მძიმე მეტალი ტყვია სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისთვის, როგორც მუცლად ყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდებში. ნეტგაზეთი შეეცადა, შეეგროვებინა ზოგადი ინფორმაცია ტყვიით ინტოქსიკაციით გამოწვეულ საფრთხეებზე და მკურნალობის შესაძლო გზებზე.
სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ვერ შეცვლის ექიმის რეკომენდაციას, შესაბამისად, არ იმოქმედოთ თვითნებურად და ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე მიმართეთ ექიმს.
საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ლაბორატორიამ, ანონიმურობის დაცვის პირობით, „ამერიკის ხმას” მონაცემები გადასცა, რომელთა მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული 390 სისხლის ანალიზიდან ტყვია დასაშვებ რაოდენობას 129 შემთხვევაში აღემატებოდა. სურვილის შემთხვევაში, ანალიზის ჩატარება, რომელიც ორგანიზმში ტყვიის შემცველობას დაადგენს, თბილისის მასშტაბით რამდენიმე კლინიკაში შეიძლება. ასეთი გამოკვლევის ფასი 78 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა რამდენიმე კლინიკას, მათი სახელები და ფასები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ტყვიით ინტოქსიკაცია – მიზეზები და შესაძლო სიმპტომები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ტყვია, რომელიც მძიმე მეტალს წარმოადგენს, ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ საფრთხეს უქმნის ტვინს, ღვიძლს, თირკმელებსა და ძვლებს. თუმცა, ტყვიით ინტოქსიკაცია გარკვეული დროის შემდეგ ხდება. ის ორგანიზმში, ძვლებსა და კბილებში “რჩება” და დროთა განმავლობაში გროვდება. ორსულობის დროს ტყვია ძვლებიდან სისხლში გადადის და ხდება ემბრიონის დასხივება.
ტყვია განსაკუთრებით საშიშია იმიტომაც, რომ ორგანიზმში მცირე დოზით არსებობისას პაციენტს ხილული და განსხვავებული სიმპტომები არ აღენიშნება.
WHO-ის თქმით, არ არსებობს ორგანიზმში ტყვიის უსაფრთხო დონე. ორგანიზაციის თქმით, 5 მიკროგრამი/დეცილიტრზე, რომელიც ადრე ტყვიის დასაშვებ და უსაფრთხო ნორმად ითვლებოდა, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
რაც შეეხება ბავშვებს, WHO-ის ინფორმაციით, ადრეულ ასაკში ისინი, წყაროს არსებობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, დაუცველები არიან ტყვიით ინტოქსიკაციისგან, ვინაიდან მათი ორგანიზმი ზრდასრულებთან შედარებით 4-5-ჯერ უფრო მეტ ტყვიას ითვისებს. გარდა ამისა, მცირეწლოვან ბავშვებში ძლიერია ცნობისმოყვარეობა და ასაკისთვის ჩვეული ქცევა, რაც უცხო ნივთების პირში ჩადებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ბავშვმა, შესაძლოა, თავად აიღოს და გადაყლაპოს ისეთი ნივთი, რომელიც ტყვიას შეიცავს.
ტყვიით ინტოქსიკაცია ბავშვებში სავალალო შედეგებს იწვევს. დასხივების მაღალი დონის შედეგად, ტყვია ზიანს აყენებს ტვინსა და ცენტრალურნერვულ სისტემას, რაც კომის, კონვულსიებისა და სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ბავშვებს, რომლებიც ინტოკსიკაციის შემდეგ გადარჩენენ, აზროვნების დაქვეითება და ქცევითი დისფუნქციები აღენიშნებათ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, 2015 წლის კვლევის თანახმად, ტყვიის ზემოქმედების შედეგად 494 550 სიკვდილი დაფიქსირდა. ეს ნიშნული განსაკუთრებით მაღალი იყო განვითარებად ქვეყნებში. ტყვიის ზემოქმედება არ გულისხმობს მოწამვლას. აქ საუბარია ისეთ მიზეზებზე, როდესაც სისხლში ტყვიის არსებობამ პროვოცირება გაუწია სხვადასხვა, მათ შორის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებას და შედეგი იყო ფატალური.
ტყვიის ბუნებრივი წყარო დედამიწის ქერქია, თუმცა ადამიანების მიერ მიწის ბურღვამ და წიაღისეულის გადამუშავებამ, ტყვიას გავრცელების ფართო არეალი მისცა. ტყვია დიდი ოდენობით აღინიშნება რიგ საღებავებში, საწვავსა და კოსმეტიკაში.
მნიშვნელოვანია, რომ ტყვიას შეიძლება შეიცავდეს სათამაშოებიც და ჭურჭლებიც, განსაკუთრებით კი, ფაიფური.
რაც შეეხება შესაძლო სიმპტომებს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსაახურის ინფორმაციით, ტყვიის ინტოკსიკაციის სიმპტომები ბავშვებში შეიძლება იყოს:
- გაღიზიანებულობა და მოთენთილობა;
- მადისა და წონის დაკარგვა;
- მუცლის ტკივილი;
- გულის რევა;
- შეკრულობა;
- სმენის დაქვეითება;
- განვითარების შენელება და ინფორმაციის ათვისების უნარის დაქვეითება.
ზრდასრულებში სიმპტომები შეიძლება იყოს:
- მაღალი არტერიული წნევა;
- მუცლის ტკივილი;
- შეკრულობა;
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
- სახსრების ტკივილი, დაჭიმულობა ან მოდუნება;
- თავის ტკივილი;
- ნაყოფის დაკარგვა ან ადრეული მშობიარობა ორსულ ქალებში;
- მოთენთილობა;
- მეხსიერების დაკარგვა.
მკურნალობა
რაც შეეხება მკურნალობას, როგორც ნეტგაზეთს ტოქსიკოლოგმა სოსო კუტუბიძემ უთხრა, ორგანიზმში ტყვიის დონის დაწევა მედიკამეტოზურად შესაძლებელია, თუმცა მკურნალობის დაწყებას წინ აუცილებლად უნდა უძღოდეს ექიმის რეკომენდაცია.
“უპირველეს ყოვლისა, საჭიროა განისაზღვროს ორგანიზმში ტყვიის დონე. ამისთვის კი არსებობს სპეციალური ლაბორატორიები. პრობლემა ის არის, რომ კონკრეტულად რაიმე სიმპტომის ჩამოთვლა და თქმა, რომ გინდა თუ არა ეს ტყვიაა, რთულია. შესაბამისად, სასურველია, რომ ადამიანები წავიდნენ და ჩაიტარონ კვლევა. ამის შემდგომ კი არსებობს შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობა,” – გვითხრა ექიმმა.
სოსო კუტუბიძემ შეგნებულად არ დაასახელა იმ წამლების სახელები, რომლებსაც მკურნალობისას იყენებენ, ვინაიდან, მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ მოსახლეობის ნაწილი წამლების მიღებას ექიმის ზედამხედველობის გარეშე დაიწყებს.
„მკურნალობა არცთუ ისე რთულია, ხოლო წამლების ფასი – მისაღები. აღნიშნული წამლები საქართველოს ბაზარზზე არსებობს. თუმცა სწორედ ექიმმა უნდა განსაზღვროს წამლის დოზირება, ამიტომ, მათი თვითნებურად და ზედამხედველობის გარეშე მიღება ცალკე გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს”, – განმარტავს ტოქსიკოლოგი.
მისივე თქმით, მკურნალობის ერთ-ერთი გამოწვევა არის ის, რომ პაციენტი აუცილებლად უნდა მოშორდეს ტყვიის წყაროს, მისი დადგენა კი, ხშირ შემთხვევაში, რთულია.
“მკურნალობა არ ხდება ერთბაშად, ვინაიდან ტყვიის დაგროვებაც ორგანიზმში თანდათანობითია. მკურანლობას თავისი სქემა და მიდგომა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ თუ ვინმეს ტყვია აღმოაჩნდა ორგანიზმში, ეს კატასტროფა არ არის, კატასტროფული მდგომარეობა დგება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ ორგანიზმს უყურადღებოდ ტოვებს და გაკრვეული პრობლემების, მათ შორის, სისხლ-ძარღვითი გართულებების, შემდეგ მიმართავს ექიმს და აღმოაჩენს, რომ ამის მიზეზი ტყვია შეიძლება იყოს,” – განმარტავს სოსო კუტუბიძე.
2018 წელს საქართველოში მოსახლეობის ორგანიზმში ტყვიის დონის დასადგენად კვლევა ჩატარდება. მასში მონაწილეობას დაავადებათა კონტოლის ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტრო, UNICEF, ამერიკის CDC (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) და იტალიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი მიიღებს. კვლევა 2-დან 10 წლამდე ბავშვებში ჩატარდება, ხოლო ანალიზები იტალიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში გაიგზავნება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას თქმით, საქართველოში ჩატარებული 2017 წლის კვლევის მიხედვით, ტყვია საკვებსა და წყალში არ აღმოუჩენიათ. მისივე თქმით, ჯერ კიდევ დასადგენია მისი დონე ნიადაგსა და ჰაერში.
თუმცა, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. კერძოდ, ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც საკითხი აქტუალური გახდა, სააგენტომ თქვა, რომ ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ მათ ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში მიიღეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის შეტყობინება. ამის შემდეგ სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს სუნელების 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა ერთ შემთხვევაში გამოვლინდა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2018 წლის თებერვალში საშიში სუნელების დამზადების ბრალდებით ერთი მეწარმე დააკავა.
საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობაზე, ინფორმაცია გაავრცელა პროექტმა momkhmarebeli.ge. მათ გამოაქვეყნეს იმ პროდუქტები, რომლებიც სურსათის უვნებლობის სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ ტყვიის დასაშვებ ოდენობაზე მეტი აღმოჩენილია არა მხოლოდ სუნელებში, არამედ – ხორცში, რძეში, თხილში და სასმელ წყალშიც კი. პროდუქტები 2015-2017 წლებშია შემოწმებული.
ნიუ-იორკის კანდაცვის დეპარტამენტი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს უკვე რამდენიმე წელია აფრთხილებს, რომ ტყვიის საგანგაშო დოზა არაერთხელ აღმოაჩინეს საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში.