ახალი ამბები

როგორ აკონტროლებს საქართველო ტყვიით დაბინძურებას

12 ივლისი, 2017 • 4860
როგორ აკონტროლებს საქართველო ტყვიით დაბინძურებას

როგორ აკონტროლებენ საქართველოში, თუ რამდენად არის დაბინძურებული ტყვიით საკვები, გარემო და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურად მოიხმარენ, არიან მოქალაქეები ინფორმირებული იმის შესახებ, უწევთ თუ არა შეხება ტყვიით დაბინძურებულ ნივთებთან, რაც მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია?

“სურსათის გარდა, ჩვენთან სხვა ნივთებზე კონტროლი, პრაქტიკულად, არ ხორციელდება… ეს იქნება სათამაშოები, საღებავები, სამშენებლო მასალები, ავეჯი და სხვა ნივთები. იქ თავისუფლად შეიძლება იყოს ტყვიაც და სხვა მომწამვლავი ნივთიერებები,”- გვეუბნება სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე. 

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც სურსათზე ჰქონდა სრული ინფორმაცია ქართველ მომხმარებელს.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მოსახლეობას გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომ არ გამოიყენონ ქართული სანელებლები – მასში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო. ქართველი მომხმარებლების ნაწილისთვის ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო. On.ge-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა კვლევა და აღმოჩნდა, რომ 25 გამოკვლეული ნიმუშიდან ტყვიას ოთხი მათგანი შეიცავდა. კანონი ამ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღებას ითვალისწინებს. სააგენტოს დაბინძურებული პროდუქციის მწარმოებელი არ დაუსახელებია.

[red_box]სურსათი[/red_box]

საქართველოში საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციაა.

სააგენტო ამბობს, რომ ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის შესახებ მათ ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში მიიღეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის შეტყობინება. ამის შემდეგ სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს სუნელების 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა ერთ შემთხვევაში გამოვლინდა.

სააგენტო ყოველწლიურ ანგარიშებს საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. არც 2015 წლის ანგარიშში და არც 2015 წლის ინსპექტირების შედეგებში არაფერი ყოფილა ნათქვამი სანელებელში ტყვიის აღმოჩენის შესახებ.

“სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” დაინტერესდა, თუ რატომ არ გაავრცელა სააგენტომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის შეტყობინება ქართულ სანელებლებში ტყვიის შემცველობაზე. მათივე განცხადებით, რადგან სააგენტო არ უთითებს ტყვიით დაბინძურებული სანელებლების მწარმოებლის დასახელებებს, შესაბამისად, ვერ იცავს მომხმარებლებს მავნე სანელებლების მოხმარებისაგან.

რაც შეეხება სხვა სურსათში ტყვიით დაბინძურების კვლევას, ნეტგზეთთან საუბრისას სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ ლაბორატორიული კვლევის ფარგლებში იკვლევენ მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობასაც. 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ აიღეს და ლაბორატორიაში ჩააბარეს სურსათის 3 244 ნიმუში. თუმცა ანგარიშში არ წერია იმის შესახებ, თუ რა აჩვენა ამ ნიმუშების შემოწმებამ.

უშუალოდ აღებული ნიმუშების შემოწმების შედეგებზე სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ 2013 და 2014 წლების მონაცემები მოიპოვება.

ტყვია ფიგურირებს 2013 წელს აღებული ნიმუშების გამოკვლევაში, თუმცა არა სანელებლებთან, არამედ მარილთან დაკავშირებით. დოკუმენტის თანახმად, გამოკვლეული მარილის 6 ნიმუშიდან ერთში ტყვიის მაღალი  შემცველობა (3,2 მგ/კგ, ნორმა ≤2,0) აღმოჩნდა.

[blue_box]აშშ-ში ემიგრირებული ქართული ოჯახის ისტორია[/blue_box]

ავტორიტეტულ პედიატრიულ ელექტრონულ ჟურნალში (AAP) მოყვანილია შემთხვევა, როდესაც 2005 წელს ბოსტონში საქართველოდან ემიგრირებული ოჯახის ერთ-ერთი ბავშვის სისხლში რუტინული სკრინინგის დროს ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. სხვა მხრივ ბავშვები ჯანმრთელები იყვნენ და არც უმადობა, არც განვითარების შეფერხება არ აღენიშნებოდათ.

ოჯახი 2003 წელს ემიგრირდა აშშ-ში. როგორც მათ თქვეს, საქართველოში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, რომელიც 1960-იან წლებში იყო აშენებული და არ ჰქონდა მსხვრევადი საღებავი ან ბათქაში. 2004 წელს, როდესაც ბავშვების სისხლში ტყვია აღმოაჩინეს, აშშ-ში მათ სახლში შემოწმება ჩატარდა. ადგილი, რომელიც ტყვიით იყო დაბინძურებული, აღმოჩნდა ღუმელის მიმდებარე ტერიტორია მისაღებ ოთახში. მშობლები ეჭვობდნენ, რომ ეს არ იქნებოდა ბავშების სისხლში ტყვიის მოხვედრის წყარო, რადგანაც ბავშვები ოთახში მცირე დროს ატარებდნენ. ტყვიით დაბინძურების რაიმე წყარო სახლთან ახლოს არ არსებობდა, ასევე ოჯახი საკვების მოსამზადებლად არ იყენებდა იმპორტირებულ ჭურჭელსა და თიხას.

2004 წლის თებერვალში შემოწმებული ორი ბავშვიდან ორივეს ორგანიზმში ტყვია აღემატებოდა ნორმას ( 22-37 მიკროგრამი/დეცილიტრზე. როდესაც მაჩვენებელი 10 მკგ/დლ-ს აღემატება, უკვე შემაშფოთებელი მაჩვენებელია).

ოჯახის დანარჩენი ოთხი შვილი 2004 წლის მაისში შეამოწმეს და მათ ორგანიზმშიც აღემატებოდა ტყვია დასაშვებ მაჩვენებელს (21-29 მგ/დლ).

სანელებლები, მათ შორის, სვანური მარილი და ხარჩოს სურნელი, ვიდრე ოჯახი ამერიკაში წავიდოდა, დედამ 2003 წელს თბილისში, ქუჩის ბაზრობაზე იყიდა. ამ სანელებლებს ოჯახი გულუხვად, თითქმის ყველა კერძში იყენებდა.  ეს სანელებლები შესამოწმებლად სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად წაიღეს. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სანელებლებში ტყვიით დაბინძურება 23 100 მგ/კგ-ს აღწევდა. სხვა ნივთი, რომელიც ლითონით დაბინძურების წყარო იქნებოდა, ოჯახში არ აღმოუჩენიათ.

4-კვირიანი მკურნალობისა და სანელებლების მოხმარების სრული შეწყვეტის შემდეგ ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობა შემცირდა.

[red_box]როგორ უშლის ხელს ექიმს საქართველოში ტყვიაზე კომპლექსური კვლევების არარსებობა[/red_box]

პედიატრი მაკა ლომიძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ტყვიით ინტოქსიკაცია მოზრდილში ან უფროსი ასაკის ბავშვში რაიმე განსაკუთრებული კონკრეტული ნიშნებით არ გამოირჩევა ხოლმე, თუ ლაპარაკი არ არის ტყვიით მწვავე ინტოქსიკაციაზე.

“მაგრამ პატარებში, განსაკუთრებით, ორ წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებსაც განვითარების სპექტრის რაღაც შეფერხება აქვთ, აქ შედის როგორც აუტისტური სპექტრის პრობლემები, ასევე არა ამ სპექტრში შემავალი სხვა განვითარების ჩამორჩენები, ამ დაავადებების დროს ყოველთვის ინიშნება ტყვიით მოწამვლაზე ანალიზი,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ ტყვიით მწვავე ინტოქსიკაციაზე არ არის საუბარი, რაიმე კონკრეტული მკურნალობა არ ინიშნება და ექიმი ცდილობს გაარკვიოს, რითი შეიძლება ყოფილიყო ეს გამოწვეული, რა გარემოა, რა საკვებია და ასე შემდეგ.

“უნდა შეისწავლო გარემო, საკვები, ყველაფერი და უნდა დაადგინო, სად აქვს კონტაქტი პაციენტს და ეს კონტაქტი აღმოფხვრა. დროთა განმავლობაში, ამ კონტაქტების გაწყვეტის შემდეგ, ტყვიის რაოდენობა ორგანიზმში იკლებს. ჩვენს შემთხვევაში ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება იმიტომ, რომ სახლში ვერავისთან მივალ და რომც მივიდე, რით გამოვიკვლევ? ჩვენთან, ფაქტობრივად, ეს წარმოუდგენელი ამბავია,”- ამბობს პედიატრი.

მისივე თქმით, მსგავსი კომპლექსური კვლევების ჩატარებას ერთი ექიმი ან ერთი კლინიკა ვერ შეძლებს და ეს ქვეყნისთვის გლობალური საკითხია. 

რას აკეთებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ტყვიით დაბინძურებასთან დაკავშირებით ცენტრს მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქცია აკისრია და ისინი მოსახლეობას აცნობენ ტყვიის საშიშროების შესახებ:

“სამწუხაროდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრს მხოლოდ ერთი შეუძლია გააკეთოს ამ მხრივ: ეს არის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია ტყვიის საშიშროების შესახებ… რომ მოსახლეობა გათვითცნობიერებული იყოს ტყვიის საშიშროების შესახებ, რომ არსებობს ასეთი საშიშროება, განსაკუთრებით, ეს არის ძველი საღებავები და ბავშვს თუ სიმპტომები აქვს, პედიატრებმა იფიქრონ იმაზე, ამასთან ხომ არ არის დაკავშირებული,”- ამბობს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, ტყვიით მძიმე ინტოქსიკაცია იშვიათია, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები საქართველოშიც მომხდარა. იმნაძე განმარტავს, რომ ის შემთხვევა დაკავშირებული იყო ბავშვის საცხოვრებელ სახლში, სადაც რემონტი დაახლოებით 60 წელი არ გაკეთებულა, ძველი საღებავების არსებობასთან.

“ძველი საღებავები ძალიან დიდი  რაოდენობით შეიცავდნენ ტყვიას. ახალ საღებავებში ან არ არის, არ ძალიან ცოტაა. ეს არის ძველი საღებავების პრობლემა,”- განაცხადა იმნაძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოსტერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოსტერი

კითხვაზე, აქვს თუ არა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ტყვიით ინტოქსიკაციების სტატისტიკა, იმნაძე გვეუბნება, რომ არა:

“ეს არის ერთეული შემთხვევები, რომლებიც ჩვენამდე მოდის, რომ ეს ნამდვილად იყო ტყვიით მოწამვლა. მაგრამ ისეთი, რომ სტატისტიკაში ცალკე იყოს ტყვიით მოწამვლები, ასე არ არის იმიტომ, რომ ამის დადგენა, პრაქტიკულად, არ ხდება ხოლმე. ანუ, ჩვენ რომ შეგვატყობინონ, ხომ უნდა დასვან დიაგნოზი, რომ ეს ტყვიით მოწამვლაა,”-განაცხადა მან.

[blue_box]სკოლები და საბავშვო ბაღები[/blue_box]

ნეტგაზეთი დაინტერესდა, არსებობს თუ არა ძველი საღებავების პრობლემა სკოლებსა და ბაღებში. ამისათვის მივმართეთ განათლების სამინისტროს და თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს, რათა გაგვერკვია, რამდენ სკოლასა და ბაღში იყო ძველი რემონტი.

როგორც სამინისტოში, ასევე ბაგა-ბაღების სააგენტოში მსგავსი პასუხები გაგვცეს – რომ ზუსტად ამ ციფრის თქმა შეუძლებელია, ვინაიდან ზოგიერთ სკოლაში, შესაძლოა, სამინისტრო რამდენჯერმე შევიდეს სარემონტო სამუშაოებისთვის და პირველ ეტაპზე სკოლა მხოლოდ ნაწილობრივ გაარემონტოს. გარდა ამისა, როგორც სამინისტროში, ასევე ბაღების სააგენტოში განაცხადეს, რომ არის შემთხვევები, როდესაც რემონტს სკოლა ან ბაღი თავისით აკეთებს და არ ათანხმებს მათთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოსტერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პოსტერი

გარემო

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, მარინა არაბიძე გვეუბნება, რომ ტყვია საქართველოში ჰაერში დასაშვებ ოდენობას არ აჭარბებს. ტყვიის მაჩვენებლები ამჟამად იზომება საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.

“ანალიზების საფუძველზე ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ასეთი დაბინძურება ჰაერში ჩვენ არ გვაქვს…  ჰაერში, იმ წერტილებში, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტო ატარებს მონიტორინგს, არ აღემატება ნორმას კი არა, ნორმაზე ბევრად დაბალია. სინჯების აღება ხდება დაახლოებით 1-1,5 მეტრის სიმაღლიდან, რაც ადამიანის ჩასუნთქვის ორგანოებთან ახლოს არის,- ამბობს არაბიძე.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, იღებს თუ არა სინჯებს გარემოს ეროვნული სააგენტო სხვადასხვა შენობაში არსებული ჰაერიდან. მარინა არაბიძე განმარტავს, რომ გარემოს ეროვნული მონიტორინგი საცხოვრებელ და საწარმოო ზონებს არ ეხება.

[yellow_box]რა ღირს საქართველოში ტყვიის ანალიზის აღება?[/yellow_box]

საქართველოში ტყვიის შემცველობაზე ანალიზი რამდენიმე ლაბორატორიაში კეთდება, მათ შორის, “ლიმბახში”, “გლობალმედში”, “ავერსის კლინიკაში”. ფასები მსგავსია – სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა  99-104 ლარი ღირს.

ამ ლაბორატორიებში ამბობენ, რომ სისხლის ანალიზს ადგილზე იღებენ, თუმცა შემდეგ გერმანიაში გზავნიან, პასუხის გაგება კი საშუალოდ ერთი კვირის ვადაში არის შესაძლებელი.

რა იგეგმება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ევროკავშირთან ასოცირების გეგმის ფარგლებში არის გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის სისტემების დანერგვა სხვადასხვა მიმართულებით.

ამ გეგმის თანახმად, 2018-2022 წლებში უნდა შემუშავდეს სახელმძღვანელოები/ინსტრუქციები ბაზარზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით შემდეგ სფეროებში: სათამაშოები, ელექტრომოწყობილობები, პერსონალური დაცვის მოწყობილობები (PPE), სამანქანო დანადგარები, სამშენებლო მასალები, აირსაწვავზე მომუშავე მოწყობილობები, სამოქალაქო მოხმარების ფეთქებადი ნივთიერებები და ფეთქებად გარემოში მომუშავე მოწყობილობები, გაზომვის საშუალებები, არაავტომატური საწონი საშუალებები.

“არის მიმართულებები- ტანსაცმელი, ავეჯი, რომლზე კონტროლი საერთოდ არც ერთ გეგმაში არ არის გათვალისწინებული, ან ნორმატიული ბაზა როდის შეიქმნება, ან კონტროლი როდის დაიწყება,”- გვეუბნება ვახტანგ კობალაძე.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მოუწოდებს სურსათის ეროვნულ სააგენტოს:

  • საქართველოს ბაზარზე განთავსებული სუნელების შემოწმების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს. კერძოდ, მიუთითოს, სულ მცირე, იმ მწარმოებლების სახელწოდებები, რომელთა პროდუქციაშიც ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა. აგრეთვე, მიუთითოს მის ხელთ არსებული დამატებითი მონაცემები, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მავნე სუნელების იდენტიფიცირება მოახდინონ.
  • გადახედოს მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების, ასევე, შესაბამის შემთხვევებში, სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას და შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მოქალაქეთა ინტერესებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი