ნეტგაზეთი | სოცდეკები გადასახადების ზედა ზღვრის ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროების გაუქმებას ითხოვენ სოცდეკები გადასახადების ზედა ზღვრის ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროების გაუქმებას ითხოვენ – Netgazeti

სოცდეკები გადასახადების ზედა ზღვრის ზრდისთვის რეფერენდუმის საჭიროების გაუქმებას ითხოვენ

სოციალ-დემოკრატებმა საკონსტიტუციო კომისიას წარუდგინეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიცვალოს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რის შედეგადაც გადასახადების განაკვეთის ზედა ზღვრის ზრდისთვის და ახალი ტიპის გადასახადების შემოღებისათვის რეფერენდუმის ჩატარება საჭირო აღარ იქნება.

ამჟამად საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება (გარდა აქციზისა), ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს).

94-ე მუხლის მე-5 პუნქტში კი ვკითხილობთ, რომ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოსაღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა, ან ანაცვლებს მას და, ამავე დროს, არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

პარტიის, “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის”, წინადადებები სწორედ ამ პუნქტებს შეეხება. 

გია ჟორჟოლიანი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

გია ჟორჟოლიანი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ 31 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათი პოზიციით კონსტიტუციაში არსებული ეს ჩანაწერი არსებითაც ზღუდავს პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებას, განსაზღვროს ქვეყნის განვითარება და ინსტიტუციურ დემოკრატიას აზიანებს. 

“ეს ინიციატივა ორიენტირებულია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს ქვეყანას განვითარებისათვის… [კონსტიტუციის] ეს ჩანაწერი რადიკალურად ასუსტებს სახელმწიფოს, არ აძლევს შესაძლებლობას პარლამენტს, განახორციელოს მთავარი ფუნქცია – წარმომადგენლობითი ფუნქცია, ზღუდავს სახელმწიფოს, განსაზღვროს პოლიტიკები, რომლებიც გამომდინარეობს მისი მოქალაქეების ინტერესებიდან და უზრუნვეყლოს ის შესაბამისი ფინანსური და მატერიალური რესურსებით”, – ამბობს ჟორჟოლიანი და დასძენს, რომ ამ ჩანაწერით სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე, არ განსაზღვრავს ამ [ხალხზე ორიენტირებულ] პოლიტიკებს და ამ ყველაფერს ზოგად ვითარებას, “ბაზრის უხილავ ხელს” მიანდობს. “ეს პოლიტიკა უნდა დასრულდეს”, – ამბობს ჟორჟოლიანი. 

ჟურნალისტების კითხვაზე, უკვე იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები შესაბამის კანონებში გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, ან ჰქონდა თუ არა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელს კონსულტაცია ამ საკითხზე უმრავლესობასთან, გია ჟორჟოლიანი პასუხობს:

“არაფერი არ არის განსაზღვრული. მე გითხარით ჩვენი პარტიის შეხედულება, რომ მთავრობას უნდა ჰქონდეს ინსტრუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ განახორციელოს განვითარების პოლიტიკა… კერძო საუბრები უმრავლესობის წევრებთან მქონია, მაგრამ, ცხადია, ეს ინიციატივა სწორედ იმას გულისხმობს, რომ შევიტანთ ამ ინიციატივას და ამაზე დაიწყება მსჯელობა”, – თქვა ჟორჟოლიანმა. თუმცა მანამდე ასევე განაცხადა, რომ კონსტიტუციაში 94-ე მუხლის ცვლილების შემდეგ “შესაბამისი ცვლილებები, ალბათ, კანონმდებლობაშიც მოხდება”.

გადასახადის ახალი სახის შემოსაღებად ან გადასახადის ზედა ზღვრის გასაზრდელად რეფერენდუმის დანიშვნის აუცილებლობა, კონსტიტუციასთან ერთად, განსაზღვრულია ორგანული კანონით ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ამ კანონისა და საგადასახადო კოდექსის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადი არის:

ა) საშემოსავლო გადასახადი;

ბ) მოგების გადასახადი;

გ) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ);

დ) იმპორტის გადასახადი;

ე) აქციზი (რომელსაც აღნიშნული შეზღუდვა, კონსტიტუციის თანახმად, არ ეხება).

სოციალ-დემოკრატების ინიციატივა მალევე გააკრიტიკეს ოპოზიციაში. მაგალითად, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება “კატეგორიულად მიუღებელია”:

“მთავრობა ამ მეთოდით ცდილობს, უფრო მეტად დაბეგროს, რაც დარჩა ეკონომიკაში – მეტი გადასახადი დაუწესონ მოსახლეობას იმისათვის, რომ თვითონ არ მოიკლონ პრემიები და დანამატი. მთავრობის და ბიუროკრატიის გაზრდა იმის ხარჯზე, რომ ვინც მუშაობს იმათ გადასახადი ამოვუღოთ ჯიბიდან, არის კატეგორიულად მიუღებელი. ახლა გადასახადების გაზრდა ბენზინზე და დიზელზე პირდაპირ გვიჩვენებს, რამდენად უარყოფითად აისახა ჩვენს ეკონომიკურ სიტუაციაზე”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ზურაბ ჭიაბერაშვილი. 31.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ჭიაბერაშვილის აზრით, უმრავლესობა ცდილობს, “მოარღვიოს ბარიერი კონსტიტუციაში, 94-ე მუხლი შეცვალოს, რის შემდეგაც შეეძლებათ, გადასახადები ზარდონ და საკუთარი კომფორტისთვის უფრო მეტი ფული გამოუღონ ჯიბიდან. ეს კიდევ უფრო მოკლავს ეკონომიკას”.

გია ჟორჟოლლიანმა 31 იანვარს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მეორე ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუციაში სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების სრულყოფასა და მათ სიაში ღირსეული საცხოვრებლის უფლების შესახებ ჩანაწერის დამატებას გულისხმობს. “ჩვენ უნდა წავიდეთ უპასუხისმგებლო სახელმწიფოდან პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოსაკენ. მოქალაქეებმა უნდა დაინახონ და იგრძნონ, რომ ეს თავიანთი სახელმწიფოა”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა. 

წაიკითხეთ ნეტგაზეთზე ვრცლად: სოციალური უფლებები საქართველოს კონსტიტუციაში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com