მაღაროელი. ლიცენზია: CC

რამდენი ადამიანი დაისაჯა შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის [ინფოგრაფიკა]

საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

უზენაესი სასამართლოს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, საქართველოს საქალაქო/რაიონული სასამართლოების მიერ 2015-2017 წლებში გამოტანილი ყველა განაჩენი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის გამოსული, გამამტყუნებელია.

სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. ამ მუხლით იწყება ხოლმე გამოძიება, როდესაც მაღაროებში ან მშენებლობებზე დასაქმებულები შავდებიან, ან იღუპებიან. სწორედ 240-ე მუხლით დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინ, 9 მაისს, ტყიბულის შახტში სატვირთო ლიფტის შეკეთების დროს ოთხი მეშახტის დაღუპვის ფაქტზე.

240-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება (ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ). ამ მუხლის მეორე ნაწილი კი – როდესაც უსაფრთოების წესების დარღვევამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, (ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ).

სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დაშავებულთა სტატისტიკა, რომელსაც პროფკავშირები ავრცელებენ, ბევრად აღემატება სასამართლოში შესული საქმეების რეოდენობას. კერძოდ, პროფკავშირის ინფორმაციით, 2015 წელს სამუშაო ადგილზე 42 ადამიანი დაიღუპა, 80 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. 2016 წელს დაიღუპა 58, ხოლო მძიმედ დაშავდა 84 მუშა.

უზენაესი სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში 2015 წელს 240-ე ე მუხლის მეორე ნაწილით შევიდა 12 საქმე, 2016 წელს – 13 საქმე, ხოლო 2017 წლის პირველ 3 თვეში – 4 საქმე. საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში ამ პერიოდში 240-ე მუხლის პირველი და მეორე მუხლით შესულ საქმეებზე იხილეთ ინფოგრაფიკა:

როგორც უზენაესმა სასამართლომ გვაცნობა, 240-ე მუხლის როგორც პირველი, ასევე მეორე ნაწილებით ამ პერიოდში გამოტანილი ყველა განაჩენი გამამტყუნებელია.

კერძოდ, საქალაქო/რაიონულმა სასამართლოებმა 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება), 2015 წელს 11 საქმეზე გამოიტანეს განაჩენი, მათ შორის, 9 საქმეზე – საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. 2016 წელს 8 საქმეზე გამოიტანა სასამართლომ განაჩენი, მათ შორის, 4 საქმეზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე. 2017 წლის 3 თვეში 1 განაჩენი გამოვიდა, რომელიც საპროცესო შეთანხმებას ეფუძნებოდა.

რაც შეეხება 240-ე მუხლის მეორე ნაწილს (რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 2015 წელს 12 საქმეზე გამოიტანეს განაჩენი, მათ შორის, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 8 საქმეზე. 12 საქმეზე გამოვიდა განაჩენი 2016 წელს, აქედან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა 10 საქმეზე. 2017 წლის 3 თვეში 4 განაჩენი გამოიტანა, მათ შორის, 3 იყო საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.


9 მაისს შახტში მუშების დაღუპვას იმავე ღამით მოჰყვა საპროტესტო აქცია. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი, მოქლაქეები და სახალხო დამცველი, წლებია, სახელმწიფოსგან მოითხოვენ, რომ შრომის ეფქტური ინსპექცია შექმნას, რაც სამუშაო ადგილზე დასაქმებულების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაიცავს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ მომხდარის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობის უახლოეს სხდომაზე მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე კონტროლის მექანიზმის გამკაცრების საკითხს დააყენებს.

საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახუშტი მენაბდემ კომისიის სხდომების მიმდინარეობისას განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინააღმდეგობის გამო, აღარ ჩაიწერა სახელმწიფოს ვალდებულება, შეექმნა შრომითი ზედამხედველობის ეფექტური ორგანო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი