ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ რ2-ის გარდა დავალიანება “იმედსაც” აქვს

8 მაისი, 2019 • 1780
შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ რ2-ის გარდა დავალიანება “იმედსაც” აქვს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “იმედსა” და რუსთვის 2-ს სახელმწიფოს მიმართ რამდენიმე მილიონიანი დავალიანება აქვთ. უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ 7 მაისის მდგომარეობით შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ დავალიანება 24 700 254 ლარს, ხოლო შპს ,,ტელეიმედის“ დავალიანება 16 740 771 ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, დავალიანებების უზრუნველსაყოფად ორივე კომპანიის ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით. თუმცა ტელეკომპანიების ქონებაზე ამ დრომდე შემოსავლების სამსახურს ყადაღა არ დაუდია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დავალიანებების არსებობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ დარიცხულ თანხაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. გვარამია განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურმა ეს თანხა უკანონოდ დააკისრა და ტელეკომპანიამ ის სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრა.

“რაც შეეხება დაგროვილ დავალიანებებს, ჩვენ გადასახადებს არ ვიხდით 2016 წლის სექტემბრიდან. მანამდე გადასახადებს სრულად ვიხდიდით, მათ შორის, ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგაც. 2016 წლის სექტემბერში შეუძლებელი გახდა არსებობა გადასახადის გადახდის პირობებში. ბუნებრივია, ჩვენ კომპანიის ინტერესი ვარჩიეთ. ამას გარდა, ჩვენ ამ დარიცხული გადასახადებზე ვდაოვბთ სტრასბურგში. არ გვითქვამს, რომ ამ გადასახადების გადახდას არ ვაპირებთ, მიგვაჩნია, რომ ისინი უკანონოდ არის დარიცხული და სასამართლოში შესულია მოთხვნა კონპენსაციის სახით, ამ გადასახადების გაქვითვის თაობაზე”,-ამბობს გვარამია.

რაც შეეხება ტელეკომპანია “იმედს”, უცნობია, რატომ დაუგროვდა საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. ნეტგაზეთის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ტელეკომპანიის გენდირექტორისგან ამ საკითხზე პასუხი ვერ მივიღეთ. 2017 წლის აგვისტოში შემოსავლების სამსახურს “იმედის” ქონების ნაწილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით აქვს დატვირთული.

2018 წლის  ოქტომბერში შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია “კავკასიის” ქონებას ყადაღა დაადო. ტელეკომპანიის დირექტორის თქმით, ყადაღის დადების მიზეზი სახელმწიფოს მიმართ დავალიანება გახდა, რომელსაც გარკვეული პერიოდი დაწესებული გრაფიკით იხდიდნენ. მისივე ინფორმაციით, გრაფიკით გათვალისწინებულ თანხას იხდიდნენ, თუმცა მიმდინარე გადასახადის გადახდა დაგვიანდა. გადაუხდელობის გამო კი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა “კავკასიის” ქონებას ყადაღა დაადო. თუმცა მალევე უწყებამ ყადაღა მოუხსნა ტელეარხის ქონებას. მაშინ შემოსავლების სამსახურში განმარტეს, რომ  “კავკასიათან” არსებულ დავალიანებაზე გაფორმებული იყო გრაფიკი, მისი პირობების დარღვევის გამო კი სისტემამ ავტომატურ რეჟიმში დაადო ყადაღა.

მასალების გადაბეჭდვის წესი