ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მას აინტერესებს მოქალაქეების დასაქმება და მათთვის შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა და არა ბიზნესის ინტერესი.
აკაკი ზოიძის განცხადებით, შრომის ინსპექცია არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს:
“საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, რომ შრომის ინსპქცია არის პანაცეა და ის ყველაფერს მოაგვარებს. ამ თემაზე სპეკულაციის აგება არაკორექტულ და ამორალურ მოქმედებად მიმაჩნია. მხოლოდ ინსპექცია პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ უსაფრთხოების შესაბამისი მექანიზმები არ არსებობს, თუ სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს, თუ დასაქმებულის დაზღვევა სავალდებულო არ არის, თუ არ ხდება მეწარმეების სტიმულირება, რომ მათ სამუშაო ადგილი შექმნან და უსაფრთხოებაც დაცული ჰქონდეთ. არის ინიციატივა, რომ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს უფრო მაღალი სტანდარტები მოვთხოვოთ და ისეთ კომპანიებს, სადაც შრომის უსაფრთხოება მასობრივად ირღვევა, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა არ მივაღებინოთ,” – ამბობს ზოიძე.
მისივე აზრით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა პრაქტიკას იყენებს სასამართლო შრომითი დავების გადაწყვეტისას.
“სასამართლო ხელისუფლებას ეფექტური პრევენციის როლი ენიჭება, როცა შრომის უსაფრთხოების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკას განსაზღვრავენ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 260 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობდა და 60 შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა სასამართლომ. სამწუხაროდ, სასამართლოს არც ერთხელ გამოუყენებია პატიმრობა. სასამართლო იყენებდა პირობით სასჯელს, ან საპროცესო შეთანხმებას და ფულად კომპენსაციას. მესმის, რომ დაზარალებულს ურჩევნია, ფულადი კომპენსაცია მიიღოს, რადგან მარჩენალი დაკარგა, მაგრამ, მეორე მხრივ, საპატიმრო სასჯელი რომ არ გამოიყენება, ეს პრევენციის ეფექტს ამცირებს.”
დეპუტატის აზრით, ძალიან ცუდია საუბარი ბიზნესის ინტერესსა და მოქალაქის ინტერესს შორის კონფლიქტზე:
“ჩემთვის არ არსებობს ბიზნესის ინტერესი. ჩემთვის არსებობს ჩვენი მოქალაქეების დასაქმების და მათთის შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფის ინტერესი. მე ამ ორ ინტერესს შორის უნდა დავიცვა ბალანსი და სულ არ მაინტერესებს ბიზნესის ინტერესი,” – აღნიშნავს ზოიძე.
____________________________________________________________
ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა. გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები 10 მაისს, დაახლოებით 08.30 საათზე დასრულდა.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა. მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.
საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.