ახალი ამბები

2023-ში სახელისუფლებო ტელეარხების შემოსავლები გაიზარდა, ოპოზიციურის შემცირდა — კომკომის მონაცემები

8 თებერვალი, 2024 • 862
2023-ში სახელისუფლებო ტელეარხების შემოსავლები გაიზარდა, ოპოზიციურის შემცირდა —  კომკომის მონაცემები

2023 წელს სატელევიზიო და რადიომაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 95 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 18.8%-ით მეტია (13.7 მილიონი ლარი). თუმცა შემოსავლები ძირითადად ხელისუფლებასთან აფილირებულ ტელეარხებს გაეზარდა, ოპოზიციური ტელევიზიების შემოსავლებმა კი მნიშვნელოვნად დაიკლო. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წელს პროსახლეისუფლებო „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 2022 წელთან შედარებით 8.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 33.7 მილიონი შეადგინა.

ამავე მონაცემებით, 4.5 მილიონი ლარით გაიზარდა კიდევ ერთი პროსახელისუფლებო ტელეარხის, „რუსთავი 2-ის” (მედიაჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 13.7 მილიონს გაუტოლდა.

2023 წელს 2.5 მილიონით მეტი მიიღო კიდევ ერთმა სახელისუფლებო ტელეარხმა „პოსტვ-მ“, რომლის კომერციული შემოსავალიც 2023 წელს 7.4 მილიონი ლარი იყო.

1.4 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვის“ შემოსავალიც, რომელიც 3.3 მილიონი იყო.

რაც შეეხება ოპოზიციურ ტელეარხებს, მაგალითად, „მთავარ არხს”, გასულ წელთან შედარებით შემოსავალი 2.2 მილიონით შეუმცირდა და 7.9 მილიონი შეადგინა.

ტელეკომპანია „ფორმულას” სარეკლამო შემოსავალი კი 0.4 მილიონით შემცირდა და 5.3
მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.5 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ტელეკომპანია პირველმა”,
რომლის შემოსავალმაც 5.3 მილიონი ლარი შეადგინა.

1.3 მილიონი ლარით მეტი მიიღო “ბი-ემ-ჯიმ” და მისი შემოსავალი 2023 წელს 3.2 მილიონს გაუტოლდა. 0.03 მილიონი ლარით შემცირდა „მედიაჰოლდინგი ჯორჯიან თაიმზის“ შემოსავალი და სულ 0.4 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა, ჯამში, 4.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით,  2023 წელს სარეკლამო შემოსავალი 700 ათასი ლარით შეუმცირდა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ და 2.4 მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, ყველა სხვა ტელეარხისგან განსხვავებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განსხვავებული ვითარება აქვს — ის ბიუჯეტიდან გარანტირებულ თანხას იღებს, რომელიც 2023 წელს 100 მილიონ ლარს აღემატებოდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი სპონსორობაზე მოდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი