ახალი ამბები

ხელისუფლების ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება- კვირიკაშვილი

2 დეკემბერი, 2024 •
ხელისუფლების ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება- კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მიმდონარე მასობრივ დემონსტრაციებზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და თვლის, რომ ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.

 “მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი.

სიმართლე კი იმდენად ცხადია, საჭიროა უბრალოდ თვალი გაუსწორო და დაინახო, რომ ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ  – სახელმწიფომ გაიგონოს მათი ხმა.

ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი  გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა.

ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე”, – წერს კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში. 


  • თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მასობრივი დემონსტრაციები 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ოცნებამ” განაცხადა, რომ აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე.
  • 28 ნოემბრის შემდეგ დემონსტრანტები ღამეს ათავენ რუსთაველის გამზირზე, მათ არბევს სპეცდანიშნულების რაზმი,  ფიზიკურად უსწორდება და აკავებს მოქალაქეებს, უშვებს წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს.
  • 28 ნოემბერ-1 დეკემბერს პოლიციამ 200 მომიტინგე დააკავა, მხოლოდ 30 ნოემბერს კლინიკებში აქციიდან 44 მოქალაქე გადაიყვანეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი