ახალი ამბები

ჯეჯელავა: არა მგონია, პრობლემები შეუქმნას დემირელის სკოლის ფუნქციონირებას მმართველის დაკავებამ

25 მაისი, 2017 •
ჯეჯელავა: არა მგონია, პრობლემები შეუქმნას დემირელის სკოლის ფუნქციონირებას მმართველის დაკავებამ

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დემირელის სკოლის მმართველის დაკავება სკოლის ფუნქციონირებას პრობლემას არ შეუქმნის.

“რა თქმა უნდა, ყველა სკოლა მნიშვნელოვანია მისი მოსწავლეებისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ყოველ წელს დაახლოებით 15-მდე სკოლა სხვადასხვა მიზეზით კარგავს ავტორიზაციას. ეს ის შემთხვევა არ არის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არ მგონია, რომ ამ ადამიანის დაკავებამ სკოლას [ფუნქციონირებას] პრობლემა შეუქმნას და მეორე, დემირელის სკოლას ისეთივე მნიშვნელობა აქვს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის, როგორც დანარჩენ 3 000 სკოლას”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

თბილისში არსებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

ჯეჯელავას თქმით, თურქეთის მხრიდან დემირელის სკოლასთან დაკავშირებით კონკრეტული მოთხოვნა არ ყოფილა:

“თურქული მხარე გამოხატავს თავის წუხილს მათი კვალიფიკაციით ტერორისტული ორგანიზაციასთან შესაძლო კავშირების შესახებ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ თავიდანვე დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ, ამ თუ სხვა სკოლაში არაფერი დაემუქროთ, მათ შორის იდეოლოგიური ზეწოლა მათზე არ იყოს”,- ამბობს ჯეჯელავა.

2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა სკოლა-ლიცეუმს, რომელსაც საზოგადოება შაჰინის სკოლის სახელით იცნობს. ამ ფაქტს წინ უძღოდა ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ სკოლა ფეტულა გიულენის მიმდევრებს ეკუთვნით.

იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ საქართველომ ზემოხსენებული სკოლა თურქეთის მოთხოვნით დახურა, არ არსებობს. ამ მოსაზრებას უარყოფს განათლების მინისტრიც, რომელიც ამბობს, რომ სკოლას ავტორიზაცია კონკრეტული დარღვევების გამო გაუუქმდა. თუმცა, გარდა უშუალოდ სკოლის დირექტორისა, ეჭვი იმის თაობაზე, რომ სკოლის დახურვის უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივაცია იდგეს, სახალხო დამცველმაც გამოთქვა. გაზეთმა ჰურიეთმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანკარა გიულენთან დაკავშირებული სკოლებისთვის კურიკულუმების შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებებს ათეულობით ქვეყანასთან აწარმოებდა.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი