ახალი ამბები

“სიძულვილის ბაცილა” – კარასინი ბათუმის აქციებს ეხმაურება

1 აგვისტო, 2023 • 3149
“სიძულვილის ბაცილა” – კარასინი ბათუმის აქციებს ეხმაურება

რუსეთის ფედერალური სათათბირო საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ეხმაურება ბათუმის საპროტესტო აქციებს და ყველაფერს „სააკაშვილის პარტიას“ უკავშირებს.

კარასინი ამ განცხადებით გამოეხმაურა რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებს.

„არ ჩერდებიან სააკაშვილის პარტიის აქტივისტები. რუსეთისა და რუსების მიმართა მათში ჩანერგილი სიძულვილის ბაცილა ჯერ კიდევ ცოცხალია“ ,- წერს კარასინი. ის ამბობს, რომ ბაცილა პერიოდულად თავს წამოყოფს და გაუგებარია, რას ცდილობდნენ „სააკაშვილთა მჩხავანები“ დემონსტრაციით.

„ვის უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობები? პასუხი თავისთავად ცხადია.“


უკანასკნელ დღეებში რუსეთიდან ბათუმში ორჯერ ჩავიდა საკრუიზო გემი. პირველად ეს 27 ივლისს მოხდა – ბათუმის ნავსადგურში რუსი ტურისტებით დატვირთული კიდევ ერთი საკრუიზო გემი შევიდა, რომლის ერთ-ერთი მგზავრი აცხადებდა, რომ ნამყოფი იყო აფხაზეთში, შესაბამისად, შესაძლოა მას დარღვეული ჰქონდა საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ.

ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, 27 ივლისს შემოსულმა გემმა ბათუმის ნავსადგური განრიგით განსაზღვრულ დროზე ადრე დატოვა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მოქალაქეთა პროტესტი “ქაჯობად” შეაფასა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მეორედ იგივე გემი 29 ივლისს შემოვიდა, მოქალაქეები მას კვლავ დახვდნენ საპროტესტო აქციებით. აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი