32-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს წერილით მიმართა, რომ მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პროცესები, რაც შესაძლოა კონსტიტუციის კანონპროექტის მიღებამ გამოიწვიოს.
წერილის ავტორების ცნობით, მიმართვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპარლამენტის დაახლოებით 750 წევრს, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტს გაუგზავნიან.
“ჩვენ თხოვნით მოგმართავთ, რომ მეტად მკაფიო და ძლიერი გზავნილები მიაწოდოთ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას საქართველოში იმასთან დაკავშირებით, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციისაკენ მიმართული მსგავსი ტენდენციები და მცდელობები შეუთავსებელია დემოკრატიის დასავლურ სტანდარტებთან და ამგვარად, მიუღებელია. ასევე მიგვაჩნია, რომ ასეთი ქმედება ქვეყნის მხრიდან, რომელიც როგორც პოსტსაბჭოთა, ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, მოწინავედ არის მიჩნეული, სხვა ქვეყნებისთვისაც ცუდი პრეცედენტია. იმისათვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ჩიხში არ შევიდეს და თავიდან ავიცილოთ ასეთი პრეცედენტის უარყოფითი ზეგავლენა რეგიონის სხვა ქვეყნებზე, ჩვენ მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ მყისიერი რეაგირება”. –ვკითხულობთ წერილში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემის გადავადება საქართველოში, ეს არ არის მხოლოდ ვიწრო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, არამედ ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს, თუ როგორ განვითარდება საქართველო მომავალში.
ეკა გიგაურს მიაჩნია, რომ მმართველ პარტიას – “ქართულ ოცნებას”, დიდი ხნით ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი აქვს, ხოლო საარჩევნო სისტემის გადავადება ხელს შეუწყობს ძალაუფლების კონსოლიდაციას ერთი პარტიის ხელში.
“ეს არის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ მათ ვთხოვთ, ამაზე ჰქონდეთ მწვავე რეაქცია. ქვეყნის შიგნით, ფაქტიურად, ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ, ახლა ვცდილობთ, უცხოელი მეგობრები დაგვეხმარონ იმაში, რომ ქართულ დემოკრატიას საფრთხე არ შეექმნას”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხაზი გადაუსვა საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და ერთპიროვნულად, დახურულ კარს მიღმა მიიღო კონსტიტუციის კანონის პროექტი ორი მოსმენით.
“ასეთი მიდგომა საკითხის მიმართ აჩვენებს ძალიან არასწორ და საშიშ დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის უზენაესი კანონის მიმართ და პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების აზრის მიმართ”, – ამბობს ანა ნაცვლიშილი.
ნაცვლიშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პრეცედენტი რომელიც საქართველოში შეიქმნა, არის ძალიან ცუდი გზავნილი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც.
გიორგი გოგუაძის, საქართველოს რეფორმების ასოციაციის წევრის, აზრით, პრობლემაა ის, რომ კონსტიტუციის პროექტის მიღების პროცესი დაჩქარებულად წარიმართა.
გოგუაძეს მიაჩნია, რომ 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება არის ტყუილი. გოგუაძე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობისას კონსენსუსის ნაკლებობა იყო.
“ეს არის კონსტიტუციის ისეთი ცვლილება, რომელიც მხოლოდ აწყობს ქართულ ოცნებას და ხელს უწყობს იმას, რომ ისინი კიდევ დარჩნენ ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით. მათ [საერთაშორისო პარტნიორებს] შეუძლიათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით დააფიქროს მთავრობა, რომ ეს პროცესი უფრო გახსნას და მეტი კონსენსუსის საკითხი შემოიტანოს”, – ამბობს გიორგი გოგუაძე.
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ეს წერილი არის ერთგვარი გამაფრთხილებელი ნიშანი. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კონსტიტუციის მიმართ არის სიმპტომატური უფრო დიდი პრობლემისა, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო მეტად გამომჟღავნდეს.
ბენიძე აქცენტს აკეთებს საარჩევნო სისტემის მოულოდნელ ცვლილებაზე. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა რომ არის, სწორედ ამ უსამართლო საარჩევნო სისტემის დამსახურებაა.
წერილის ხელმომწერები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ,ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, მედიის განვითარების ფონდი, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, კავშირი „საფარი“, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მწვანე ალტერნატივა, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, თბილისის ლიბერალური აკადემია, ქვემო ქართლის საჯარო ინფორმაციის ცენტრი, საუნჯე, ასოციაცია „სპექტრი“, კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი, დუშეთის განვითარების ფონდი, „ჩვენ–ჯანსაღი მომავლისათვის“, თავისუფლების ქარტია, სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“, ქალთა განათლების საერთაშორისო საკონსულტაციო ცენტრი, გენდერული თანასწორობის ქსელი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი, საქართველოს მედიაკლუბი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, სტუდია „რე“.