ახალი ამბებისაზოგადოება

ონკოპაციენტები მთავრობისგან კვლავ ითხოვენ დაფინანსების 25 000-იანი ლიმიტის მოხსნას

26 თებერვალი, 2024 • 876
ონკოპაციენტები მთავრობისგან კვლავ ითხოვენ დაფინანსების 25 000-იანი ლიმიტის მოხსნას

დღეს, 26 თებერვალს, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან ორგანიზაციამ „კავშირი სიცოცხლისთვის“ გამართა პრესკონფერენცია მოთხოვნით, მოიხსნას ონკოპაციენტებისთვის 25 000-ლარიანი წლიური ლიმიტი და დაფინანსდეს მკურნალობა სრულად. აგრეთვე, მათ მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.

„ჩვენ 12 თებერვალს შევიტანეთ პრემიერთან წერილი. ამის შემდეგ დაგვიკავშირდა ჯანდაცვის სამინისტრო და 16 თებერვალს გვქონდა მათთან შეხვედრა. სამინისტროში შეხვედრა იყო არაპროდუქტიული, რადგან კონკრეტული პასუხები ვერც ერთ კითხვაზე ვერ გვითხრეს.

ვერ გვითხრეს, როდის გასწორდება ეს ხარვეზები. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენ ისევ შევიტანთ წერილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან პირადად შეხვედრის მოთხოვნით, რადგან ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ პრემიერს შეუძლია ჩვენი დახმარება“, — ამბობს ორგანიზაციის „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე.

გვანცა აფხაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტები ვერ იღებენ სრულფასოვან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვის სერვისებს და მიმართავენ ყველა სამთავრობო სტრუქტურას დახმარებისთვის.

„ასევე ვაპირებთ მივმართოთ თხოვნით საელჩოებსაც, რადგან ის ონკოპაციენტები, რომლებმაც მოახერხეს უკანასკნელი სახსრებით ემიგრაციაში წასვლა თავის გადარჩენის მიზნით, არ გამოაგდონ მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ გახდება სრულფასოვანი მკურნალობა ხელმისაწვდომი“, — ამბობს გვანცა აფხაიძე.

ორგანიზაციის „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა კიდევ ერთი აქცია დააანონსა — ისინი პროტესტის გამოსახატად მორიგ ჯერზე 3 მარტს, 15 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან და ასე შეეცდებიან, ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას.

ორგანიზაციის „კავშირი სიცოცხლისთვის“ წარმომადგენელი ვანო იორამაშვილი ამბობს, რომ მთელი სისტემა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე ორიენტირებული უნდა იყოს.

„რაც უფინანსდებათ, ის წამლებიც ვერ მიუღია ხალხს. პრობლემა არის წამლების დეფიციტი, მუდმივი წყვეტა და მკურნალობის დაგვიანება, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს რეციდივებს და ეს მიუღებელია. ეს სისტემა არ არის ადამიანის სიცოცხლეზე გათვლილი, ამიტომ უნდა მიეწოდებოდეს პაციენტს სრული, უწყვეტი და დროული მკურნალობა“, — ამბობს ვანო იორამაშვილი.

მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც ნოემბრიდან და დეკემბრიდან ელოდებიან დაფინანსების პასუხებს და ვინც მიიღო პასუხი, ფიზიკურად ვერ იღებს წამალს, რადგან ქვეყანაში ამ წამლის მარაგი ამოწურულია და არ იშოვება.

„სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ შემოიტანდა 13 მედიკამენტს, რომლებიც იქნებოდა უფასო. არ არის ეს მედიკამენტები უფასო, ლიმიტს აკლდება. უკვე აღარც კერძო აფთიაქებში იშოვება. თუ რაიმეს შოვნა შეიძლება, მხოლოდ შავ ბაზარზე, რაც რამდენად უსაფრთხოა, ვერავინ იტყვის“, — უთხრა იორამაშვილმა ნეტგაზეთს.

ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „მინდა ვიცოცხლო!“,  მთავრობის კანცელარიასთან 12 თებერვალსაც გამართა.

12 თებერვლის აქციის დასასრულს ორგანიზაციის „კავშირი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელმა გვანცა აფხაიძემ განცხადება მთავრობის კანცელარიაშიც შეიტანა, რომლის განხილვაც 10 დღის ვადაში უნდა დაწყებულიყო, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ ყოფილა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი