ახალი ამბები

საყდრისის აფეთქების წლისთავზე, საია კვლავ დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

13 დეკემბერი, 2015 • 2168
საყდრისის აფეთქების წლისთავზე, საია კვლავ დამნაშავეთა დასჯას ითხოვს

“საიას კვლავაც მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დადგეს იმ ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების (მათ შორის პირველ რიგში მაღალი თანამდებობის პირების) პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილებდნენ საყდრისი-ყაჩაღიანის განადგურების საქმეში”, – ასე ეხმაურება საია საყდრისი-ყაჩაღიანის აფეთქების შარშანდელ ფაქტს.

ერთი წლის წინ, 2014 წლის 13 დეკემბერს, კომპანია “RMG-Gold”-მა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის უძველს ოქროს მაღაროზე აფეთქება განახორციელა.

“აფეთქების შედეგად არქეოლოგიური ობიექტის შეუქცევადი განადგურება დაიწყო”, – წერია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებაშივე, მოყვანილია მაღაროსთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.

“2014 წლის 13 დეკემბერს, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უკანონო აფეთქების ფაქტს, ერთი დღით ადრე, წინ უძღოდა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ, ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში განხორციელებული 17 მოქმედება და 4 გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის უხეში დარღვევებით მიიღეს. მიუხედავად დარღვევების მასშტაბისა, არც სამინისტროში და არც სააგენტოში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა”.

საია წერს, რომ დღემდე უპასუხოდ არის დარჩენილი კითხვა, თუ როგორ შეძლეს უაღრესად სწრაფად ერთი არასრული სამუშაო დღის განმავლობაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნა და კომპანიისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლების მინიჭება.

“2014 წლის 12 დეკემბერს განვითარებული მოვლენები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გადაწყვეტილებები ბევრად ადრე იყო მიღებული და 2014 წლის 12 დეკემბერს, მხოლოდ ფორმალურად მოხდა მათი გაფორმება. ამასთან, დაჩქარებული ტემპი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაფიქსირებული დარღვევები აჩენს მასში არასათანადო ჩარევების, მათ შორის შესაძლო კორუფციული გარიგებების ეჭვს”.

მიუხედავად ოფიციალური მიმართვისა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავარი პროკურატურა, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს აფეთქების ფაქტზე ამ დრომდე არ ახორციელებს ეფექტურ საგამოძიებო მოქმედებებს, რაც, საიას აზრით, გამოძიების ხელოვნურად გაჭიანურებასა და ხელიუსფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს;

“აქვე უარყოფითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ 2015 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საყდრისის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე თვით ადრე იმავე ორგანომ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხს.
2015 წლის 4 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულმა დაუსაბუთებელმა განჩინებამ, რომლის საფუძველზეც არ იქნა შეჩერებული საყდრისი-ყაჩაღიანისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნისა და კომპანიისთვის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა (აღების) უფლების მიცემის თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი არქეოლოგიური ობიექტის საბოლოო განადგურებას. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ 2015 წლის 4 თებერვალს მიღებული განჩინება, საფუძვლიან ეჭვს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით”.

ასევე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურამ უნდა ჩაატაროს დროული და ეფექტური გამოძიება და გამოავლინოსს ყველა ის პირი, რომლებიც 2014 წლის 13 დეკემბერს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის უკანონო აფეთქებასთან არიან დაკავშირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი