვებათ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათთვის იარსებებს მხოლოდ ერთი პასუხი – კანონი”, – წერს მშვენიერაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით იქმნება. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 დეპუტატი) მხარდაჭერით. გადაწყვეტილების მიღებისას მოწინააღმდეგეთა ხმები მხედველობაში არ მიიღება.

“ნაციონალური მოძრაობის” გარეშე ოპოზიცია პარლამენტში 50 ხმას ვერ აგროვებს.


საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა) პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ. დანაშაული ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობით ისჯება. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები კი მიუთითებენ, რომ ილიჩოვა და მელაშვილი პოლიტპატიმრები არიან და მათ გათავისუფლებას ითხოვენ, მათ შორის ელჩების შუამავლობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თავდაპირველად პატიმრობა შეუფარდა, რომელიც მიმდინარე წლის 28 იანვარს, კვლავ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, გირაოთი შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი