ახალი ამბები

ჯეჯელავა: მედიაომბუდსმენმა მედია უნდა დაიცვას პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან

6 მარტი, 2017 • 2043
ჯეჯელავა: მედიაომბუდსმენმა მედია უნდა დაიცვას პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან

საქართველოს განათლების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმედის “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა, რომ მედიაომბუდსმენმა უნდა დაიცვას მედია პოლიტიკური პარტიების გავლენებისგან.

“მედია ომბუდსმენმა მედია უნდა დაიცვას ყველა შესაძლო საფრთხისგან, [რომელიც] შეიძლება მომდინარეობდეს პოლიტიკური პარტიებისგან, ხელისუფლებისგან, ცალკეული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ჯგუფისგან ან კერძო ინტერესებისგან. ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ, დღევანდელი გარემო იმ გარემოს გაცილებით სჯობს, რომლებიც ჩვენმა ოპონენტებმა შექმნეს, თავისი ხელისუფლების დროს… ჩვენ გვაქვს, კონკრეტული მაგალითი, კონკრეტული პოლიტიკური პარტია როგორ აკონტროლებს კონკრეტულ მედიასაშუალებას. დაცვა რომ სჭირდება ნამდვილად მედიას, ეს ფაქტია და ცალსახაა. მეორეა, რომ ჩვენი მთავრობის მთლიანი კურსი [დაფუძნებულია] ადამიანის უფლებებზე და მათ შორის მედიის თავისუფლებაზე, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დასაყრდენი… ჩვენ არ ვთვლით, რომ რუსთავი 2  არის ბოლო დასაყრდენი თავისუფალი მედიის და ჩვენ ვთლით, რომ იმედი არის ძალიან კარგი მაგალითი”, – ამბობს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მინისტრი ამბობს, რომ ჯერ არ შემუშავებულა სქემა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს და ვის უნდა ექვემდებარებოდეს მედიაომბუდსმენი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იგი მთავრობისგან დამოუკიდებელი იყოს და დაცული იყოს პოლიტიკური პარტიების ზეგავლენისგან. მთავრობას კონტროლის მექანიზმი არ უნდა ჰქონდეს.

“არ უნდა ჰქონდეს მისი კონტროლის არანაირი ინსტრუმენტი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით შემთხვევები, როდესაც თითონ უფლებადამცველები მოექცნენ პოლიტიკური პარტიების გავლენების ქვეშ”, – ამბობს ჯეჯელავა.

დღეს, 6 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეიქმნას  მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც დააკვირდება საქართველოს მედიაში მიმდინარე მოვლენებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს მედიისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი