ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რეპრესიები თუ ლიბერალური პოლიტიკა – რას ელიან ალიევის რეჟიმისგან არჩევნების შემდეგ

1 მაისი, 2018 • 2051
რეპრესიები თუ ლიბერალური პოლიტიკა – რას ელიან ალიევის რეჟიმისგან არჩევნების შემდეგ

რა ცვლილებებს ელიან აზერბაიჯანში მომავალი  7 წლის განმავლობაში? არსებობს თუ არა ახალი რეპრესიებისა და დაკავებების, ანდა რეპრესიული პოლიტიკის შესუსტების შანსი?  როგორი იქნება ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში, პოლიტილოგებისა და ეკონომისტების აზრები ცალსახა არ არის.

11 აპრილს აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელსაც ოპოზიციამ პირველად გაუწია ბოიკოტი. ქვეყნის პრეზიდენტად ილჰამ ალიევი მეოთხედ აირჩიეს, თუმცა უკვე არა ხუთი, არამედ შვიდი წლით.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც აზერბაიჯანის საზოგადოებას აინტერესებს ცვლილებების კუთხით, ეს ხელისუფლების შიგნით ცვლილებებს შეეხება – შეცვლის თუ არა ალიევი მინისტრთა კაბინეტის წევრებს. წინა წელს პრეზიდენტმა ის სამი მინისტრი დაითხოვა, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობებს ჯერ კიდევ მამა ალიევის, ჰეიდარ ალიევის დროიდან იკავებდნენ.

ოპოზიციური პარტია მუსავატის თავმჯდომარის მოადგილე, აიდიგარ სადიღლი აზერბაიჯანის უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელის.  სადიღლი ფიქრობს, რომ პირველი ცვლილებები სწორედ მინისტრთა კაბინეტიდან დაიწყება. პრემიერს, არტურს რასიზაზეს 88 წლის პენსიაზე გაუშვებენ, თუმცა, უმრავლესობა პოსტზე დარჩება.

[red_box]“რუსეთისა და პუტინის აჩრდილი”[/red_box]

ეუთოს მისიამ აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგალურად ცნო, რამაც ძალიან გააბრაზა ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პრესა და ადგილობრივი პროსახელისუფლებო პოლიტიკოსები.

აზერბაიჯანული ტელევიზიები აჩვენებენ დეპუტატების, პოლიტიკოსებისა და კულტურის მოღვაწეთა გამოსვლებს ეუთოს მისიასთან დაკავშირებით და დასავლურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს აზერბაიჯანაისადმი მიკერძოებულ განწყობებში ადანაშაულებენ.

ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელი ჯამილ ჰასანლი ამბობს, რომ პირველ თვეებში ხელისუფლება დიდ რესურსს დახარჯავს იმისთვის, რომ დასავლეთის თვალში ამ არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდეს.

“ეს იყო ძალიან კრიტიკული არჩევნები ქვეყნისთვის, ხალხი ფაქტიურად არ მისულა ხმის მისაცემად, ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. შეიძლება ითქვას, არჩევნები არ შედგა. ის რომ ეუთომ არჩევნები არაკანონიერად ცნო, დიდი პრობლემაა ჩვენი ხელისუფლებისთვის. სანამ დასავლეთი არ მიიღებს ამ არჩევნების შედეგებს, არ მგონია რომ დაკავებები ანდა რეპრესიები გაგრძელდება. პირიქით, გამორიცხული არ არის ზოგიერთი პოლიტპატიმარიც გაათავისუფლონ და პრესას რაღაც თავისუფლება მისცენ. თუმცა ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ვამბობ, დასავლეთისთვის საჩვენებელი იქნება”.

ჯამილ ჰასანლის აზრით, ხელისუფლების გადაწყვეტილებები დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საკითხში რუსეთზეა დამოკიდებული.

“ეს არის რუსეთისა და პუტინის აჩრდილი. ყველაფერი რაც რუსეთს თავს და რუსეთში ხდება, ჩვენი ხელისუფლების ქცევებზე აისახება, მათ დამოკიდებულებაზე, დემოკრატიის, ოპოზიციის, ხალხის, ევროპული ღირებულებების მიმართ”, – ამბობს ჰასანლი.

რაც შეეხება დასავლეთის დამოკიდებულებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, ჰასანლის მიაჩნია, რომ ეს დამოკიდებულება ახალ ეტაპზეა და მას ალიევის რეჟიმისთვის საუკეთესოს ვერ უწოდებ.

“სხვადასხვა პროდასავლური, ევროპული ინსტიტუტები ისედაც უკიდურესად უკმაყოფილო იყვნენ კორუფციული ფაქტების, კორუფციის შემთხვევების გამოძიებებისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ ჩადენილი უკანონო ქმედებების გამო. ბოლო არასამართლიანი არჩევნები კი ბოლო წვეთი იყო ისედაც მხილებული ალიევის რეჟიმისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მოვლენებისგან რამდენიმე ნაბიჯში ვართ”.

არჩევნების პერიოდში ქვეყანა არასრულწლოვანი აქტივისტის ფატიმა მოვლავლის ხუთდღიანი გაუჩინარების მომსწრე გახდა. გოგონას თქმით, პოლიციამ ის 5 დღით ჩაკეტა და ოპოზიციის წინააღმდეგ მისი განწყობის შეცვლას ცდილობდა. ასეთი ქმედება პოლიციის მხრიდან მან აქციის “გამოიცანი დიქტატორი” ორგანიზაციის გამო დაიმსახურა. აქციის ფარგლებში ის ქალაქში პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პლაკატებს წარწერით “დამზადებულია აზერბაიჯანში” აკრავდა.

პოლიტიკოსი ტოფიკ იაგუბლუ ფიქრობს, რომ დაკავებები და რეპრესიები ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება.

“ექვსი ახალგაზრდა პარტია სახალხო ფრონტიდან, ვინც ოპოზიციის მიტინგებს ორგანიზაციას უწევდა, უკვე დაკავებულია და სხვადასხვა ადმინისტრაციული ნორმით ისჯება. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც  ეუთოს დელეგაცია აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ვფიქრობ, ოპოზიციის მიმართ რეპრესიები შესუსტდება, ადამიანის უფლებების დაცვა არ არის ალიევის რეჟიმის სტილი. ალიევი ბაძავს პუტინს, რომელიც იმავენაირად იქცევა ოპოზიციის და ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებების საკითხში”, – ამბობს იაგუბლუ.

ოპოზიციური პარტია მუსავატის თავმჯდომარის მოადგილე, აიდიგარ სადიღლიც ფიქრობს, რომ დაკავებები და რეპრესიები აზერბაიჯანში არჩევნების შემდეგაც მოსალოდნელია.

“თუმცა, არ მგონია რომ დაკავებების ახალი ტალღაა მოსალოდნელი, როგორც ეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იყო. ზოგადად პრაქტიკა აჩვენებს, რომ დაკავებები და რეპრესიები უფრო გარე პოლიტიკაზეა დამოკიდებული. თუ დასავლეთი რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაც უფრო შესუსტდება ოპოზიციის მიმართ”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, არჩევნების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციაა. არჩევნებამდე ხელისუფლებას ასე თუ ისე მანათი ხელში “ეჭირა” და მილიონებს კარგავდა. რა იქნება ახლა?

ახალგამომცხვარი პოლიტიკური პარტია რეალი -ის თავმჯდომარის მოადგილე, ეკონომისტი ნატიგ ჯაფარლი ამბობს, რომ ეკონომიკაზე არჩევნების შედეგები გავლენას არ იქონიებს.

“უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ პრიმიტიული ეკონომიკა გვაქვს. ყველაფერი ნავთობის ფასზეა დამოკიდებული, დღევანდელი ფასები ძალიან კომფორტულია ქვეყნისთვის, აზერბაიჯანი უზარმაზარ მოგებას იღებს ნავთობისგან, წინა წელს არც კი დაგვესიზმრებოდა ფასების ამდენად ზრდა”.

უახლოეს მომავალში ქვეყნის ეკონომიკური სიტუაციის კუთხით სადიღლი ასევე პოზიტიურად არის განწყობილი.

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ მანათის ფასი დაეცემა, ეს არის იქნება ისეთი კატასტროფული დევალვაცია, როგორც წინა წლებში: ფასები ეროვნულ ვალუტაზე, ნავთობზეა დამოკიდებუელი. ნავთობის ფასი კი ბოლო თვეების განმავლობაში მზარდია”.

ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში, დაახლოებით 86%-ით გაიმარჯვა.

აზერბაიჯანის ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, რადგანაც არჩევნები “საარჩევნო კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევებისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ფონზე გაიმართა”.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, აზერბაიჯანში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ილჰამ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს, 2025 წლამდე კვლავ ქვეყნის ლიდერი იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ექვსი თვით ადრე, 2018 წლის 11 აპრილს დანიშნეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი პირველად გადადგა.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით, რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშნულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კიდევ უფრო ძლიერდება.

ამავე თემაზე:

რატომ დანიშნა ალიევმა საპრეზიდენტო არჩევნები ექვსი თვით ადრე

მასალების გადაბეჭდვის წესი