ახალი ამბები

პრემიერი ჯეჯელავაზე: ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს

13 ნოემბერი, 2017 • 4531
პრემიერი ჯეჯელავაზე: ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოზიციაზე მუშაობის დროს, ალექსანდრე ჯეჯელავამ დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

მან ამის შესახებ განათლების ახალ მინისტრთან – მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრის დროს განაცხადა და მადლობა გადაუხადა ჯეჯელავას.

“ვსაუბრობთ სანდროსთან – შესაძლოა, ის დიპლომატიურ სამსახურში წავიდეს, თუმცა, როგორც ვესაუბრე, მას გული უფრო ისევ განათლების სფეროში პედაგოგიური მიმართულებით ბიზნესსაქმიანობისკენ მიუწევს და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ის ჩვენი გუნდის წევრი არის და ძალიან ღირსეული ადამიანია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა. 2017 წლიდან იყო ვიცეპრემიერი და მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას წარმართავდა.

ჯეჯელავას უკავშირდება რამდენიმე ინიციატივა საჯარო სკოლებში: მისი მინისტრობის დროს დაიწყეს საჯარო სკოლებში ვაშლების შეტანა. ასევე, გამოვიდა ინიციატივით, რომ გადამზადდეს საჯარო სკოლის ფიზკულტურის მასწავლებლები, რათა “მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშები ფიზიკურ აქტივობაში ჩართულიყვნენ”.

იგი კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა “აუდიტორია 115”-ის წევრების მიმართ, რომელბმაც 2016 წლის ნოემბერში თსუ-ს მეექვსე კორპუსის პიკეტი მოაწყვეს.

ჯეჯელავამ რეპერების დაკავებაზე განაცხადა, რომ მათი კლიპი, სადაც გაშარჟებული იყო პოლიცია,  სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.

ვიცეპრემიერი ასევე სკეპტიკურად მოეკიდა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს, ასევე ამტკიცებდა, რომ იგი არა ჟურნალისტი, არამედ რადიო თავისუფლების დაცვის სამსახურის უფროსი იყო, რაც სიმართლე არაა და მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა.

ჯეჯელავა იყო მთავრობის სპიკერი სამთავრობო ინიციატივის თაობაზე, რომლითაც უნდა შეიქმნას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელსაც ჯეჯელავას თქმით, მედია უნდა დაეცვა  საფრთხეებისგან, ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან.

მინისტრობის დროს, ჯეჯელავამ ასევე უარი თქვა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის საჯარო ინფორმაცია მიეწოდებინა სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე და განაცხადა, რომ ამას მაშინ გააკეთებდა, როცა საჭიროდ ჩათვლიდა.

“არა მგონია, პრობლემები შეუქმნას დემირელის სკოლის ფუნქციონირებას მმართველის დაკავებამ”, – განაცხადა ჯეჯელავამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებისკომენტირებისას. მოგვიანებითმ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, დემირელის სკოლაც დაიხურა.

ჯეჯელავა ასევე გამოირჩეოდა ქართული ზღაპრების განსხვავებული ანალიზით, იგი ამბობდა, რომ შესაცვლელია ქართული ზღაპრები და მულტფილმები.

2010 წლიდან 2016 წლამდე იგი მართვის აკადემიის მენეჯერი და მთავარი ტრენერი იყო.  ასევე მუშაობდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტში, კავკასიის ბიზნესსკოლაში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი