ახალი ამბები

რა ღირს და სად შეგიძლიათ სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმება

24 ივლისი, 2018 • 15470
რა ღირს და სად შეგიძლიათ სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმება

საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ლაბორატორიამ, ანონიმურობის დაცვის პირობით, „ამერიკის ხმას” მონაცემები გადასცა, რომელთა მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში გაკეთებული 390 სისხლის ანალიზიდან ტყვია დასაშვებ რაოდენობას 129 შემთხვევაში აღემატებოდა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ასევე, ცალკეულ კლინიკებს, რათა გაერკვია, თუ რა ღირს სისხლში ტყვიის შემცველობის განმსაზღვრელი ანალიზი და სად არის მისი გაკეთება შესაძლებელი.

როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც ჩვენ დავუკავშირდით, სისხლში ტყვიის განმსაზღვრელი ანალიზის ჩატარება 78 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ კვლევას ატარებს მხოლოდ რამდენიმე ლაბორატორია. მათი ინფორმაციით, ანალიზის საშუალო ფასი 90-110 ლარია.

ნეტგაზეთმა დაურეკა 6 კლინიკას (“მრჩეველს”, ღუდუშაურის, იაშვილის, ტატიშვილის, რესპუბლიკურსა და იაშვილს), სადაც გვითხრეს, რომ ორგანიზმში ტყვიის კონცენტრაციის დადგენა მხოლოდ ტატიშვილის კლინიკასა და “მრჩეველშია” შესაძლებელი.

ტატიშვილის კლინიკაში სისხლის სპეციალური ანალიზის ჩატარება 130 ლარი ღირს. კლინიკის საინფორმაციო ცენტრის თქმით, მას შემდეგ, რაც პაციენტს სისხლის ანალიზს აუღებენ, მონაცემები გერმანიაში იგზავნება, საიდანაც პასუხი 7- 10 სამუშაო დღეში ბრუნდება.

რაც შეეხება კლინიკა “მრჩეველს”, აქ ანალიზის ჩატარება 109 ლარი ღირს, მათი საინფორმაციო სამსახურის თქმით, მონაცემები გერმანიაში იგზავნება, საიდანაც პასუხი 1 კვირაში ჩამოდის.

გარდა ტატიშვილის კლინიკისა, აღნიშნულ ანალიზს საქართველოში ლაბორატორია Medi Prive ატარებს.  როგორც ნეტგაზეთს “მედიქოლში” უთხრეს, ანალიზი კომპლექსურია და ორგანიზმში სამი ნივთიერების – ტყვია, მანგანუმი, თუთია – აღმოჩენას ემსახურება.

გარდა ამისა, ანალიზს აკეთებენ “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში”. როგორც კლინიკის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერია, სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენა აქ 79 ლარად შეიძლება.

აღნიშნული ანალიზი შეიძლება კეთდებოდეს სხვა კლინიკებსა და ლაბორატორიებშიც, რომელსაც ნეტგაზეთი არ დაკავშირებია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებდაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას თქმით, სახელმწიფო თავად გეგმავს, მოქალაქეების ორგანიზმში რკინის შემცველობის დონე დაადგინოს.

დაავადებათა კონტოლის ცენტრი, ჯანდაცვის სამინისტროსთან, UNICEF-თან, ამერიკის CDC-თან (დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი) და იტალიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტთან ერთად, ვგეგმავთ კვლევას, რომელიც დაიწყება სექტემბერში. ეს არის ინდიკატორული კვლევა, რომელსაც ისედაც აპირებდა UNICEF, თუმცა,  ჯანდაცვის სამინსიტროსა და დაავადების ცენტრის თხოვნით, კვლევაში ტყვიის მოდულის დამატებაც მოხდა. კვლევა 2-დან 10 წლამდე ბავშვებში ჩატარდება, ხოლო ანალიზები იტალიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტში გადაიგზავნება,” – განმარტავს ლელა სტურუა.

როგორც დაავადებათა კონტროლის წარმომადგენელი განმარტავს, საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა ტყვია სისხლში დასაშვებ ნორმას (ვენიდან აღებულ სისხლში ტყვიის 5 მგკ/დლ) მაინც აღემატება.

დაავადებათა კონტროლის ვებსაიტზე წერია, რომ მძიმე მეტალი ტყვია სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ტყვია განსაკუთრებით საშიშია ბავშვის ორგანიზმისათვის როგორც მუცლად ყოფნის პერიოდში, ასევე, დაბადების შემდგომ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ტყვიით მოწამვლის შემთხვევები მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ტყვიის ექსპოზიციაზე მოდის დაავადებათა გლობალური ტვირთის 1%.  განვითარებად ქვეყნებში ბავშვებში აღრიცხული გონებრივი ჩამორჩენილობის 15-20% ტყვიის ექსპოზიციას უკავშირდება.

დღეისათვის ცნობილია, რომ ბავშვთა ჯანმრთელობისათვის მავნეა ტყვიის ნებისმიერი დონის ექსპოზიცია. რაც შეეხება მის წყაროებს, ტყვია გვხდება საღებავში, რომლებსაც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებენ, ჰაერში, ნიადაგსა და რიგ შემთხვევაში საკვებსა და ნიადაგშიც.

ლელა სტურუას თქმით, საქართველოში ჩატარებული 2017 წლის კვლევის მიხედვით, ტყვია საკვებსა და წყალში არ აღმოუჩენიათ.

ნიუ-იორკის კანდაცვის დეპარტამენტი ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს უკვე რამდენიმე წელია აფრთხილებს, რომ ტყვიის საგანგაშო დოზა არაერთხელ აღმოაჩინეს საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში.

გაიგეთ უფრო მეტი:

ტყვია ქართულ სუნელებში – ერთი წლის შემდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი