ახალი ამბები

საზღვაო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკით აღჭურვილი გემები ანაკლიის პორტისკენ დაიძრნენ

20 ივლისი, 2018 • 2709
საზღვაო სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკით აღჭურვილი გემები ანაკლიის პორტისკენ დაიძრნენ

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინფორმაციით, საქართველოსკენ მოემართებიან საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ის საინჟინრო გემები, რომლებმაც ანაკლიაში საზღვაო მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკას უნდა ჩამოიტანონ.

როგორც კონოსორციუმი აცხადებს, გემები საქართველოში უახლოეს დღეებში იქნებიან. ისინი დატვირთულია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკითა და სადრენაჟო სისტემით, რომელიც დიდი რაოდენობით ქვიშის გადატანაზე სპეციალიზდება. მალევე, ანაკლიის სანაპიროზე შემოვა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც ფსკერის დაღრმავებისა და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების და ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს.

„მობილიზაცია დავიწყეთ. გემები საქართველოში მოემართებიან როტერდამიდან და დუბაიდან და მათ მალევე მოჰყვება დიდი დამაღრმავებელი. გემები დატვირთულია თანამედროვე ტექნიკით და სადრენაჟო სისტემით, რომლებსაც 2.5 კილომეტრის სიგრძეზე ზღვიდან ხმელეთამდე განვათავსებთ. ამის შემდეგ კი მივიღებთ გემს, რომელიც Van Oord-ის კუთვნილი უდიდესი დამაღრმავებელი გემია. გვეამაყება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ნაწილი ვართ და ერთად ვმუშაობთ მისი განვითარებისთვის“, – განაცხადაVan Oord-ის პროექტის ხელმძღვანელმა იან ბრუინსმამ, რომელიც ანაკლიას ესტუმრა. მისი კომენტარი ნეტგაზეთს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან” მიაწოდეს.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ცნობით, საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის და საინჟინრო გადაწყვეტის საზღვაო სამუშაოები ანაკლიაში 2018 წლის აგვისტოში იწყება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ჰოლანდიური საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.

ანაკლიის პორტის მომავალთან დაკავშირებით კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ კი, ჯერ კიდევ დამტკიცებამდე, დეპუტატებთან თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი არის ქვეყნის “აბსოლუტურად განსახილველი” პრიორიტეტი.

“აქ არის საუბარი ამ საკითხის კომპლექსურად შესწავლაზე და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ამას,” – განმარტა ქობულიამ.


ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო. ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება. საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაში მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიები არიან ჩართული.

ანაკლიის პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა ცხრა ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონას, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონაა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონისა)

ქართული მედიის ნაწილი ბოლო პერიოდის განმავლობაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის ნაწილი ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირების საგანი იყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილს კვირიკაშვილთან კრიტიკული კითხვები ჰქონდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პორტის მშენებლობის იდეას მხარი ღიად დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი