ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ დანიშნა ალიევმა საპრეზინდეტო არჩევნები ექვსი თვით ადრე

6 მარტი, 2018 • 2367
რატომ დანიშნა ალიევმა საპრეზინდეტო არჩევნები ექვსი თვით ადრე

საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ექვსი თვით ადრე, 2018 წლის 11 აპრილს დანიშნეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი პირველად გადადგა. ყველაზე კრიზისულ მომენტშიც კი, როდესაც აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი ფაქტიურად სიკვდილის პირას იმყოფებოდა, შვილის, ილჰამ ალიევის პრეზიდენტის პოსტზე დასანიშნად ხელისუფლება არჩევნების თარიღს მაინც დაელოდა.

დღეს კი აზერბაიჯაინის ხელისუფლების ასეთმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილი და ქვეყნის ოპოზიცია გააოცა. ვარაუდები იმის შესახებ, თუ რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ასე აჩქარება, განსხვავებულია.

მოძრაობა “რესპუბლიკური ალტერნატივის” აღმასრულებელი მდივნის, ნატიგ ჯაფარლის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების ვადის ექვსი თვით გადმოწევა სინამდვილეში 2016 წელს აღებულ პოლიტიკურ კურსს უკავშირდება – ორი წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმის დროს პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზარდა, დამტკიცდა ვიცეპრეზიდენტების თანამდებობა და პრეზიდენტის უფლება, ვიცეპრეზიდენტები აირჩიოს.

“ერთი წლის წინ პრეზიდენტმა პირველი ლედი ვიცეპრეზიდენტად დანიშნა. ახლა კი ქვეყანაში ვიცეპრეზიდენტების ინსტიტუტი მკვიდრდება. ფაქტიურად, ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა იმ გაგებით, რომ გავლენის გარკვეული სფეროები ნელ-ნელა ვიცეპრეზიდენტის ინსტიტუტის გავლენის ქვეშ გადადის. ვფიქრობ, პრეზიდენტი ხვდება, რომ ქვეყნის მმართველობის სტილი უნდა შეცვალოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, ეს დადებითი ცვლილებები იქნება თუ ნეგატიური, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია”,  – ამბობს ჯაფარლი.

ქვეყანაში ცვლილებები უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გახდა შესამჩნევი. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა გაუქმდა, ძალაუფლება ჩამოერთვა რამდენიმე მინისტრს, რომლებმაც ჯერ კიდევ ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის მმართველობის დროს დაიკავეს ეს პოზიცია, მათი სახელები კორუფციასთან და ქვეყანაში მონოპოლიასთან დაკავშირებულ ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოჩნდა და ისინი აზერბაიჯანში არაოფიციალურად წარმოადგენდნენ “ძლიერ ძალას”. საინტერესოა, რა აკავშირებთ ერთმანეთთან ვადამდელ არჩევნებსა და აღნიშნულ ამბებს?

[red_box]“ოლიგარქებმა ფული და ძალაუფლება მოიპოვეს და საშიშები გახდნენ”[/red_box]

ჯაფარლის აზრით, ოლიგარქების ძველი სისტემა აღარ მუშაობს: “ეს მნიშვნელოვანი მომენტია – აქამდე ქვეყანას ოლიგარქი მინისტრები მართავდნენ, რომლებიც ძირითადად ბიზნესით იყვნენ დაკავებულნი. ეს სისტემა საშიში გახდა იმიტომ, რომ ეს ხალხი ათწლეულების განმავლობაში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა და საკმაოდ გავლენიანი და საშიში გახდა თავად ხელისუფლებისთვისაც კი. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთი მინისტრის გადაყენება გრძელვადიან და მეთოდურ მიდგომებს საჭიროებდა. პირველად მისი ბიზნესის პარალიზება უნდა მომხდარიყო, შემდეგ კი მისი გავლენა შემცირებულიყო, ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტრო სხვა სამინისტროსთან გაერთიანებულიყო”.

ჯაფარლის აზრით, არჩევნების შემდეგ მათ გაუშვებენ და ხელისუფლებაში ახალგაზრდა, განათლებული პოლიტიკოსები მოვლენ:

“ახალ ჩინოვნიკებს ბიზნესსაქმიანობას აუკრძალავენ და დიდ ხელფასებს დაუნიშნავენ. ისინი სიმდიდრეს და ძალაუფლებას ვერ დააგროვებენ და ამით ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის მისაღები გახდებიან. მათი შეცვლა და გათავისუფლება ადვილი იქნება” – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

[blue_box]“ხელისუფლებამ გადაწყვიტა, საერთაშორისო თანამეგობრობას არჩევნების მონიტორინგის უფლება არ მისცეს”[/blue_box]

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მუსავატის ლიდერი, არიფ გაჯილი ვადამდელ არჩევნებს ქვეყანაში შექმნილ ეკონომიურ-პოლიტიკურ კრიზისს უკავშირებს.

მისი აზრით, კრიზისის ზრდასთან ერთად ამომრჩევლების მიერ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება იცვლება.

“შემოდგომისთვის შესაძლოა უფრო რთული იყოს, არჩევნების თავიანთ სასარგებლოდ შემობრუნება, ხოლო ხალხის უკმაყოფილების და უთანხმოების ფონზე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, რაც არჩევნებზე აისახება”,- ამბობს გაჯილი.

ის ასევე მიიჩნევს, რომ ამ გზით ხელისუფლებას სურს, საერთაშორისო ორგანიზაციებს არჩევნების მონიტორინგში შეუშალოს ხელი, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო უნდობლობას იწვევს.

გაჯილი ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშნვას ქვეყნის შიგნითაც მოჰყვება კრიტიკა:

“ამ არჩევნებმა ქვეყანაში ნიჰილიზმი გაზარდა, ხოლო სამოქალაქო უკმაყოფილება და ეკონომიკური კრიზისი გაამძაფრა. ხელისუფლება არჩევნების გადმოტანით უფრო რისკავს, ვიდრე იმარტივებს საქმეს”.

არსებობს აზრი, რომ ოლიგარქია ხელისუფლებას პრობლემებს უქმნის და პრეზიდენტს სწრაფად სჭირდება თავიდან არჩევა, რადგან კლანებს შორის დაპირისპირებამ შეიძლება ფატალური შედეგი მოიტანოს.

ამის შესახებ საუბრობს პოლიტიკოსი ჰიკმეთ გაჯიზადე. მისი აზრით, შიდა კრიზისი გარდაუვალია და პრეზიდენტი საკუთარ ძალაუფლებას აძლიერებს:

“უკანასკნელ წლებში ჩატარებულმა სერიოზულმა რეფორმებმა ოლიგარქებს შორის ბუნტი გარდაუვალი გახადა. ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი უახლოვდება და პრეზიდენტისთვის აუცილებელია ძალაუფლების გაძლიერება. ისეთი პოპულისტური გამონათქვამები, როგორიცაა “ერევნის სახანო” და ყარაბაღის საკითხი, ამის ნაწილია. ვფიქრობ, ეს წელი ძალიან საინტერესო იქნება” – ამბობს გაჯიზადე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთის დედაქალაქ ერევანს “აზერბაიჯანული მიწა” უწოდა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებს ისტორიულ სამშობლოში ცხოვრების უფლება აქვთ. პოლიტოლოგებმა ამ განცხადებას პოპულისტური და წინაასაარჩევნოდ ამომრჩეველზე გათვლილი უწოდეს.


როგორც Worldview.stratfor.com წერს, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც არჩევნები დანიშნულ ვადაზე ადრე ჩატარდება. აზერბაიჯანის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აზრით, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა მომავალ არჩევნებში ოპოზიციის გავლენის შესასუსტებლად გაკეთდა, რათა მათ არ დარჩეთ საკმარისი დრო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. გამოცემის თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ოპოზიციური პარტიები ალიევისთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა და თითქმის 15-წლიანი მმართველობის განმავლობაში მან ყველა არჩევნები მოიგო 75%-ზე მეტი მხარდაჭერით.

გამოცემის ვარაუდით, აზერბაიჯანს შესაძლოა სურს თავიდან აიცილოს ევროსაბჭოს სანქციები, რომლებიც ადვოკატისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერ ილგარ მამადოვის დაპატიმრებასთან დაკავშირებით დაეკისრება. მათი აზრით, თუ აზერბაიჯანის მთავრობა სანქციების არიდების მიზნით მამადოვს გაათავისუფლებს, ამას არჩევნების შემდეგ იზამს, რათა მამადოვისგან პოლიტიკური გამოწვევა არ მიიღოს.

ამ ვერსიას ეხმიანება კავკასიის საკითხების ანალიტიკოსი თომას დე ვალი, რომლის აზრით, მამადოვი, ისევე როგორც ნავალნი პუტინისთვის, ალიევთან რეალური შანსების მქონე მოწინააღმდეგეა. მისი თქმით, მამადოვის პარტია იურისტებისა და ეკონომისტებისგან შედგება, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზების და ქვეყნის დემოკრატიისკენ სწრაფვის იდეები ამოძრავებთ და აზერბაიჯანის ელიტის ნაწილის ბუნებრივი მხარდაჭერაც აქვთ.

თომას დე ვალმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ არჩევნების გადმოტანა სწორედ მამადოვის გათავისუფლების მიზნით მოხდა, რათა აზერბაიჯანმა ევროსაბჭოს სანქციებს აარიდოს თავი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი