ახალი ამბები

“უკრაინაშიც ასე იწყებოდა” – კარასინის გაფრთხილება თუ მუქარა საქართველოს?

28 თებერვალი, 2019 • 2106
“უკრაინაშიც ასე იწყებოდა” – კარასინის გაფრთხილება თუ მუქარა საქართველოს?
რუსეთი “სერიოზულ გამაღიზიანებელ” ფაქტორს უწოდებს საქართველოს ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობას, მათ შორის, სამხედრო წვრთნების ჩათვლით, და აცხადებს, რომ ეს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს უშლის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 27 თებერვალს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიური შედეგები; ჰუმანიტარული კონტაქტების გაღრმავება, კულტურის დღეების, კინოფესტივალებისა და მეცნიერების თემატური შეხვედრების ჩათვლით.

“მიუხედავად პოზიტივის დაგროვებისა, ორმხრივი ურთიერთობებისთვის სერიოზულ გამაღიზიანებელ ფაქტორად რჩება საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნატო-სთან, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარების ჩათვლით. კარასინმა ასევე მიაქცია ყურადღება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ღიად არამეგობრული საჯარო განცხადებები  ნეგატიურ გავლენას ახდენს ურთიერთსარგებელზე დამყარებული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც კარასინის მიერ “კომერსანტისთვის” მიცემულ კომენტარიდან ირკვევა, რუსული მხარის უკმაყოფილება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებებმა გამოიწვია.

“ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან სულ უფრო მატულობს მკვეთრი განცხადებები, დაწყებული ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ,პრემიერ მამუკა ბახტაძისა და დავით ზალკალიანის ჩათვლით. ისინი საუბრობენ ნატო-სკენ დაჩქარებულ სვლაზე, ე.წ. რუსეთის საფრთხზე დემოკრატიული ევროპისთვის და ა.შ. ეს ჩვენ გვაცბუნებს. ეს არ უწყობს ხელს რუსეთ -საქართველოს ურთიერთობებს”, – განაცხადა კარასინმა.

სტატიის თანახმად, ამ კონტექსტში კარასინმა პარალელი გაავლო უკრაინასთან და თქვა, რომ პრობლემები იქაც სწორედ “ასე იწყებოდა”.

“ჩვენ გვახსოვს, რითი იწყებოდა უკრაინული პრობლემები. ეს არის საკითხის იგივენაირად დაყენებაა”, – განაცხადა კარასინმა.

უკრაინა მაიდნის მოვლენების დროს ნატოში გაწევრებას არ ცდილობდა, მეტიც, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისგან ნეიტრალიტეტი საკანონმდებლო დონეზე ჰქონდა გაცხადებული. მაიდნის მოვლენები, რასაც შემდეგ ყირიმის ანექსია მოჰყვა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას უკავშირდებოდა, რომელიც საქართველოს უკვე აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი