სამაუწყებლო კომპანია რ2-ის ერთ-ერთ მფლობელი ნინო ნიჟარაძე ამავე ტელეკომპანიის, მისი სხვა მფლობელების, ნიკა გვარამიას და გაყიდვების სახლის, ინტერმედიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს და ზიანის ანაზღაურების სახით ათეულობით მილიონ ლარს ითხოვს, რომლის უდიდეს ნაწილიც ტელეკომპანიის ანგარიშზე უნდა ჩაირიცხოს. ვინ არის ნინო ნიჟარაძე და რა სამართლებრივი საფუძვლების გამო ითხოვს კომპენსაციას, ასევე, რა კონტრარგუმენტები აქვთ მოპასუხეებს?
ნინო ნიჟარაძე
ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანია რ2-ის 9%-იანი წილის მფლობელია. მან ეს წილი მემკვიდრეობით მიიღო მისი მეუღლე გოგი გეგეშიძისაგან, რომელიც 2014 წელს გარდაიცვალა. გეგეშიძე ნიკა გვარამიამდე იყო არხის დირექტორი.
რ2-ის კონტექსტში ნინო ნიჟარაძის სახელი და გვარი აქტუალური გახდა 4 წლის წინ. 2015 წელს, როდესაც ქიბარ ხალვაშმა არხის ამჟამინდელ მფლობელებთან სამართლებრივი დავა დაიწყო და სასამართლო კომპანიის წილები დააყადაღა, გვარამიამ განაცხადა, რომ 9%-იანი წლის მფლობელი ნინო ნიჟარაძე წილებთან დაკავშირებით ნებისმიერ გარიგებას ისედაც “ბლოკავდა”.
თავის მხრივ 2015 წელს ნიჟარაძემ პრაიმტაიმთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არხის სხვა მფლობელებთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც დააფიქსირა, რომ წილის შენარჩუნებას არ აპირებდა და მზად იყო წილი სხვა მფლობელებისთვის მიეყიდა, თუმცა არა სიმბოლურ, არამედ ადეკვატურ ფასად. მისივე მტკიცებით, მოგვიანებით მას შესთავაზეს ხელი მოეწერა კომპანიის შეცვლილი წესდებისთვის, რომელიც, როგორც მეწილეს, “ყველანაირ უფლებას” ართმევდა, თუმცა ეს არ გააკეთა. ნიჟარაძის აზრით, დბლოკვაში ნიკა გვარმია სწორედ წესდების საკითხს მოიაზრებდა.
მას შემდეგ, რაც სამი ინსტანციის ქართულმა სასამართლომ რ2 (მათ შორის ნიჟარაძის 9%) ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ნიჟარაძეს ეს გადაწყვეტილება, განსხვავებით სხვა პარტნიორებისაგან, სტრასბურგის სასამართლოში არ გაუსაჩივრებია. ნიჟარაძის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი ამბობს, რომ ამის გაკეთება მის მარწმუნებელსაც სურდა, თუმცა ყარამანიშვილებმა გასაჩივრება დაასწრეს.
ვის ედავება დღეს ნინო ნიჟარაძე
ნინო ნიჟარაძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს 6 მოპასუხე ჰყავს:
- ლევან ყარამანიშვილი
- გიორგი ყარამანიშვილი
- ნიკა გვარამია
- ტელეკომპანია საქართველო
- რუსთავი 2
- შპს ინტერმედია (რუსთავი 2-ის რეკლამის გაყიდვის სახლი)
სწორედ ძმები ყარამანიშვილები და ტელეკომპანია საქართველო ფლობენ ერთობლივად რ2-ის 91%-ს. ყარამანიშვილები თავის მხრივ ტელეკომპანია საქართველოს 50%-ს ფლობენ, მეორე 50% კობა ნაყოფიას შვილის, ნიკოლოზ ყიფიანის საკუთრებაა.
დავის საგანი #1 – 1 490 000 მილიონი
ნინო ნიჟარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში გაიმართა რ2-ის პარტნიორთა კრება, სადაც ამ უკანასკნელის დომინანტმა პარტნიორებმა ბოროტად ისარგებლეს უფლებით და არამართლზომიერად უთხრეს უარი წილის გასხვისებაზე, რამაც ამ უკანასკნელს ზიანი მიაყენა.
როგორც სარჩელიდან ირკვევა, ნინო ნიჟარაძეს თავისი 9 პროცენტიდან 4 პროცენტის მიყიდვა უნდოდა შპს თრეიდინგ თრასთისთვის 1.6 მილიონ ლარად.
საზოგადოების წესდების მიხედვით კი, პარტნიორს საკუთარი წილის გასხვისება ან დაგირავება მხოლოდ სხვა პარტნიორთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეუძლია.
შპს თრეიდინგ თრასთი 2014 წლის 22 ოქტომბერს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნიკოლოზ ჩიქოვანია. ნიკოლოზ ჩიქოვანი არაერთი ბიზნესსუბიექტის პარტნიორი და ხელმძღვანელია. ის 2017 წელს სახელმწიფომ ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურ მმართველად დანიშნა.
2015 წლის 3 თებერვალს გამართული პარტნიორთა სხდომის ოქმის მიხედვით ნიჟარაძეს 4%-ის გასხვისებაზე სხვა პარტნიორებმა უარი უთხრეს.
“წილის გასხვისებაზე უარის თქმის მიზეზად დასახელებულია ის გარემოება, რომ 4%-იანი წილის გასხვისების უფლება გაიცემოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათაც შეუზღუდავად ექნებოდათ წილის გასხვისების უფლება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შეთავაზების გარეშე. თავის მხრივ პარტნიორებმა უარი განაცხადეს [ნიჟარაძის წილის] უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობაზე”, – ნათქვამია ნიჟარაძის სარჩელში.
ნიჟარაძის მხარის სამართლებრივი პოზიციაა, რომ მისმა პარტნიორებმა წილის გასხვისების აკრძალვით ბოროტად გამოიყენეს უფლება, რადგან ამით ზიანი არ ადგებოდათ და არც ისაა ნათელი, თუ რატომ არ სურდათ მათ, რომ ნიჟარაძეს თავისი 4% გაეყიდა.
მოპასუხე მხარის ინტერესების დამცველი დიტო საძაგლიშვილი ზემოხსენებული სამართლებრივი პოზიციის რამდენიმე კონტრარგუმენტს ასახელებს.
მისი თქმით, პარტნიორთა კრების იმავე სხდომაზე (2015 წელს), რომელზეც ნიჟარაძის მხარე აპელირებს, TV საქართველოსაც სურდა წილის გასხვისებაზე პარტნიორებისაგან ნებართვის მიღება, თუმცა ნიჟარაძემ ჯერ უპირატესი შესყიდვის უფლებით წილის შეძენა თვითონ მოითხოვა, უარის შემდეგ კი გარიგება დაბლოკა.
“ასეთი უფლება [უპირატესი შესყიდვის უფლება] წესდებით გათვალისწინებული არ ყოფილა და ტვ საქართველომ უთხრა: არა, მე მყიდველი მყავს და თანხმობა მითხარიო, ნიჟარაძემ ეს დაბლოკა. მეორე საკითხი იყო ნიჟარაძის წილის გასხვისება და შემდეგ უკვე სხვა პარტნიორები არ დაეთანხმნენ. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, ნიჟარაძემ თვითონ არ მისცა უფლება, რომ გაეყიდა წილი პარტნიორს და შემდეგ უკვე მას არ მისცეს. ბუნებრივია, აქ უფლების ბოროტად გამოყენება არ არის, რადგან შეთავაზება იყო გაკეთებული, რომ არც მე გამოვიყენებ ამ უფლებას და არც შენ გამოიყენოო, რაზეც თვითონ განაცხადა უარი”, – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.
ნახეთ, რ2-ის პარტნიორთა კრების ოქმი, სადაც ეს საკითხები განიხილეს
არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომლის კომპანიასაც ნიჟარაძის 4%-ის შეძენა სურდა, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან დაახლოებული პირია. კაპანაძე თავის დროზე გიგი უგულავასთან დაკავშირებულ საქმეში ფიგურირებდა.
“ზოგადად, როდესაც წესდებაში ასეთ საკითხს ითვალისწინებ, რომ არ შეიძლება ახალი პარტნიორი შემოვიდეს სხვა პარტნიორების ნებართვის გარეშე, ბუნებრივია, მიზანი არის ის, რომ კომპანიაში არასასურველი პარტნიორი არ შემოვიდეს. შესაბამისად, დანარჩენ პარტნიორებს სრული უფლება ჰქონდათ, რომ არ მიეცათ ნიჟარაძისთვის გაესხვისებინა საკუთარი წილი”, – აცხადებს საძაგლიშვილი და ამტკიცებს, რომ პარტნიორისთვის იმის დასაბუთების ვალდებულება, თუ რატომ არ აძლევდნენ წილის გასხვისებაზე თანხმობას, სხვა პარტნიორებს არ ჰქონდათ.
მისი თქმით, კომპანია თრეიდინგ ტრასტი, რომელსაც ნიჟარაძის წილი უნდა ეყიდა, ამ ინიციატივის გახმიანებამდე ცოტა ხნით ადრე იყო დარეგისტრირებული და მედიის სფეროში არავითარ გამოცდილებას არ ფლობდა. გარდა ამისა, საძაგლიშვილის თქმით, ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომლის კომპანიასაც წილის ყიდვა უნდოდა, ნინო ნიჟარაძის ოფიციალური წარმომადგენელი იყო და ზემოხსენებულ პარტნიორთა კრებასაც ესწრებოდა. საძაგლიშვილის თქმით, პარტნიორებს ამ ყველაფერმა გარკვეული ეჭვები გაუჩინა.
ამასთან, ნიჟარაძის მოპასუხეების პოზიციაა, რომ სარჩელის ეს ნაწილი საერთოდ ხანდაზმულია და ის საფუძვლიანიც რომ იყოს, სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს. საძაგლიშვილის თქმით, 2015 წლის პარტნიორთა კრების ოქმი ნიჟარაძის მხარემ მალევე გაასაჩივრა და გასაჩივრების ვადები დაიცვა, თუმცა სარჩელი 2018 წლის იანვარში უკან გაიხმო. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით კი, როდესაც სარჩელს უკან გაიხმობ, ახალი სარჩელის შეტანის უფლება 6 თვის ვადაში გაქვს, დღეისათვის კი 2018 წლის იანვრიდან 6 თვეზე მეტი დროა გასული. ნეტგაზეთი ხანდაზმულობის საკითხზე სამართლებრივი პოზიციის დასაფიქსირებლად ორი დღეა ნიჟარაძის მხარის ადვოკატთან ცდილობს დაკავშირებას.
დავის საგანი #2 – 15 მილიონი
ნინო ნიჟარაძის სარჩელის მიხედვით, 2019 წლის 10 აპრილს მათ შემოსავლების სამსახურისაგან მიიღეს ინფორმაცია, რომ რ2-ს სახელმწიფოს მიმართ ერიცხება დავალიანება 23 669 817.
“ნინო ნიჟარაძისთვის უცნობია, რატომ არ იხდის საბიუჯეტო ვალდებულებებს დირექტორი, უცნობია, სად მიდის და რას მოხმარდა აღნიშნული თანხა, უცნობია, ხორციელდება თუ არა საბიუჯეტო დავალიანების ტოლფასი თანხის აკუმულირება შემოსვლებიდან დავალიანების გასტუმრების მიზნით. ასევე უცნობია, ხომ არ მოხდა აღნიშნული თანხების მითვისება ან მათი გაფლანგვა პარტნიორების და დირექტორის, ნიკა გვარმიას მიერ”, – ასეთია ნიჟარაძის პოზიცია.
სარჩელის მიხედვით ნინო ნიჟარაძე შიშობს, რომ მომავალში საკუთარი ქონებით არ მოუწიოს პასუხისგება მენეჯმენტის შესაძლო მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე. შესაბამისად, მისი პოზიციაა, რომ ძმებმა ყარამანიშვილებმა, გვარამიამ და ტელეკომპანია საქართველომ თანხა რ2-ის სასარგებლოდ უნდა გადაიხადონ.
დიტო საძაგლიშვილი აბსურდს უწოდებს ნიჟარაძის მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ მომავალში რ2-ის დავალიანების გამო, შესაძლოა, მეწილეს მოუწიოს საკუთარი ქონებით პასუხისგება. იურისტის თქმით, შპს-ში დავალიანების გამო პარტნიორი პირადად პასუხს არ აგებს, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც მისი განზრახი ბრალეულობით ხდება ზიანის დაყენება.
“ანუ ნიჟარაძე თუ ამ ამბავში არ მონაწილეობს და თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას, რომ კომპანიამ გადასახადი არ გადაიხადოს, მაშინ მას ფიზიკურად ვერ დაეკისრება ვერანაირი პასუხხისმგებლობა”, – ამბობს საძაგლიშვილი.
მისივე თქმით, ის, რომ რ2 გადასახადებს ვერ იხდის, არხის გენდირექტორმა საზოგადოებას რამდენჯერმე უთხრა საჯარო განცხადებით. ამის მიზეზი, საძაგლიშვილის განმარტებით, ქიბარ ხალვაშის სარჩელის გამო დადებული ყადაღაა. მისი თქმით, ამ ყადაღის გამო კომპანია რთული არჩევანის წინაშე დადგა, შეეძლო გადაეხადა გადასახადი, მაგრამ მაუწყებლობის გაგრძელებას ფიზიკურად ვერ შეძლებდა. მისი თქმით, კომპანიამ გადაწყვეტილება მაუწყებლობის გაგრძელების სასარგებლოდ მიიღო, თუმცა სტრასბურგში სახელმწიფოს მხრიდან ყადაღის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
დავის საგანი #3 – 11 936 935 ლარი
ნინო ნიჟარაძე კომუნიკაციების კომისიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რ2-ს 2017 წელს სულ მცირე 10 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი უნდა მიეღო რეკლამიდან, ვიდრე ეს ოფიციალურად დაადეკლარირა. ამასთან, ნინო ნიჟარაძე პრობლემურად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ტელეკომპანია მისი რეკლამის გაყიდვის უფლება სარეკლამი სახლ “ინტერმედიას” გადასცა, რამაც რ2-ის წილის მფლობელის თქმით, მნიშვნელოვნად შეცვალა გაყიდვებისაგან მიღებული შემოსავლები.
“[კომუნიკაციების ეროვნული] კომისიის ანგარიშში დადგენილია, რომ რ2-ის მიერ დეკლარირებული სარეკლამო და სასპონსორო შემოსავლები მკვეთრად შემცირდა, თუმცა არ შემცირებულა მის მიერ გაყიდული რეკლამის მოოცულობა”, – აცხადებს ნიჟარაძე თავის სარჩელში.
ნახეთ კომუნიკაციების კომისიის კველვა, რონელიც ნიჟარაძეს სასამართლოში მტკიცებულების სახით აქვს წარდგენილი:
ამასთან, ნიჟარაძე ასევე კომუნიკაციების კომისიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით რ2-მა უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი გაზარდა, რისი ვალდებულებაც კანონით არ ჰქონდა. ნიჟარაძე უკვე აუდიტის სამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამის გამო კანონით გათვალისიწნებული ლიმიტის მიღმა გრიგოლ ვაშაძემ ეთერში დაჰყო 388 წუთით მეტი დრო, რისი ღირებულებაც არის 1 281 511 ლარი, ხოლო ბაქრაძემ დაჰყო 198 წუთით მეტი დრო, რისი ღირებულებაც 655 430 ლარია. აღნიშნული თანხების ჯამი კი, ნინო რიჟამაძის განცხადებით, კომპანიისთვის მიყენებულ ზიანს წარმოადგენს. ზემოხსენებული 10 მილიონის გათვალისწინებით საუბარია 11 936 935 ლარზე.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ეს თანხა ძმებმა ყარამანიშილებმა, გვარამიამ და ტელეკომპანია საქართველომ რ2-ის სასარგებლოდ უნდა გადაიხადონ.
რიჟამაძე ასევე ითხოვს, რომ გაბათილდეს ხელშეკრულება, რომლითაც რ2-მა საკუთარი რეკლამის ექსკლუზიურად გაყიდვის უფლება შპს ინტერმედიას მისცა.
დიტო საძაგლიშვილის თქმით, ნიჟარაძის მხარის ერთადერთი არგუმენტი, რომ რ2-ს 10 მილიონის რეკლამა დააკლდა, კომუნიკაციების კომისიის დასკვნაა, რომელიც ადმინისტრაციული აქტი არაა და ეს მონაცემი მხოლოდ და მხოლოდ კვლევას ეფუძნება, რომელიც “არასწორი მეთოდოლოგიითაა ჩატარებული”.
“გარდა კომისიის რეპორტისა, არაფერი ხელჩასაჭიდი არ აქვთ და სრულიად გაუგებარია, საიდან გამომდინარეობს ეს მოთხოვნა”, – ამბობს საძაგლიშვილი.
მისი თქმით, თუ რატომ არის კომისიის დასკვნა არასწორ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული, ეს განმარტება შესაბამისმა კომპეტენტურმა პირებმა გასული წლების განმავლობაში არაერთხელ გააკეთეს.
“მეთოდოლოგიური უზუსტობა იყო ის, რომ ერთი მხრივ, მარეგულირებელმა დათვალა დამკვეთის მიერ დახარჯული სარეკლამო დანახარჯების ოდენობა და მეორე მხრივ, დათვალა ტელევიზიებში წინა წელს შესული ფული, რაც არის ნათელი შეცდომა. რეალურად, მხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი არის შემცირებული 11%-ით. ეს შემცირება განპირობებულია, პირველ რიგში, დიჯიტალ-მედიაში თანხების გადინებით, რაც არის გლობალური ტრენდი და აბსოლუტურად ლოგიკური”, – ფორტუნას ცნობით, განაცხადა სარეკლამო გაყიდვების სახლ „ინტერ მედიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ 2018 წელს.
რაც შეეხება უფასო დროის გაზრდას კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტებისთვის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, დარღვევა არც აქ იკვეთება.
“კანონში გიწერია, რომ [სამაუწყებლო] კომპანია ვალდებულია მინიმუმ 7.5 წუთი გამოყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლია 8 წუთი გამოყოს. ეს დირექტორის დისკრეციული უფლებამოსილებაა”.
თუმცა უფასო დროის ლიმიტის გაზრდას ტელეკომპანიის ზარალად მიიჩნევს ნინო ნიჟარაძის მხარე. დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ამ შეფასებას არ ეთანხმება.
“ვერ იქნება ზარალი, რადგან უფასო რეკლამისთვის გამოყოფილი ბლოკები არის სხვა სარკლამო ჭრებში. ეს არ ჭამს კომერციული რეკლამისთვის გათვალისწინებულ დროს და გარდა ამისა, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე უფრო ცუდ დროს გადის უფასო რეკლამა. ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ან კომერციული რეკლამა შედარებით უკეთეს დროსაა. ის მსჯელობა, რომ უფასო სარეკლამო დრო რომ არ გაგეზარდა, ამ თანხას აუცილებლად მიიღებდი შემოსავლის სახით, არის აბსურდი, რადგან რეალურად ვერ მიიღებდი”, – ამბობს საძაგლიშვილი.
ის ბუნდოვანს უწოდებს ნიჟარაძის მხარის კიდევ ერთ სასარჩელო მოთხოვნას, რომელიც სარეკლამო სახლ “ინტერ მედიას” უკავშირდება და დასძენს, რომ ტელეკომპანიების მიერ რეკლამის გაყიდვის გარეთ ე.წ. აუთსორსზე გატანა რეალურად კარგი საერთაშორისო პრაქტიკაა.
სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს, თუმცა მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას საერთაშორისო არბიტრაჟში წასაღებად.
ამავე თემაზე
“რუსთავი 2”-ის მეწილე არხს სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს – გვარამია
შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ რ2-ის გარდა დავალიანება “იმედსაც” აქვს