ხელოვნება

კულტურის სამინისტროს ‘ოქროს კვეთა’ ინტერესთა კონფლიქტის ფონზე

7 აგვისტო, 2013 • 3716
კულტურის სამინისტროს ‘ოქროს კვეთა’ ინტერესთა კონფლიქტის ფონზე

კულტურის სამინისტროს “ოქროს კვეთა” საქართველოს პრეზიდენტმაც გაიზიარა და კულტურის სამინისტროს მოთხოვნას, საყდრისის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღების შესახებ, ხელი ორ დღეში მოაწერა.

 

კითხვაზე, რატომ არ შეეწინააღმდეგა მიხეილ სააკაშვილი კულტურის სამინისტროს პოზიციას, ისევე როგორც რაბათის ციხისა და იშხნის შემთხვევაში, რადგანაც არსებობდა განსხვავებული დამოკიდებულება საყდრისის მიმართ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელმა ნათია ბანძელაძემ გვიპასუხა, რომ პრეზიდენტისთვის საწინააღმდეგო მოთხოვნით არავის მიუმართავს.

 

კულტურის სამინისტრომ “საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოუხსნა. კომისიის დასკვნის მიხედვით, საყდრისს ძეგლის სტატუსი 2006 წელს კანონის დარღვევით მიენიჭა.

 

“საყდრისი უძველეს ოქროს მაღაროდ მიიჩნეოდა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში,” – აცხადებს საყდრისის მკვლევარი, არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე. მისი თქმით, გერმანულ, ფრანგულ, ავსტრიულ ტელეარხებზე საყდრისს არაერთი გადაცემა მიეძღვნა.

 

ნიკა ვაჩეიშვილის (კულტურის მინისტრი 2007 წელს) თქმით, საყდრისის მიმართ ეჭვები მისი კულტურის სამინისტროში მუშაობის დროს არ გამოთქმულა.

 

საყდრისი და RMG Gold

 

ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტთაგან პირველი, რომელშიც საყდრისის აუთენტურობის შესახებ ეჭვებია გამოთქმული, “RMG Gold”-ის  2013 წლის 26 აპრილით დათარიღებული წერილია, რომლის ადრესატი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია, ხოლო ავტორი RMG Gold. კომპანია საყდრისის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ფლობს.

 

აღნიშნულ წერილში “RMG Gold” ამტკიცებს, რომ ისტორიული მაღაროს საშუალებით არა ოქროს, არამედ სპილენძს მოიპოვებდნენ და მისი პირვანდელი სახით შენარჩუნება შეუძლებელია. წერილში ნათქვამია, რომ საყდრისის ასაკსა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით არქეოლოგებსა და გეოლოგებს ცალსახა დამოკიდებულება არ აქვთ.

 

“RMG Gold”-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საყდრისის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მდებარეობა სალიცენზიო ტერიტორიაზე 7-8 წლის განმავლობაში ბიუჯეტში შესატანი 100 მილიონი ლარის მიღებაში კომპანიას ხელს უშლის.

 

“ერთი მხრივ, კომპანიის მიზნების განხორციელების და მეორე მხრივ, ძეგლის გადარჩენა-შენარჩუნების ოპტიმალურ გზად გვესახება ძეგლის გადატანა ანალოგიურ და უსაფრთხო გარემოში, მისი შემდგომი რეკონსტრუქციით, არსებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვით,”- წერია განცხადებაში.

 

“RMG Gold” პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილამდე იმ მეცნიერების თანამოაზრე იყო, რომლებიც საყდრისს უძველეს ოქროს მაღაროდ მიიჩნევდნენ. კომპანიის 2008, 2009, 2010 წლების საინფორმაციო გეოლოგიურ ანგარიშებში საყდრისი “უძველეს ოქროს მაღაროდაა” მოხსენიებული.

 

უფრო მეტიც, კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული იყო აკადემიკოს ირინე ღამბაშიძის სტატია საყდრისის შესახებ-“ოქრო საქართველოში”. კომპანიის ვებ-გვერდიდან ხსენებული სტატია მას შემდეგ გაქრა, რაც “ნეტგაზეთი” ამ მაღაროსთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვებით RMG Gold-ს დაუკავშირდა.

ნეტგაზეთმა “RMG Gold”-ს კითხვებით მიმართა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, პასუხისმგებელი პირი ამჟამად საქართველოში არ არის და შეკითხვებზე პასუხს შემდეგ კვირას გასცემს, რომელსაც მოწოდებისთანავე შემოგთავაზებთ.

“ინტერესთა კონფლიქტი”

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება და ჩამორთმევა კულტურის მინისტრის პრეროგატივაა, ამისთვის კულტურის მინისტრს სპეციალისტებისგან შემდგარი კომისიის დასკვნა სჭირდება.

 

მინისტრის ბრძანებით შექმნილ “დაბა საყდრისის უძველეს სამთამადნო მრეწველობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიაში” 11 ადამიანი შევიდა. კომისიას მინერალოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე ხელმძღვანელობდა. მისი თმით, კომისიის წევრები ანაზღაურების გარეშე მუშაობდნენ.

 

კულტურის სამინისტროში შექმნილ კომისიაში შედიოდა ომარ ქუცნაშვილი, პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის მამა, რომელიც შპს “ჯეოინჟინირინგის” 39%-იანი წილის მფლობელია. “ჯეოინჟინირინგი” “RMG Gold”-ის (მაშინდელი შპს “კვარციტი”) კონტრაქტორია, რომელმაც 2011 წელს კომპანიის დაკვეთით საინჟინრო გეოლოგიური კვლევები სწორედ საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე შეასრულა.

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრი ალეკო ნაჭყებია მიიჩნევს, რომ საქმე ინტერესთა შეუთავსებლობასთან გვაქვს. იურისტის თქმით, აღნიშნული კომისიის საქმიანობა ადმინისტრაციულ საქმიანობას განეკუთვნება და მასში არ უნდა შესულიყო ის პირი, რომელიც დაინტერესებულ მხარესთანაა დაკავშირებული.

 

კულტურის მინისტრ გურამ ოდიშარიას დაინტერესებულ მხარესთან დაკავშირებული კომპანიის წარმომადგენლის კომისიის წევრობა პრობლემად არ მიაჩნია, რადგან კომისიის წევრების პატიოსნებაში ეჭვი არ შეაქვს და დარწმუნებულია, რომ კომისიამ მიუკერძოებელი გადაწყვეტილება მიიღო.

 

“ნეტგაზეთმა” ალექსანდრე თვალჭრელიძესაც ჰკითხა, ხომ არ იყო ინტერესთა კონფლიქტი ომარ ქუცნაშვილის კომისიაში მონაწილეობა? თვალჭრელიძის თქმით, 2011 წელს ომარ ქუცნაშვილი ანგარიშფაქტურის გაყალბების ბრალდებით იყო დაკავებული და იგი კომპანიის საქმიანობისგან ჩამოცილებული იყო. საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2011 წელს ომარ ქუცნაშვილი კომპანიის 36%-იანი წილის მფლობელი იყო.

 

კომისიის დასკვნა

 

კომისიამ დაადგინა, რომ “საყდრისის უძველესი სამთამადნო მაღარო” “შეიძლება” სპილენძის მომპოვებელი მაღარო ყოფილიყო, რადგან საყდრისის ტერიტორიაზე ხილული ოქრო არ არის იმდენი რაოდენობით, რომ მისი მოპოვება ღირებული იყოს.

 

კომისიის წევრების აზრით, მაღაროში აღმოჩენილი იარაღები (10 000 ცალი) არის ბაზალტისა და კირქვის, რომელიც უფრო მყიფეა, ვიდრე კვარციტის ქანები, რომლითაც აგებულია საყდრისის ტერიტორია. იმ პერიოდისათვის (5000 წლის წინ) არ არსებობდა ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც დღეს შესაძლებელია მიწის სიღრმიდან ოქროს მადნის ამოღება.

 

ალექსანდრე თვალჭრელიძეს მაგალითი მოჰყავს: “თუ გაქვთ რკინა და ებრძვით სპილენძის დანით, რა კუთხითაც არ უნდა დაარტყათ, ძვრას ვერ უზამთ.”

 

მისი აზრით, გვირაბი ტექტონიკურ რღვევას მიჰყვება და დიდი ნაწილი თავისით ჩამოინგრა, ნაწილი კი ადამიანის მიერაა გათხრილი. თვალჭრელიძე განმარტავს, რომ ამ ადგილას რბილი ქანებია, ოქრო კი მხოლოდ მკვრივ ქანებში ბუდობს.

 

“როცა სულფიდურ მადანს ადნობენ, უნდა იყოს შლაკები, რომლებიც არ არის. ღუმელში ოქროს ნარჩენები არ არის…. იმ  დროს მხოლოდ ცხვრის ტყავზე ლექავდნენ მარცვლოვან ოქროს,”- აცხადებს თვალჭრელიძე.

 

თვალჭრელიძის თქმით, იგი გერმანელ სპეციალისტებს, რომლებიც ირინე ღამბაშიძესთან ერთად იკვლევდნენ საყდრისის მაღაროს და მათ უზრუველჰყვეს ლაბორატორიული სინჯები, არაკომპეტენტურად მიიჩნევს, ხოლო მათი მოსაზრებების განხილვა ზედმეტად მიაჩნია.

 

ღამბაშიძის თქმით, მათ როგორც ქართულ ისე გერმანულ ლაბორატორიებში დაამტკიცეს, რომ აღმოჩენილ არტეფაქტებზე ოქროს ნარჩენები დასტურდებოდა. მას აინტერესებს, რის საფუძველზე დაასკვნა კომისიამ რომ საყდრისი სპილენძის მაღარო არის და აღმოაჩინა თუ არა კომისიამ სპილენძის ნარჩენები საყდრისის არტეფაქტებზე?

 

ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, კომისიას საყდრისიდან აღებული სინჯი ლაბორატორიულად არ შეუსწავლია, რადგან ფინანსური საშუალება კომისიას არ გააჩნდა. მათ მხოლოდ ირინე ღამბაშიძის მიერ მიწოდებული დოკუმენტები შეისწავლეს.

 

“რაც კომისიას წარედგინა ანგარიშებისა და სხვა მასალის სახით, ოქროს უძველესი მაღაროს არსებობას ვერ ადასტურებს. კომისიის აზრით, ეს გამონამუშევრები შეიძლება უკავშირდებოდეს სპილენძის მადნის მცირე მასშტაბის მოპოვებას ადრეულ, შესაძლოა ბრინჯაოს ხანაში,”- წერია კომისიის დასკვნაში.

 

კომისიის შეფასებით, საყდრისის მაღარო, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ვერ მისცემს სახელმწიფოს იმდენ ფინანსურ სარგებელს, რამდენის მიცემაც ამ ტერიტორიიდან მოპოვებულ მადანს შეუძლია.

 

ალტერნატიული დასკვნები და მოსაზრებები

 

კომისიის საქმიანობაში, 11 წევრის გარდა, მოწვეული ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც კომისიას თავიანთი დასკვნა წარუდგინეს. ერთ-ერთ ასეთ ექსპერტად იყო მიწვეული ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ლითონმცოდნე დავით სახვაძე.

 

დავით სახვაძემ კომისიას ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტი წარუდგინა, რომლის შექმნაში თავადაც მონაწილეობდა. დასკვნაში ეწერა, რომ საყდრისის ტერიტორიაზე ოქროს მოპოვება შესაძლებელი იყო. თუმცა, აღნიშნული დოკუმენტი კომისიამ არ გაითვალისწინა. ალექსანდრე თვალჭრელიძის განმარტებით, დავით სახვაძის წარმოდგენილი, მეტალურგიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული დასკვნა, არაკომპეტენტურობის გამო არ გაითვალისწინა.

 

სახვაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საყდრისის მაღაროში არსებული სამი გვირაბი მოწმობს იმას, რომ 5 400 წლის წინ მცხოვრები მაღაროელები მადნის ძარღვს მიჰყვებოდნენ და იქ არსებული ოქროს მარაგი დღეს გამოლეულია. შესაბამისად, იქ ისევე აღარ არის ოქრო, როგორც “კლონდაიკის ოქროს” საბადოზე, რომელიც გასული საუკუნის წინ ოქროთი მდიდარი იყო.

 

რაც შეეხება, თვალჭრელიძის ნახსენებ სამუშაო იარაღების “სიმყიფეს”, სახვაძეს მეტალურგის ინსტიტუტის შესრულებული დასკვნიდან ამონარიდი მოჰყავს:

 

“მკვრივი ქანების დარტყმითი ზემოქმედების რღვევის პროცესში განმსაზღვრელია ქანის დეფორმაციის სიჩქარე და არა ქანისა და ინსტრუმენტის ფარდობითი სისალე. დეფორმაციის სიჩქარის გაზრდა იწვევს სტატისტიკური დატვირთვისას რეალიზებადი ბლანტი რღვევის ხასიათის შეცვლას მყიფე რღვევით, რაც დეფორმაციის სიჩქარეზეა დამოკიდებული.”

 

აღნიშნული დასკვნა კულტურის სამინისტროს თავის ვებ-გვერდზე კომისიის მიღებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად არ გამოუქვეყნებია.

 

კომისიის წევრმა, არქეოლოგმა გურამ მირცხულავამ კომისიის საბოლოო დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, რადგან, მას გერმანელი მკვლევრების არგუმენტაცია აინტერესებდა. მირცხულავას მიაჩნია, რომ საყდრისის მნიშვნელობა მაინც დიდია, თუნდაც იგი სპილენძის მაღარო იყოს.

საყდრისი
საყდრისი

ნინო გუჯარაიძე, გარესდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” წევრი, ყურადღებას კულტურის მინისტრის მოადგილის, მარინე მიზანდარის წერილზე ამახვილებს. მიზანდარმა გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, რომ შეეფასებინათ ის ეკოლოგიური შედეგი, რომელსაც “RMG Gold”-ის მიერ ოქროს მოპოვების სამუშაოების შეფერხება გამოიწვევდა. წიაღის შესახებ კანონის მიხედვით, წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიას არ აქვს უფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონას (500 მეტრი) მიუახლოვდეს.

 

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მოსაზრების მიხედვით: “ვიზუალურმა დათვალიერებამ გვიჩვენა, რომ ზემოაღწერილ უბანზე სამუშაოების შეჩერება რეკულტივაციის ღონისძიებების გაუტარებლად უპირობოდ გამოიწვევს ეროზიულ-გრავიტაციული პროცესების მკვეთრ გაუარესებას, რასაც შედეგად მოჰყვება ფერდობის სრული დეგრადაცია.”

 

გუჯარაიძის თქმით, უცნაურია, როცა კულტურის სამინისტრო იმის მაგივრად, რომ ძეგლთა დაცვით იყოს დაინტერესებული, გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში იჭრება.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ზედაპირული დათვალიერებით მიღებული მოსაზრება სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში “კვლევადაა” შეფასებული. გუჯარაიძის განმარტებით, კვლევა და მოსაზრება დამაჯერებლობის ხარისხით ერთმანეთისგან განსხვავდება. ამავე განცხადებაში არაა ნახსენები პირობები (რეკულტივაციის ღონისძიებები), რომლის გარეშეც ეროზიული პროცესები დაიწყებოდა.

 

სამართლებრივი დავა

 

მინისტრ გურამ ოდიშარიას თქმით, “საყდრისის მაღაროს” მიმართ ეჭვები იმითაც გამყარდა, რომ კულტურის სამინისტროში არ მოიძებნა დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სამართლებრივი პროცედურების მიხედვით მიენიჭა.

 

სამინისტროში შექმნილმა კომისიამ მიიჩნია, რომ საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კანონდარღვევით ჰქონდა მოპოვებული.

 

“არქეოლოგიური ექსპერტიზა მას არ ჩატარებია, სხდომის ოქმი არ არსებობს. მოთხოვნა ოფიციალური, რომ ძეგლს მიენიჭოს სტატუსი, არ არსებობს,”-აცხადებს თვალჭრელიძე.

 

საყდრისის მკვლევარი, არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე ამტკიცებს, რომ მან 2006 წელს კულტურის სამინისტროს გადასცა საჭირო დოკუმენტები და ეროვნული მუზეუმის არქივში დაცულია იმ დროისთვის შედგენილი საველე დოკუმენტები. ღამბაშიძე ამ დოკუმენტების ასლებს თავადაც ფლობს.

 

არქეოლოგი ამბობს, რომ კომისიას დოკუმენტების გამოთხოვნისთვის ოფიციალურად არც მიუმართავს. მან მხოლოდ ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე მიიტანა მის ხელთ არსებული დოკუმენტები, რომელთა მცირე ნაწილი შეისწავლა კომისიამ.

 

2006 წელს კულტურის მინისტრად გიორგი გაბაშვილი, ამჟამად პარლამენტარი, მუშაობდა. იგი ვერ იხსენებს, ვინ შედიოდნენ კომისიის შემადგენლობაში, რომელმაც საყდრისს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ვერც ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა გაიხსენა კომისიის წევრების ვინაობა და ლეილა თუმანიშვილთან, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მაშინდელ უფროსთან, გადაგვამისამართა.

 

ლეილა თუმანიშვილმა კი პაატა გაფრინდაშვილთან, კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული საგენტოს დირექტორის მოადგილესთან, დაკავშირება გვირჩია. თუმანიშვილის თქმით, გაფრინდაშვილი 2006 წელს შექმნილი საყდრისის საკითხის შემსწავლელი კომისიის წევრი იყო. პაატა გაფრინდაშვილმა, რომელიც 2013 წელს საყდრისის საკითხის შემსწავლელი კომისიის წევრი იყო, ჩვენს კითხვებს არ უპასუხა და ისევ კულტურის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.

 

საყდრისის ოქროს/სპილენძის საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს მოეხსნა, ახლა იგი “არქეოლოგიურ ობიექტად” მოიხსენიება, რაც მის დაცვის ზონას 300 მეტრის რადიუსით ფარგლავს. ეს სტატუსი 2013 წლის 15 სექტემბრამდე ექნება, სანამ ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა არ დასრულდება.

 

ამის შემდეგ საყდრისზე აღმოჩენილ არტეფაქტებსა და საკუთრივ ძეგლის ნაწილს მუზეუმში გადაიტანენ. ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე მუზეუმის აშენება კომპანია “RMG Gold”-ს დაეკისრება.

 

ირინე ღამბაშიძე ამბობს, რომ 15 სექტემბრამდე ძეგლის საბოლოოდ შესწავლა ვერ მოხერხდება, რადგან მისი მცირე ნაწილია შესწავლილი. მინისტრი გურამ ოდიშარია ღამბაშიძის მოსაზრებას არ ითვალისწინებს, რადგან ძეგლის შესწავლა “დიდი ხნის განმავლობაში”, 9 წელი, მიმდინარეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი