ახალი ამბები

ვიცეპრემიერი სანდრო ჯეჯელავა მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას წარმართავს

21 თებერვალი, 2017 • 3164
ვიცეპრემიერი სანდრო ჯეჯელავა მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას წარმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე წარადგინა მესამე ვიცეპრემიერის კანდიდატურა და ეს პოზიცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავამ დაიკავა.

“სანდრო ჯეჯელავა მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც მესამე ვიცეპრემიერის კანდიდატურა. სანდროს მინდა მივანიჭოთ ფუნქცია, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია საზოგადოებსთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკას შესაბამის უწყებებთან ერთად და მინდა წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს. მისივე თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს უწინდებურად გაუძღვება მაია ბიგვავა, თუმცა ეს სამსახური უკვე ჯეჯელავასთან  ერთად წარმართავს მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკას.

მთავრობაში ამ დრომდე იყო ორი ვიცეპრემიერი – ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი