ახალი ამბები

სოციალ-დემოკრატები: 94-ე მუხლის წინააღმდეგ ბრძოლას პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ

26 ივნისი, 2017 • 3642
სოციალ-დემოკრატები: 94-ე მუხლის წინააღმდეგ ბრძოლას პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ

“სოციალ-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის წევრების განცხადებით, ისინი კონსტიტუციის 94-ე მუხლის წინააღმდეგ ბრძოლას პოლიტიკური მეთოდებით გააგრძელებენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერებმა დღეს, 26 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 94-ე მუხლი გადასახადების გაზრდას ეხება.

გია ჟორჟოლიანის თქმით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის განხილვების მთელი პროცესის დროს პარტიის „სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ წევრები საკუთარი არგუმენტების საზოგადოებისთვის გასაცნობად აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებდნენ. მისივე განცხადებით, 94-ე მუხლის ამოღებაზე მათ პოზიციას იზიარებდა ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ვენეციის კომისია თუ მსოფლიო სავალუტო ფონდი.

“მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, უმრავლესობამ მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. პრინციპულად აღიარა რა ამ ჩანაწერის შეუთავსებლობა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციასთან. ამავდროულად, ძალზე ხანგრძლივი დროით, 12 წლით გადადო მისი გაუქმების პერესეპქტივა. ჩვენი აზრით, სრულიად ცხადია, რომ 94 -ე მუხლი ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის მიერ მისი ძირითადი ფუნქციის განხორციელებას – წარმოამდგენლობითობით კანონშემოქმედებასა და საშინაო პოლიტიკის განსაზღვრას.  ამიტომ ვთვლით, რომ არ არსებობდა მიზეზი ამ ცვლილების გადადებისთვის,” – ამბობს ჟორჟოლიანი.

პარტიის წევრების აზრით,  94-ე მუხლის ამ ფორმით შენარჩუნება მიუღებელია. მათივე განმარტებით, ცვლილებების პროექტით კონსტიტუცია უმჯობესდება და   ამიტომ დაუჭირეს მხარი პროექტს.

“კონსტიტუცია წინა რედაქციასთან შედარებით გაუმჯობესდა ბევრი სხვა თვალსაზრისით: მმართველობის სისტემის გაუმჯობესება, სასამართლოს, მიწის ფლობის, ადამიანის უფლებათა საკითხებზე ახალი ჩანაწერები, წარმოდგენილი ჩვენი პარტიის თუ სხვათა მიერ, კონსტიტუციას ბევრად დაახლოებულს ხდის საზოგადოებისა და ხალხის ინტერესებთან. რაკიღა მიგვაჩნია, რომ 94-ე მუხლის დატოვება არის წინა რეჟიმის მიერ შექმნილი, ჩვენი ღრმა რწმენით, ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ეკონომიკური და მმართველობითი პოლიტიკის ინერცია, დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ პოლიტიკური მეთოდებით გავაგრძელებთ ბრძოლას მის შესაცვლელად, ზოგადად, სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელების დასამკვიდრებლად,” – აცხადებს ჟორჟოლიანი.

“სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” აპირებენ, რამდენიმე დღეში გააკეთონ სპეციალური განცხადება, თუ რა ფორმით წარიმართება  ბრძოლა და მუშაობა 94-ე მუხლის წინააღმდეგ.

კონსტიტუციის 94-ე მულის მიხედვით, მთავრობის მიერ ახალი გადასახადის შემოღებას ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისთვის რეფერენდუმის ჩატარებაა აუცილებელი.

23 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. რეგისტრაცია სულ 115-მა დეპუტატმა გაიარა და ცვლილებების პროექტს 115-ივე მათგანმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი