ახალი ამბები

ჯეჯელავა: როცა ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ მივაწვდით საიას ინფორმაციას

3 მაისი, 2017 •
ჯეჯელავა: როცა ჩავთვლით საჭიროდ, მაშინ მივაწვდით საიას ინფორმაციას

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სამინისტრო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საჯარო ინფორმაციას მაშინ მიაწვდის, როცა თავად ჩათვლიან საჭიროდ. ეს კომენტარი ალექსანდრე ჯეჯელავამ საიას მიერ დღეს გამართული ბრიფინგის პასუხად გააკეთა, რომელზეც ანა ნაცვლიშვილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იმ უწყებებს შორის დაასახელა, რომლებმაც ორგანიზაციას ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესზე ინფორმაცია არ მიაწოდეს:

“ყველაფერი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და საიას სურვილი, რომ მათ ყველამ მიაწოდოს ინფორმაცია, ეს მათი სურვილია მხოლოდ. ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ და სასარგებლოდ, მაშინ მივაწვდით ინფორმაციას” – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საჯარო დაწესებულებებში ოპტიმიზაციის პროცესი შეაჯამა და ხარვეზები გამოკვეთა. ორგანიზაციამ 12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეისწავლა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა 55 მილიონ 344 ათას ლარს შეადგენს.

კვლევის მიხედვით, სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა შრომის ანაზღაურების ნაწილში შეამცირეს, რაც ძირითადად პრემიებისა და დანამატების ფონდის შემცირებაში ან გაუქმებაში გამოიხატა და 39 მილიონი ლარი შეადგინა. ვრცლად, რა ხარვეზები გამოავლინა ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციამ წაიკითხეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი