ახალი ამბები

აუცრელი ბავშვები შესაძლოა ბაღსა და სკოლაში აღარ დაუშვან

24 აპრილი, 2018 • 5986
აუცრელი ბავშვები შესაძლოა ბაღსა და სკოლაში აღარ დაუშვან

ჯანდაცის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ეთახმება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინიციატივას, რომ იმუნიზაცია კანონმდებლობით გახდეს სავალდებულო.

“შემოგთავაზებთ, რომ ამავე კვირას, ვაქცინაცის კვირეულშივე გავაკეთოთ ინიცირება ამ საკანონმდებლ ინიციატივის, რომლითაც, ვაქცინაცია  ამ ქვეყანაში გახდება სავალდებულო,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ 23 აპრილს, ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, ამ სავალდებულობის აღსრულებისათვის კონკრეტული საკანომდებლო გარანტიები შემოვა, კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულებები აღარ მიიღებენ ბავშვებს, ვინც ვაქცინირებული არ იქნება.

“ამ სავალდებულობის აღსასრულებლად არ მიიღებოდნენ ბავშები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაღებსა და სკოლებში,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

იმავე ღონისძიებაზე ამ ინიციატივას გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირქტორი ამირან გამყრელიძე. მან განაცხადა, რომ ეს ინიციატივა ადრეც ჰქონდათ, თუმცა კანონის სახე არ მიეცა. გამყრელიძის განცხადებით, ეს საკითხი უკვე გადაჭრეს საფრანგეთმა, იტალიამ და ევროპის სხვა ქვეყნებმა, და საქართველოც უნდა შეუერთდეს, რომ ბავშვები უფრო მეტად იყვნენ დაცული ინფექციებისგან.

“ვაქცინები მოქმედებს! აიცერი და დაიცავი!” – იმუნიზაციის კვირეული საქართელოში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2018 წლის 23 – 29 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. NCDC-ის ცნობით, საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

“ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი.

საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2015-2020) განხორციელების პროცესში; მისი მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა/ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გლობალური სამოქმედო გეგმა ვაქცინებთან მიმართებაში თანხვედრაშია ‘ჯანმრთელობა 2020’ პროგრამასთან („Health 2020: European policy framework supporting action across government and society for health and well-being”)

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა. ასევე, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, 2017 წლიდან ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა.

ვაქცინების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს,”- აცხადებს NCDC.

მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა. თუმცა, NCDC-ის ინფორმაციით,  საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან:

აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია; 250 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით; 2018 წელს რუმინეთში დაფიქსირდა წითელას 1 709 შემთხვევა (9 გარდაცვალება), საფრანგეთში – 1 547 (1 გარდაცვალება), იტალიაში – 411 (2 გარდაცვალება), საბერძნეთში – 1 532 (1 გარდაცვალება), უკრაინაში წითელას 10 000-მდე შემთხვევა (7 გარდაცვალება). ასევე, ეპიდაფეთქებები მიმდინარეობს ბელორუსიაში, სერბეთში, თურქეთში, რუსეთში (500 შემთხვევა).

საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% – 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2018 წელს დღემდე დარეგისტრირებულია 512 შემთხვევა. შემთხვევების 14% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33% – 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.

“წითელა და წითურა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა,”- აცხადებს NCDC.

მათივე ცნობით, საქართველოში პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად, წითელას საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია ტარდება 12 თვის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით. 

“წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა! ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში – არ გადადო, აიცერი!”

NCDC-ის ცნობითვე, საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მეხუთე ადგილზე – ევროპის რეგიონში. ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

“საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ. 2017 წლიდან ქალაქებში თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა. აცერი და დაიცავი შენი გოგონას ჯანმრთელობა დღესვე!” – აცხადებს NCDC.

ცენტრის ცნობითვე, ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება, რაც ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.

“ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად. ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და, რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდ ჩაუტარდა აცრები”- აცხადებს NCDC. 

მასალების გადაბეჭდვის წესი