ახალი ამბები

ბებია ჩვენებაში ამბობს, რომ შვილიშვილს მისი მოკვლა ანდერძის გამო სურდა

17 თებერვალი, 2023 • 1294
ბებია ჩვენებაში ამბობს, რომ შვილიშვილს მისი მოკვლა ანდერძის გამო სურდა

ბებიის აზრით, რომლის მოკვლაც, შსს-ს ცნობით, შვილიშვილმა შეუკვეთა, ქონების საკითხს უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” იუწყება.

ტელეარხის თანახმად, ქალი ჩვენებაში დასძენს, რომ შვილიშვილს მისი მოკვლა იმ ქონების გამო სურდა, რომლის დატოვებასაც ქალი სხვა პირისათვის გეგმავდა.

ჩვენების თანახმად, ბრალდებული ბებიისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხას ხშირად სესხულობდა, თუმცა უკან არ აბრუნებდა.

“მარტში 10 000 აშშ დოლარი ისესხა 1 თვის ვადით, მაგრამ აღარ დაუბრუნებია. მე მის უპასუხისმგებლობაზე და ჩემ მიმართ ასეთ უსამართლო დამოკიდებულებაზე გავბრაზდი და მივწერე, რომ მას ბებია აღარ ჰყავდა.

აღნიშნულზე ალექსანდრეს [შვილიშვილს რედ.] ჩემთვის არც უპასუხია, არც უცდია, ბოდიში მოეხადა და არც კონტაქტზე გამოსულა”, — წერია ჩვენებაში “რუსთავი 2-ის” თანახმად.

ბებიის თქმით, გაბრაზებულმა თავის შვილს უთხრა, რომ ანდერძით ქონებას არა აწ უკვე ბრალდებულ შვილიშვილს, არამედ მის ნახევარძმას დაუტოვებდა.

“2022 წლის მარტის თვის შემდეგ ალექსანდრეს და მე არანაირი არც პირადი და არც მიმოწერით კონტაქტი არ გვქონია. ჩემი აზრით, ალექსანდრეს ჩემი მოკვლა უნდოდა იმ ქონების გამო, რომელიც მე მაქვს დაგროვილი და რომლის დატოვებასაც მისი ნახევარძმისთვის ვაპირებდი.

ასევე მას ჰქონდა მატერიალური პრობლემები და ალბათ, ფიქრობდა, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ რაიმე ფინანსურ სარგებელს მიიღებდა”, — დასძენს ის.

ქალი აღნიშავს, რომ მას და შვილიშვილს “ყოფით ნიადაგზე” გარკვეული კონფლიქტები ჰქონდათ, თუმცა არა ისეთი, რომ შვილიშვილი დამუქრებოდა ან რაიმე ისეთი ეთქვა, რაც მისი მისამართით შიშს გაუჩენდა და დისტანციის დაცვას აფიქრებინებდა.

იანვრის მიწურულს შსს-მ  განაცხადა, რომ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ, შეკვეთით მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიების თანახმად, 1997 წელს დაბადებულმა ა.ს.-მ ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის 150 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის გარკვეული თანხა წინასწარაც გასცა, თუმცა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.

გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი