საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველომ  უკვე შეიძინა 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ ჩაუტარდებათ რისკჯგუფებს, რომლებსაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა:

  • დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე:
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ორსულები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
  • ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.