ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით დაგმო ოჩამჩირეში ბაზის საკითხი: რას აპირებს ქართული პარლამენტი

9 ოქტომბერი, 2023 • 1286
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით დაგმო ოჩამჩირეში  ბაზის საკითხი: რას აპირებს ქართული პარლამენტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მოსკოვის სურვილს, ააშენოს საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში.

რეზოლუციის სახელწოდებაა “შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ”.

დოკუმენტის დასაწყისში ნათქვამია, რომ ასამბლეა უმკაცრესად გმობს რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას”.

ასამბლეის სიტყვებით, ყოველივე ეს აჩვენებს “მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს”, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უქმნის მოკავშირეების უსაფრთხოებას, ასევე, მშვიდობასა და სტაბილურობას ევროატლანტიკურ ზონაში.

რეზოლუციით ასევე დაგმობილია “რუსეთის გაცხადებული განზრახვა, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაციის მუქარით”.

ასამბლეა ამბობს, რომ ემხრობა მხარდამჭერი პაკეტების მიღებას შავ ზღვაში ნატოს იმ მოკავშირეთა მიმართ, რომლებიც ყველაზე დაუცველნი არიან გარე ჩარევისგან. ამ კონტექსტში ის ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას ახსენებს.

ის ასევე ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ნატოს წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.

დასასრულს, ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, სწრაფად განახორციელონ საქართველოსა და მოლდოვის მხარდამჭერი პაკეტები, ასევე, განაგრძონ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერა.

იქვე ნახსენებია საქართველოსადმი მხარდაჭერის საჭიროება იმისთვის, რომ ქვეყანამ ნაბიჯები გადადგას ნატოს წევრობისკენ დემოკრატიული რეფორმების გზით.

ოჩამჩირეში ბაზის საკითხი: რას აპირებენ საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვერ ხედავს საჭიროებას, რომ პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის წინააღმდეგ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი ოპოზიციის წარმომადგენლებმა – საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიამ პარლამენტში დაარეგისტრირეს.

რეზოლუციის პროექტი ერთხმად და მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ აგრესიულ ქმედებებს, რომლის ახალი გამოხატულებაა აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილება, ისევე როგორც აფხაზეთის რუსეთ-ბელარუსის კავშირში ინტეგრაციის მცდელობა.

პაპუაშვილის თქმით, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას საქართველოს მთავრობა ახორციელებს და მის მიმართ სრული ნდობა აქვს. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს რომ „რაიმე ჯანსაღი აზრი“ ჰქონდეთ, მოსახლეობის მხარდაჭერას მიიღებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი