ახალი ამბები

ჯეჯელავა: აუდიტორია 115 სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლით ვერაფერს მიიღებს

25 ნოემბერი, 2016 • 1561
ჯეჯელავა: აუდიტორია 115 სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლით ვერაფერს მიიღებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115”-ის მიერ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის ოკუპაციაზე განაცხადა, რომ “პროტესტი არაფერს მოიტანს” და “ათასობით სტუდენტს შეუშლის ხელს კანონიერი უფლების განხორციელებას [თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემას]”.

“ეს არის ღია კარის მტვრევა. იმ ხალხის უმეტესობა, ვინც იყო ჩართული ამ მოძრაობაში, აუდიტორია 115-ში, კონსტრუქციულად თანამშრომლობს და ბევრ ფორმატში მუშაობს თსუ-ის ახალ მენეჯმენტთან, ჩვენთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესორებთან და ა.შ. … როგორც ჩანს, მათი მიზანია, ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ თავიანთი თავი. მე მოვუწოდებ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ არაფერს მოიტანს [ეს პროტესტი]. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-ში, ისიც იციან, რომ თვითონაც არიან ჩართულები ამ პროცესში. ამიტომ ახლა ამ სტუდენტებისთვის ხელის შეშლით და სასწავლო პროცესისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლით უკეთესობას ვერაფერს მიიღებენ, მხოლოდ ათასობით სტუდენტს შეუშლიან თავიანთი კანონიერი უფლების განხორციელებას”, – განაცხადა განათლების მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჯეჯელავამ 25 ნოემბერს ქუთაისში.

ჯეჯელავას თქმით, მას მათთან რეგულარულად ჰქონდა შეხვედრები: “კარი ახლაც სულ ღია მაქვს. მათ რომ სდომოდათ, გუშინაც ჩემთან მოვიდოდნენ და კორპუსს არ დაიკავებდნენ, მაგრამ მათი არჩევანია ასეთი მეთოდით მოქმედება.  ყველა მზად არის მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ სტრატეგია მზადდება თსუ-სი, თვითონაც არიან ჩართული ამ პროცესში. ახლა სტუდენტებისთვის და სასწავლო პროცესისთვის ხელის შეშლით, თვითმმართველობისთვის ხელის შეშლით, უკეთესობას ვერაფერს მიიღებენ. მხოლოდ ათასობით სტუდენტს შეუშლიან კანონიერი უფლების განხორციელებას.”

მინისტრობის კანდიდატი ასევე ამბობს, რომ თვითმმართველობის რეფორმა მიმდინარეობს:

“ეს ხალხი შინაარსობრივად რასაც ითხოვს, ვეთანხმებით. სიტუაციის მთელი ხიბლი ის არის, რომ რასაც შინაარსობრივად ითხოვს, ვაკეთებთ. მათ შორის საკანონმდებლო იქნება, თუ ორგანიზაციული მიმართულება.  თვითმმართველობის რეფორმა საჭიროა და თვეებია მიმდინარეობს. ბევრი რამ შიცვალა, პლატფორმა შეიქმნა, პროფესორები არიან ჩართული და სტუდენტები, დაფინანსების ლიბერალიზაციისკენ გადაიდგა ნაბიჯები. უნივერსიტეტის და ახალი რექტორის სტრატეგიაში ეს ხაზგასმულია.”

აუდიტორია 115-ის 20-ზე მეტმა აქტივისტმა 24 ნოემბრის საღამოს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავა. მათ ღამე გაათენეს შენობაში და ახლაც იქ იმყოფებიან. მათი ნაწილი აქციაზე იმყოფება, ნაწილი კი შენობაშია დარჩენილი.

აუდიტორია 115 მოითხოვს, რომ:

[checklist]

  • საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები;
  • თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი;
  • სრულად რეაბილიტირდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;
  • გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება; [/checklist]

 

აუდიტორია115-ის 20-ზე მეტმა წევრმა 24 ნოემბრის საღამოს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავა. 24.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აუდიტორია115-ის 20-ზე მეტმა წევრმა 24 ნოემბრის საღამოს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავა. 24.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი