რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებები საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან დაახლოების შესახებ მუქარის შემცველია.
თუმცა, აბაშიძის თქმით, შეხვედრისას არ დაუფიქსირებია კარასინს მუქარა “იმ ტონალობით”, რაც შემდეგ კომენტარებში გააკეთა.
“ამ ტონალობით და “რედაქციით” მე მისგან საუბრის დროს მუქარა ვერ მოვისმინე, მაგრამ ის კომენტარები, რაც გაკეთდა მის მიერ, ასევე, ის კომენტარი, რაც გაკეთდა თავდაცვის მინისტრ შოიგუს მიერ, სადაც საქართველოსა და უკრაინის ნატო-სთან თანამშრომლობაზე არის საუბარი, აშკარად ასეთი ტონალობისაა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” აბაშიძემ.
აბაშიძის თქმით, ქართული მხარის პასუხი მოსკოვის პოზიციაზე არის ის, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს პრიორიტეტი და სტრატეგიული არჩევანია.
“ჩვენი დიალოგი [კარასინთან] არაფორმალური ხასიათისაა. მთავარი თემატიკა, მოგეხსენებათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხებია. მაგრამ არის იმის საშუალება, რომ შევეხოთ ისეთ თემებსაც, რომლებიც ჩვენი დღის წესრიგით არ არის გათვალისწინებული. მე, როგორც წესი, ყოველთვის ვსაუბრობ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე – ამას გვერდს ვერ ავუვლი და მასაც აქვს საშუალება, თავისი აზრი გამოთქვას ამა თუ იმ თემაზე. მე ადრეც მომისმენია რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნატო-სთან დაკავშირებით. მათი დამოკიდებულება უარყოფითია. ეს საყოველთაოდ ცნობილია და ასეთი კომენტარები და განცხადებები რუსეთის მხრიდან ყოველთვის და ყველგან კეთდება. ასე რომ, ამჯერადაც, როდესაც ამ საკითხზე ისაუბრა ბატონმა კარასინმა, დაახლოებით იგივე პოზიცია დაადასტურა, რაც ადრეც ჰქონია. თუმცა ჩემი პასუხი გახლავთ ის, რომ ჩვენი ფორმატით ასეთი საკითხების განხილვა არ არის გათვალისწინებული. ჩვენი სუვერენული არჩევანია, ვისთან როგორ ვითანამშრომლებთ, ეს ჩვენი საქმეა, ჩვენი გადასაწყვეტია და აქ ამ დისკუსიაში არ შევდივართ”, – აცხადებს აბაშიძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ქვეყნის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების ჩათვლით.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნატო-ს სამხედრო პოტენციალის ზრდა უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს და რუსეთს საპასუხო ზომების მიღებას აიძულებს.
„ორჯერ მეტად გაიზარდა წვრთნების მასშტაბები და ინტენსივობა, რომლებშიც სულ უფრო აქტიურად რთავენ ნატო-ს არაწევრ უკრაინასა და საქართველოს. მსგავსი ქმედებები მსოფლიოში უსაფრთხოების არსებულ სისტემას ანგრევს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ნატო-საქართველოს სწავლება, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ალიანსთან დაახლოებასა და თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად, 2019 წლის მარტში მეორედ გაიმართება.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ „ნატოს „მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის“ (ACT) დაგეგმვითა და გაერთიანებული წვრთნების ცენტრისა (JFTC) და ნატოს სახმელეთო ჯარების სარდლობის (LANDCOM) მხარდაჭერით ხორციელდება.
“უკრაინაშიც ასე იწყებოდა” – კარასინის გაფრთხილება თუ მუქარა საქართველოს?