ახალი ამბებისაზოგადოება

ხორცი, წყალი, რძე – პროდუქტები, რომლებშიც ტყვია დასაშვებ ოდენობაზე მეტია

27 ივლისი, 2017 • 8047
ხორცი, წყალი, რძე – პროდუქტები, რომლებშიც ტყვია დასაშვებ ოდენობაზე მეტია

პროექტი momkhmarebeli.ge იმ პროდუქტების სიას აქვეყნებს, რომლებიც სურსათის უვნებლობის სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე შეამოწმა. აღმოჩნდა, რომ ტყვიის დასაშვებ ოდენობაზე მეტი აღმოჩენილია არა მხოლოდ სუნელებში, არამედ – ხორცში, რძეში, თხილში და სასმელ წყალშიც კი. პროდუქტები 2015-2017 წლებშია შემოწმებული.

[blue_box]სუნელები[/blue_box]

სუნელ-სანელებლებში ტყვიის დასაშვები ოდენობა 5მგ/კგ-ს არ უნდა აჭარბებდეს. თუმცა საქართველოში ბაზარზე არის ისეთი სუნელები, რომლებშიც ტყვიის შემცველობა 7.06მგ/კგ-ია. სუნელების შემთხვევაში, ნორმის დამრღვევი მწარმოებლები სამეგრელოდან არიან: შ.პ.ს. “ჯეო”, ინდმეწარმე ელგუჯა ჯახაია, მადონა თოდუა, გიგა შარანგია.

[blue_box]სასმელი წყალი[/blue_box]

ტყვიის დასაშვებ დონეზე მაღალი შემცველობა აღმოჩენილია სასმელ წყალშიც კი. წყალში ტყვიის ოდენობა ძალიან დაბალი შემცველობითაა დასაშვები ( 0.01მ/ლ). ჭიათურაში, სოფელ ხალიფაურში არსებულ წყალსადენიდან ამოღებულ წყლის ნიმუშში კი ტყვიის შემცველობა 0.0015მ/ლ-ია. ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩენილია მინერალურ წყალში “მარეთი”, რომელსაც შპს “მარეთი” აწარმოებს.

[blue_box]ხორცი[/blue_box]

ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩენილია როგორც ღორის, ისე საქონლის ხორცში. თუმცა ღორის ხორცის მხოლოდ ერთი შემთხვევაა. ხორცში ტყვიის ოდენობა 0.10 მგ/კგ-ს არ უნდა აჭარბებდეს. ტყვიის მაღალი შემცველობით ხორცი აღმოჩენილია ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, კასპში, საჩხერეში, ზუგდიდში, ონში.

ტყვიის მაღალი შემცველობით ხორცს აწარმოებენ შპს “ზურდერი”,  შპს “ველიანი”, შპს “ექიმბექი” ,შპს “ორი გიო” შპს “ჰალალ ჯგუფი”, შპს “გიგილუ”, შპს”აგრომითი”, შპს “გურია” შპს “ერთობა”, შპს “ნაზი” შპს “ნიკორა”, შპს “ქუთათური”, შპს “ბოჩოლა”. შპს ‘მაოლტა”, შპს “ანჩოუსი” შპს “ნუსრეთ ჯორჯია”.

[blue_box]რძე[/blue_box]

ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩენილია რძეში. რძეში ტყვიის დასაშვები ნორმა 0.020 მგ/კგ-ია. უფრო მაღალი ტყვიის შემცველობით რძე ამოიღეს ხულოდან და ქუთაისიდან, ხოლო მწარმოებლები  შპს “კახაბერი 777” და შპს “ათინათი” არიან.

[blue_box]სხვა პროდუქტები[/blue_box]

ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩენილია თევზში, კვერცხში, შპს “ეკო ჯორჯიას” მარილში. შპს “აგრო გრუპ ჯორჯიას” თხილში (დაუფასოებელი), შპს “რუნის” ნალექიან ყავაში.


ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოსახლეობას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომ არ გამოიყენონ ქართული სანელებლები – მასში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო. ქართველი მომხმარებლების ნაწილისთვის ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო. On.ge-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ 25 გამოკვლეული ნიმუშიდან ტყვიას ოთხი მათგანი შეიცავდა.

პედიატრი მაკა ლომიძე ამბობს, რომ ტყვიით ინტოქსიკაცია მოზრდილში ან უფროსი ასაკის ბავშვში რაიმე განსაკუთრებული კონკრეტული ნიშნებით არ გამოირჩევა ხოლმე, თუ ლაპარაკი არ არის ტყვიით მწვავე ინტოქსიკაციაზე.

“მაგრამ პატარებში, განსაკუთრებით, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც განვითარების სპექტრის რაღაც შეფერხება აქვთ, აქ შედის როგორც აუტისტური სპექტრის პრობლემები, ასევე არა ამ სპექტრში შემავალი სხვა განვითარების ჩამორჩენები, ამ დაავადებების დროს ყოველთვის ინიშნება ტყვიით მოწამვლაზე ანალიზი,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ ტყვიით მწვავე ინტოქსიკაციაზე არ არის საუბარი, რაიმე კონკრეტული მკურნალობა არ ინიშნება და ექიმი ცდილობს გაარკვიოს, რითი შეიძლება ყოფილიყო ეს გამოწვეული, რა გარემოა, რა საკვებია და ასე შემდეგ.

“უნდა შეისწავლო გარემო, საკვები, ყველაფერი და უნდა დაადგინო, სად აქვს კონტაქტი პაციენტს და ეს კონტაქტი აღმოფხვრა. დროთა განმავლობაში, ამ კონტაქტების გაწყვეტის შემდეგ, ტყვიის რაოდენობა ორგანიზმში იკლებს. ჩვენს შემთხვევაში ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება იმიტომ, რომ სახლში ვერავისთან მივალ და რომც მივიდე, რით გამოვიკვლევ? ჩვენთან, ფაქტობრივად, ეს წარმოუდგენელი ამბავია,”- ამბობს პედიატრი.

ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი