ახალი ამბები

არასამთავრობოების ნაწილი კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის შესაძლო ამოღებას ნეგატიურად აფასებს

14 ივნისი, 2017 •
არასამთავრობოების ნაწილი კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის შესაძლო ამოღებას ნეგატიურად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ნეგატიურად აფასებს საქართველოს კონსტიტუციიდან იმ მუხლის ამოღებას, რომელიც მთავრობის მიერ ახალი გადასახადის შემოღებას ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს. როგორც განცხადების ხელმომწერები ამბობენ, მათთვის გაუგებარია, რატომ შეიცვალა პარლამენტმა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით:

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან მრავალჯერ დაფიქსირდა პოზიცია საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის შენარჩუნების თაობაზე, რაც აისახა კიდეც ინიცირებულ კანონპროექტში, გაუგებარია, რამ განაპირობა მმართველი პარტიის მოსაზრებების ცვლილება. მით უფრო, რომ აღნიშნული მუხლის ამოღება ბიზნესსექტორისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ შეფასდა ნეგატიურად,” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

ამ საკითხზეის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ 5 ივნისს ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვისას გადაწყდება, 94-ე მუხლს ბოლომდე ამოიღებენ, თუ  გარკვეული სახის რეგულაცია დარჩება. ამის შესახებ მან  5 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 6 ივნისს კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკომიტეტო განხილვაზე საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი  კოვზანიძემ თქვა, რომ  “94-ე მუხლი კონსტიტუციაში ინვესტორებს მოსწონთ, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის თაობაზე, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს“.

2017 წლის 31 იანვარს  სოციალ-დემოკრატებმა საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რის შედეგადაც გადასახადების განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისთვის და ახალი ტიპის გადასახადების შემოღებისათვის რეფერენდუმის ჩატარება საჭირო აღარ იქნება, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ეს ინიციატივა არ ასახულა. მას შემდეგ კი, რაც საერთო სახალხო განხილვები გაიმართა, მმართველი პარტიის წევრებმა აზრი შეიცვალეს. როგორც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობდა, პარლამენტი ამ საკითხის შესახებ იმსჯელებს:

“ეს საკითხი ამოწურული არ არის და არ ვდგავართ ჯიუტად, რომ მაინცდამაინც ასე უნდა დარჩეს. ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, თუ როგორ იქნება ქვეყნისთვის უკეთესი ამ შემთხვევაში. აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ მოსაზრებებს, რომლებიც სახალხო განხილვენზე გამოითქმება,” – ამბობდა მდინარაძე. 

არასამთავრობოები კი მიიჩნევენ, რომ მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლება – მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ, რაც გამორიცხავს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობას:

“გარდა ამისა, აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესგარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნესგარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში. იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას” – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც ხელს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოაგდოება (ISFED), საზოგადოება და ბანკები, ევროპა საქართველოსთვის,Policy and Management Consulting Group,ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი და საქართველოს ატლანტიკური საბჭო აწერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი