ახალი ამბები

იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა

14 მარტი, 2024 • 799
იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა.

ამის შესახებ სტოლტენბერგმა წლიური ანგარიშის წარდგენის პრესკონფერენციაზე, „იმედის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება, ისევე როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანას, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვიყავი. უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ვეწვევი საქართველოს, რათა უფრო გავაძლიერო ჩვენი პარტნიორობა და გავარკვიო, როგორ შეგვიძლია მჭიდროდ ვითანამშრომლოთ. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ არის ის, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და ნატო ეფუძნება ძირითად ღირებულებებს — დემოკრატიას და კანონის უზენაესობას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ეს სტანდარტები შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა შავი ზღვის მნიშვნელობაზე ალიანსისთვის.

„ნატო ეხმარება საქართველოს სანაპირო დაცვის მომზადებასა და განვითარებაში. შავი ზღვის სანაპიროებზე ნატოს სამი სახელმწიფოა, შემდეგ, უკრაინა და საქართველო — ნატო-ს მჭიდრო პარტნიორები. ასე რომ, რა თქმა უნდა, ნატო მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი შავ ზღვაში და შავ ზღვას დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მე ძალიან მივესალმები იმ მიღწევებს, რომლებსაც მამაცმა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკან დახევისას“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში წერია, რომ საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, რომელიც მიისწრაფვის ბლოკის წევრობისთვის.

ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გაიზარდა თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობის პაკეტები საქართველოსა და მოლდოვისთვის.

„პაკეტის და მისი ინიციატივების განხორციელდება გრძელდება, რათა გააძლიეროს საქართველოს
თავდაცვის შესაძლებლობები და გააუმჯობესოს ნატოსთან თავსებადობა. ორი ახალი ინიციატივა, რომელიც ორიენტირებულია სწავლებაზე და ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიოლოგიურ და ბირთვული თავდაცვაზე, მოწონებულია ნატოს თავდაცვის მიერ მინისტერიალზე თებერვალში“, — ნათქვამია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი