ახალი ამბები

RMG-ის ყოფილმა დირექტორმა ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი შესწირა

10 ოქტომბერი, 2018 • 4031
RMG-ის ყოფილმა დირექტორმა ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი შესწირა

კომპანია RMG Copper-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ბალანჩივაძემ, რომელიც ამჟამად სხვა კომპანიებს ხელმძღვანელობს, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 55 ათასი ლარი 9 ოქტომბერს შესწირა.

ბალანჩივაძე 2017 წლიდან აღარ არის RMG Copper-ის აღმასრულებელი დირექტორი. ამ დროისათვის ის სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის, ბათუმში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “პრეზიდენტის” მეწილეა.

სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ 8–9 ოქტომბერს, შემოწირულობის სახით, 353 757 ლარი მიიღო.


კომპანიები “არმეჯი გოლდი” და “არემჯი კოპერი”  ბოლნისში სპილენძისა და ოქროს შემცველი მადნების მოპოვება-გადამუშავების შედეგად აწარმოებენ სპილენძის კონცენტრატს და ოქროს დორე შენადნობს (ნახევარფაბრიკატის სახით). “არემჯიმ” 2014 წელს, ოქროს მოპოვების მიზნით, ააფეთქა საყდრისის უძველესი მაღარო. აფეთქებას წინ უძღოდა კულტურის სამინისტროს მიერ საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია ითხოვს იმ პირთა დასჯას, ვინც საყდრისი ააფეთქა, თუმცა, უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ–გერმანელი მეცნიერები საუბრობდნენ ამ ძეგლის უნიკალურობაზე, საქართველოს კულტურის სამინისტრომ მიიჩნია, რომ მას ეს ღირებულება არ ჰქონდა, რაც გახდა ძეგლის სტატუსის მოხსნის მიზეზი.

მასალების გადაბეჭდვის წესი