შსს-მ აუდიტორია 115-ის წევრების მიერ ყალბი ცნობის შესაძლო დამზადებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე , “აუდიტორია 115”-ის წევრების მიერ გამოცდების გადატანისთვის ყალბი ცნობების შესაძლო დამზადების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

პოლიცია საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლის თანახმად, ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. სამინისტროში არ განმარტავენ, დაიბარეს თუ არა მოწმის სახით დაკითხვაზე სტუდენტური მოძრაობის წევრები.

“აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთი წევრის, ირაკლი კუპრაძის განმარტებით, პოლიციამ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი თემო ბეჟანიძე დაიბარა დაკითხვაზე, რომელმაც ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვა:

“საქმის მასალებს არ ვიცნობთ, ადვოკატიც არ გვყავს, არაფერი ვიცით. სასამართლოდან უწყება არ მოგვსვლია, ველოდებით მოვლენების განვითარებას. გვაინტერესებს, სადამდე მივლენ, სადამდე გარისკავენ. არ ვიცი, რა დოკუმენტების გაყალბებაზეა საუბარი. არც ის ვიცი, რა თარიღებს მოიცავს.”

ირაკლი კუპრაძე ფიქრობს, რომ პოლიციის გააქტიურების მიზანი სტუდენტური გაერთიანების წევრების დაშინებაა.

“ამ საქმის გარდა, ახლახან გამოძიება დაიწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში ჩვენს შესვლაზე, ასევე 8 მაისს დაინიშნა სასამართლო სხდომა, რომელიც ბათუმში, ჩემს სახლში პოლიციელების მისვლას უკავშირდება. ბოლო 10 დღეში საქმის გარშემო დაიძრა პროცესი და ვფიქრობთ, რომ ეს კამპანიაა ჩვენს დასაშინებლად. მგონია, რომ ეს დაშინების ერთგვარი ხერხია, რათა დაგვაფიქრონ, რომ ჩვენს ცხოვრებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ.”

შსს-ში გამოძიება ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული მასალის შემდეგ დაიწყო. 2017 წლის მარტში გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით “აუდიტორია 115”-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!

მიმდინარე წლის 17 თებერვალს “ბიბლუსის გალერეასთან” აუდიტორია 115-ის აქცის გაიმართა შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით.  20 თებერვალს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნდა  სტატია  “როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) “აუდიტორია 115″ “ბიბლუსის” წინააღმდეგ”. გადაწყვეტილების თანახმად, სადავო სტატიაში ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი ( ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია) დაარღვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.