ახალი ამბები

სასამართლომ „რუსთავი 2-ს“ დიანა ჯოჯუასთვის ხელფასის ანაზღაურება დააკისრა

23 მაისი, 2023 • 2132
სასამართლომ „რუსთავი 2-ს“ დიანა ჯოჯუასთვის ხელფასის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ს“ ტელეწამყვან დიანა ჯოჯუასთვის თანხის გადახდა დააკისრა.

როგორც ჟურნალისტის ადვოკატი თეო ზაქარაშვილი „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, ჯოჯუა ტელეკომპანიას კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ედავებოდა. ადვოკატის თქმით, 2019 წელს, როდესაც ტელეწამყვანმა „რუსთავი 2“ დატოვა, კომპანიამ მას ნამუშევარი დღეების ანაზღაურება არ ჩაურიცხა.

სასამართლომ კი ტელეარხს აღნიშნული თანხისა და კანონისმიერი პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი პაატა სალია „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კომპანია დაელოდება სასამართლოსგან გადაწყვეტილების ჩაბარებას, რის შემდეგაც გადაწყვეტენ მიმართავენ თუ არა შემდგომ ინსტანციას.

2019 წლის 20 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე, რუსთავი 2-ზე „კურიერი“ ჩვეულ ფორმატში არ გავიდა. „კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს.

„მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა“ — თქვა მაშინ დიანა ჯოჯუამ.

დიანა ჯოჯუას ინტერესებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი