ახალი ამბები

ჯეჯელავა: მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვაზეა საუბარი

7 თებერვალი, 2017 • 3489
ჯეჯელავა: მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვაზეა საუბარი

განათლების მინისტრის, ალქსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სპორტის ფედერაციებთან თანამშრომლობით ფიზკულტურის ყველა მასწავლებელი გადამზადდება.

ეს განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სამინისტროში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

იგეგმება თანამშრომლობა ოთხ ფედერაციასთან: რაგბის, ფეხბურთის, ხელბურთის და ფრენბურთის ფედერაციებთან. ფიზკულტურის მასწავლებლების გადამზადების პროცესი, ჯეჯელავას განცხადებით, 1 თვეში დაიწყება.

ამჟამად ფიზკულტურას კვირაში 2 საათი ეთმობა. ჯეჯელავას განცხადებით, თავისუფალი გაკვეთილის ფარგლებში, მეშვიდე-მერვე კლასებში კიდევ 2 საათი შემოვა, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას მიეძღვნება.

ჯეჯელავას განცხადებით, ამჟამად, სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოში მოსწავლეების 2-7% არის ჩართული რეგულარულ ფიზიკურ აქტივობაში.

“ეს არის ტრაგედია” – განაცხადა მან.

მისივე თქმით, დირექტორებსაც მისცემენ მითითებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვთა დიდი რაოდენობა ჩართონ ფიზიკურ აქტივობებში და არა მხოლოდ ისინი, ვინც ისედაც დაინტერესებულია სპორტით.

“მსუქანი და ნელა მორბენალი ბავშვების ფიზიკურ აქტივობაში ჩართვაზეა საუბარი,”- განაცხადა ჯეჯელავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი