ახალი ამბები

“რუსთავი 2”-ის მეწილე არხს სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს – გვარამია

6 მაისი, 2019 • 2413
“რუსთავი 2”-ის მეწილე არხს სასამართლოში უჩივის და 26 მილიონს ითხოვს – გვარამია

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ახალი სარჩელი შევიდა კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძისგან.

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სარჩელის მიზანს ტელეკომპანიის მართვიდან მისი ჩამოშორება, არხის გაკოტრება და ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი ხელში ჩაგდება წარმოადგენს.  “რუსთავი 2”-ზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შესახებ  არხის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“დაიწყო “რუსთავი 2”-ზე შეტევის ახალი ფაზა და, როგორც ჩანს, ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი. სასამართლოში შესულია “რუსთავი 2”-ის 9%-ის მფლობელი მეწილის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით, “გაყიდვების სახლისგან” ითხოვს 2015 წელს გამქრალი 10 მილიონი ლარის დაბრუნებას, რაც სრული აბსურდია. ჩემგან ითხოვს, რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოდ; ასევე, ითხოვს მილიონ 600 000 ლარს “, – განაცხადა გვარამიამ.

“დაიწყო “რუსთავი 2”-ზე შეტევის ახალი ფაზა და ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ “რუსთავი 2” -ისთვის, არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის, არამედ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის. “რუსთავი 2”-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის, ნინო ნიჟარაძის სარჩელი, “რუსთავი 2”-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და “რუსთავი 2″-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით. ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9%-ს ფლობს და ეტყობა მას უფრო აწუხებს, ვიდრე 91% წილის მფლობელებს. გაყიდვების სახლისგან ითხოვს, თვითონ როგორც ამბობს, 2015 წელს გამქრალ 10 მილიონ ლარს. ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს, იყო კახა ბექაური და მისი კომისია, რაც  სრული აბსურდია – არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა. ნიჟარაძე ასევე ითხოვს ჩემგან, რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოდ და ასევე ითხოვს მილიონ 600 ათას ლარს, რადგან სხვა მეწილეებმა არ მისცეს გაყიდვის უფლება, რაც წესდებით გათვალისწინებულია”,- განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ნინო ნიჟარაძე, ჯამში, მისგან და სხვა მეწილეებისგან 26 მილიონ ლარს ითხოვს.

რ2-ის გენერალური დირექტორის თქმით, სარჩელი დაყრდნობილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საგადასახადო დავალიანების ინფორმაციებს და დავა, სავარაუდოდ, არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ არის წამოწყებული.

“დავას იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის ცნობილი მოსამართლე და კარგად ცნობილია, რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი”, – განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ დავის მიზანია “რუსთავი2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და მისი დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება. გვარამიას ინფორმაციით, ეს მოთხოვნა თავდაპირველად სარჩელში ფიგურირებდა, მაგრამ “ბოლო წუთას იქნა ამოღებული”.

ამასთან, გვარამია ადასტურებს, რომ “რუსთავი 2”-ს აქვს დავალიანება, რომელსაც 2016 წლის სექტემბრიდან არ იხდის.

“რუსთავი 2”-ის დირექტორის თქმით, მოდავე არის არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლე, რომელმაც გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის წილი მიიღო.

“ამ ქალბატონის უკან დგას ხელისუფლება და მისი წილი მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს, “რიჟას”. ამის უკან დგას კახა ბექაური, რომელმაც ვერაფერი უქნა ამ არხს იმის მიუხედავად, რომ დაანგრია სარეკლამო ბაზარი. შეგახსენებთ, რომ “ტელეიმედიც” არ იხდის გადასახადებს – რატომ, არავინ იცის. ჩვენს შემთხვევაში თუ ეს გასაგებია, რომ ხელისუფლების წნეხია და სტრასბურგის სასამართლოს შეჩერება აქვს გამოტანილი, “ტელეიმედის” შემთხვევაში რა ლეგიტიმური საფუძველი არსებობს, არავინ იცის”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

გვარამიას თქმით, ხელისუფლება იტყვის, რომ ეს არის დავა ორ ბიზნესმენს შორის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გვარამია ნიჟარაძეს სთავაზობს, თუ ეს ასე არ არის და პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანოს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი