ახალი ამბები

ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული — ევროკომისარი

14 დეკემბერი, 2023 • 890
ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული — ევროკომისარი

ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანი ამბობს, რომ ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული და გამორიცხული არ არის, საქართველოს მთავრობასთან დისკუსიებისას „ალტერნატიული გადაწყვეტილებები წარმოიშვას“.

პორტში შესაძლო ჩინურ ინვესტიციასთან დაკავშირებით ევროკომისარმა თქვა, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია.

„ჩინური ინვესტიციები ევროპაშიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკურენტები ვართ გლობალურ ბაზარზე, მაგრამ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, ვისგან და რა სახის ინვესტიციებს მიიღებს. ჩვენ პირობებს ვერ დავაწესებთ. მე ვიცი, რომ ევროპაშიც არიან კომპანიები, რომლებსაც დიდი ინტერესი აქვთ ამ პორტის მიმართ. და როდესაც იქნება დებატები თქვენს ხელისუფლებასთან, ვფიქრობ, ალტერნატიული გადაწყვეტილებებიც შეიძლება წარმოიშვას“, — განაცხადა ევროკომისარმა ტრანსპორტის საკითხებში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორს არჩევს, რომელთან ერთადაც უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, რომელსაც მთავრობა არ ასახელებს. თუმცა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები არიან.

მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი ისრაელიდანაა, ხოლო მეორე- ასევე ჩინეთიდან.

შესაბამისად, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გახმიანებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, აზერბაიჯანულ კომპანიებს ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის სურვილი კონკურსში მონაწილეობით არ გამოუხატავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი