ახალი ამბები

“ტიტები” ქალების გარეშე – რას ფიქრობენ ახალ კლიპში მონაწილე კაცი მომღერლები

11 აპრილი, 2019 • 2699
“ტიტები” ქალების გარეშე – რას ფიქრობენ ახალ კლიპში მონაწილე კაცი მომღერლები

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” ახალი ვერსიის კლიპი გავიდა. სიმღერის კომპოზიტორის, ჯემალ სეფიაშვილის გადაწყვეტილებით, მას მხოლოდ კაცები ასრულებენ. სეფიაშვილმა აღნიშნული ფაქტი სექსისტური მოტივით გაამართლა. კლიპში მონაწილე კაცების ნაწილი ამაში პრობლემას ვერ ხედავს, ნაწილს კი ამ თემაზე საუბარი არ სურს.

სიმღერა 9 აპრილის ტრაგედიას ეძღვნება და, როგორც ჯემალ სეფიაშვილი განმარტავს, მას მხოლოდ კაცები იმიტომ მღერიან, რომ მისი აზრით, “ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი. და სწორედ ამიტომ, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას”

შემსრულებლებს შორის არიან ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თემო საჯაია, აჩი ფურცელაძე, რატი დურგლიშვილი და სხვები.

ვიდეომ გამოქვეყნებიდან მალევე არაერთი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. ამ დროისთვის [19:10] Youtube-ზე ვიდეო არ მოსწონს 855 მომხმარებელს, საპირისპირო აზრის კი მხოლოდ 136 მომხმარებელია.

“საშინელი ვერსიაა!”; “17 ქალი დაიღუპა – 22-დან 17 ქალი. და მხოლოდ ბიჭები ამღერო დიდი ამბით, ეს არის სირცხვილი”; “რომ არც გრცხვენიათ და აქაც გამოგიდიათ! ასე აფასებთ ხომ 17 გარდაცვლილი ქალის როლს?” – წერენ მომხმარებლები ფეისბუკ პოსტის კომენტარებშიც.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა რამდენიმე მომღერალს, რომელმაც სიმღერის ახალი ვერსია შეასრულა, რათა ეკითხა, ეთანხმებოდნენ თუ არა ისინი სეფიაშვილის კონცეფციას.

“ჩემთვის შემსრულებლის სქესს მნიშვნელობა არ აქვს” – რას ამბობენ კაცი შემსრულებლები

ნეტგაზეთი სიმღერის შემსრულებელ 5 კაცს დაუკავშირდა, რომელთაგან ორმა – ნოდიკო ტატიშვილმა და გიგი ადამაშვილმა- საკითხზე საუბარი არ ისურვეს. გიგი ადამაშვილმა კლიპში მონაწილეობაც არ მიიღო.

ერთ-ერთი მომღერალი, რომელიც კლიპში მონაწილეობს, რატი დურგლიშვილია. მისი თქმით, მისთვის, როგორც შემოქმედებითი ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ვინ შეასრულებდა სიმღერას, ხოლო მომღერლების შერჩევა მხოლოდ კომპოზიტორის გადაწყვეტილება იყო.

“ამ ამბავზე მე გავიგე გვიან. მე არ ვიცი, რა ხდებოდა, უბრალოდ, ბატონ ჯემალს… მე ვიცი ერთადერთი, რომ მას უნდოდა ახალი კონცეფცია შეეთავაზებინა და, უბრალოდ, მამრობითი სქესი ასრულებდა ამ სიმღერას. გადაწყვეტილების შინაარსობრივი დატვირთვა თვითონ კომპოზიტორს უნდა ჰკითხოთ.

შემოქმედი ადამიანისთვის, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მამრობითი სქესი იმღერებს, თუ მდედრობითი… ფაქტია, რომ სიმღერა არის გენიალური, ჩვენი ერის სიამაყეა და მას ძალიან დიდი დანიშნულება აქვს, სიმღერა ყველასთვის ძალიან ძვირფასია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იმღერებს. თუმცა ის საოცარი ვარიანტი, რომელიც იყო სიმღერის ორიგინალი… მას ჩვენი უნიკალური ადამიანები ასრულებენ და, უბრალოდ, რაღაც დროის შემდეგ კომპოზიტორმა ასე დაინახა ეს სიმღერა… არ ვიცი, ხომ გეუბნებით, რა ამბები ტრიალებს ამ სიმღერის გარშემო, კარგად არ ვიცი”, – ამბობს რატი დურგლიშვილი.

იმის შესახებ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ შეასრულებს სიმღერას, საუბრობს თემო საჯაიაც. ნეტგაზეთთან საუბარში მომღერალი დასძენს, რომ გმირებსა და თავდადებულ ადამიანებს სქესი არ გააჩნიათ, მათი რასობრივი, რელიგიური თუ სქესობრივი ნიშნით დაყოფა, კი არასწორია.

“თუ ბატონი ჯემალ სეფიაშვილის პათოსს მეკითხებით, მე არ ვიცი ზუსტად, მან რა განაცხადა და არც ის ვიცი, რა კონტექსტში იყო ეს ნათქვამი. რაც შეეხება იმას, რომ სიმღერას მხოლოდ კაცები ასრულებენ, 9 აპრილს კი 17 ქალია დაღუპული – რა თქმა უნდა, ეს პოზიცია ჩემთვის გასაგებია. საერთოდ, გმირებსა და თავდადებულ ადამიანებს სქესი არ გააჩნიათ, ეს განსხვავებული რამეა. აქ არც სქესია, არც ეროვნება და არც რელიგიური მრწამსი და ა.შ. – გმირი არის გმირი, იქნება ეს ქალი თუ კაცი. თუმცა, მე არამგონია, რომ ბატონ ჯემალს ამ კონტექსტით ეთქვას ეს ამბავი…

რაც შეეხება იმას, თუ მე რატომ მივიღე მონაწილეობა, ეს კლიპი ჩაიწერა უფრო ადრე, ვიდრე ის განცხადება გაჟღერდებოდა. და მე მაშინ ჩავთვალე, რომ ეს ჩვეულებრივად იყო სიმღერის ავტორის გადაწყვეტილება – ამ შემთხვევაში მას მხოლოდ კაცი შემსრულებლები უნდოდა. შეიძლება გავიდეს კიდევ 10 წელი, კიდევ საიუბილეო თარიღი დადგეს ამ სიმღერის და გადაწყვიტოს, რომ მხოლოდ ქალებმა უნდა იმღერონ. ჩაწერების პერიოდში და მაშინ, როდესაც მე შემომთავაზეს ამ სიმღერაში მონაწილეობა – მსგავსი პათოსი არ იყო, რომ “მხოლოდ მამაკაცი იცავს ქვეყანას” და ა.შ. ეს მე ჩავთვალე მაშინ მუსიკალურ გადაწყვეტილებად და მეტი არაფერი”, – ამბობს თემო საჯაია.

ნეტგაზეთთან ახალი სიმღერის შესახებ ისაუბრა ოთო ნემსაძემაც, რომელიც წელს საქართველოს “ევროვიზიის” კონსკურსზე წარდგება. ოთო ნემსაძეს მიაჩნია, რომ ქალების გარეშე შესრულებული “ტიტები” დიდ პრობლემას არ წამოადგენს.

“ეს ტექსტი [ჯემალ სეფიაშვილის განცხადება] არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი და იმ ჟურნალისტების მიერ დატრიალებული, რომლებიც ყოველთვის რაღაც სკანდალებს ეძებენ ყველგან. ეს განცხადება მგონია კონტექსტიდან ამოგლეჯილი. კაცსა და ქალს საქართველოში თანაბარი უფლებები აქვთ.

რა პრობლემაა ? გოგონების გუნდს იქამდე არ უმღერია? ბიჭების გუნდს არ უმღერია? რა პრობლემაა, ვერ ვხვდები. ჩემი აზრით, ეს პრობლემას არ წამოადგენს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს [სეფიაშვილის განცხადება] არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადება,” – განმარტავს ოთო ნემსაძე.

რას ნიშნავს, როდესაც ქალ შემსრულებლებზე უარს დისკრიმინაციული ნიშნით ამბობენ

რას ნიშნავს, როდესაც ქალ შემსრულებლებზე უარს დისკრმინაციული ნიშნის გამო ამბობენ ?- ეს კითხვა ნეტგაზეთმა უფლებადამცველ ანა არგანაშვილს დაუსვა, რომელიც ამბობს:

“ჯემალ სეფიაშვილის განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ თითქოს ქვეყანას მხოლოდ კაცები იცავენ და არჩევანი მან სწორედ ამიტომ გააკეთა – თავიდან ბოლომდე უთანასწორობის მხარდამჭერია. საერთოდ არ შეიძლება ისეთი მსჯელობა, რომ აი, თითქოს რომელიღაც სქესი უკეთ იცავს ან უფრო მეტი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში. ამ შეხედულებას, ვერც ისტორიულად და ვერც ფაქტობრივად, ვერავინ ვერ დაადასტურებს. ასეთი კომენტარებით კი ჩვენს ქვეყანაში, სადაც თანასწორობა გაცხადებული გვაქვს, ასეთი შეფასებებით, უბრალოდ, დისკრიმინაციის მხარდაჭერა ხდება”

არგანაშვილის თქმით, კაცები, რომლებიც ამ სიმღერას მღერიან, არ წარმოადგენენ აქამდე არსებულ მუსიკალურ ჯგუფს, არამედ, ისინი სპეიციალურად კონკრეტული სიმღერის შესასრულებლად შეარჩიეს და მათი შერჩევის მთავარი კრიტრეუმი იყო გენდერული ნიშანი – ისინი კაცები არიან .

“ჩემთვის გასაკვირია, რომ ვერც მომღერლები და ვერც ის ტელეკომპანია თუ ორგანიზაცია, რომელიც ამ კლიპის გამოშვებას უჭერდა მხარს – ვერ იაზრებენ, რომ ისინი ამ ქმედებით დისკრმინიაციას უჭერენ მხარს. ქმედებას, რომლითაც ქალის როლი ისტორიაში კნინდება.

მნიშვნელოვნია, რომ მომღერლებმა, რომლებმაც მიიღეს ამ კლიპში მონაწილეობა, თავიანთი წილი პასუხისმგებლობა გაიაზრონ. თუ ადამიანი მონაწილეობს ისეთ კლიპში, რომელიც უგულებელყოფს ქალების ძალიან მნიშვნელოვან როლს 9 აპრილის ტრაგედიაში, თუნდაც მსხვერპლების ოდენობით რომ ვიმსჯელოთ, ის მზად უნდა იყოს, რომ გარკვეული ტვირთი ზიდოს და საზოგადოებამ განაზოგადოს ესა თუ ის მოსაზრებები მათ სხვა შემოქმედებაზეც”, – უთხრა ანა არგანაშვილმა ნეტგაზეთს.

უფლებადამცველისვე მოსაზრებით, ასეთი კლიპები, წარმოდგენები თუ აქციები აღვივებენ უთანასწორობას და ქვეყნის განვითარების პერსპექტივას აფერხებენ. თუმცა ასევე მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ ადეკვატური პროტესტი გამოხატა აღნიშნული კლიპის მიმართ.

“საზოგადოების რეაქციამ, ჩემი აზრით, საქმე შემოატრიალა და განვითარებაც კი გამოიწვია – მომავალში სხვა თავიდან მაინც აირიდებს ასეთ დისკრიმინაციულ საქციელს და ეცოდინება, რომ მოქალაქეები კვლავ გააჟღერებენ საპროტესტო გზავნილებს. ამ სიტუაციაში ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს არგანაშვილი.


1989 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაიწყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მშვიდობიანი აქცია 9 აპრილს სასტიკად დაარბიეს რუსეთიდან გადმოსროლილმა სპეცდანიშნულების რაზმებმა, რა დროსაც 21 ადამიანი მოკლეს, ათეულობით კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი