ახალი ამბები

კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: შეგვიძლია, ერთხელაც ვცადოთ ოპოზიციასთან მოლაპარაკება

12 სექტემბერი, 2017 • 1714
კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე:  შეგვიძლია, ერთხელაც ვცადოთ ოპოზიციასთან მოლაპარაკება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიციასთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოლაპარაკებების კიდევ ერთხელ დაწყება შესაძლებელია, თუმცა თავად ამ პროცესის მიმართ ოპტიმისტურად განწყობილი არაა.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ორგანიზაციების, „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

ცოტა ხნის წინ კონფერენციაზე გაიხსნა დისკუსია: “საქართველო უწინ და ახლა”, რომელსაც ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი უძღვება. დებატში პარლამენტის მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები, ირაკლი კობახიძე, დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი, ასევე აშშ-ის ელჩი იან კელი მონაწილეობენ.

დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა კონსტიტუციური ცვლილებების პროექტია. ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გახმიანებული ინიციატივის შეფასება სთხოვა, რომელიც ცვლილებების პროექტის ხელახალ გადასინჯვას და პროცესში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობას უკავშირდება. კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიმართ მმართველ გუნდს მსგავსი შეთავაზებები არაერთგზის ჰქონია, თუმცა, უშედეგოდ. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან შენიშვნების შეთავაზების შემთხვევაში მოლაპარაკება შესაძლებელია, თუმცა თავად ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.

„ჩვენ უკვე გვქონდა ასეთი კონტაქტი ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ ვკითხეთ მათ, მოგვიტანეთ სადავო საკითხები. პასუხი ოპოზიციისგან ვერ მივიღეთ. ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ განზრახვა ოპოზიციისგან, რომ არ ყოფილიყო კონსენსუსი. ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის როლი და არ მივიღებთ არც ერთ ნორმას, რომელიც არ იქნება დამოწმებული ვენეციის კომისიის მიერ.
…ჩვენ ვეცდებით. არ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი. რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა შედეგი ვერ მივიღეთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია, კიდევ ერთხელ ვცადოთ”, – ამბობს კობახიძე.


კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი