ახალი ამბები

ომბუდსმენი: აუდიტორია #115-ის წევრის ოჯახში შსს-ს თანამშრომლის ვიზიტი დადასტურდა

23 აპრილი, 2016 • 2081
ომბუდსმენი: აუდიტორია #115-ის წევრის ოჯახში შსს-ს თანამშრომლის ვიზიტი დადასტურდა

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით,  შინგან საქმეთა სამინისტროსაგან მიიღეს ოფიციალური წერილი, სადაც უწყება ადასტურებს აუდიტორია #115-ის წევრის, თსუ-ში სტუდნეტური აქციების ერთ-ერთი მონაწილის, ირაკლი კუპრაძის ოჯახში შსს-ს თანამშრომლის ვიზიტის ფაქტს.

“შსს–მ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია დაგვიანებით, დაჯარიმების პროცედურის დაწყების შემდეგ. მოსული ინფორმაციით დადასტურდა ინფორმაცია კუპრაძის ოჯახში შსს–ს თანამშრომლის ვიზიტთან დაკავშირებით, რაც ახსნილია უბნის პასპორტში მონაცემების განახლების მიზეზით. სახალხო დამცველის აპარტი გეგმავს შემდგომი ინფორმაციის გამოთხოვასა და შს სამინისტროსთან კომუნიკაციის გაგრძელებას ცალკეული გარემოებების დაზუსტების მიზნით”, – გვითხრეს ომბუდსმენის ოფისში.

შსს-ს წერილის შესახებ ინფორმაცია პირველად თავად სტუდენტმა გაავრცელა ფეისბუკით:

“წერილში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ შსს-ს თანამშრომლები ნამდვილად იმყოფებოდნენ ბათუმში ჩემს სახლში სტუმრად, გამოკითხეს ჩემი მშობელი და ჩემზე მოითხოვეს კონკრეტული ტიპის ინფორმაცია. ეს ახსნეს საუბნო შემოწმებით და რაღაც ,,უბნის პასპორტში” ჩემი ინფორმაციის განახლებით . ეს ყველაფერი უცნაურია იმ პირობებში, რომ არათუ ინფორმაციის განახლება, არამედ  ძველიც არაფერი ჰქონიათ და არასდროს მოსულან ჩემზე ინფორმაციის გამოსარკვევად. ასევე იმ პირობების გათვალისწინებით, რომ 4 წელია ბათუმში აღარ ვცხოვრობ”, – დაწერა ირაკლი კუპრაძემ საჯარო პოსტში.

სტუდენტმა ირაკლი კუპრაძემ ზეწოლის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გააკეთა. როგორც მან ნეტგაზეთს 8 მარტს განუცხადა, რეგიონში მის სახლში (სადაც იგი ამჟამად არ ცხოვრობს), სავარაუდოდ, ძალოვანი უწყებების ორი თანამშრომელი მივიდა და მისი, ასევე, ოჯახის წევრების შესახებ “ყველა ტიპის” ინფორმაცია მოითხოვა. კუპრაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამ ფაქტს მასზე ზეწოლად აფასებს.

როგორც კუპრაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ზემოხსენებული პირები მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრნენ და უთხრეს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა კონკრეტული სამსახური არ დაუსახელებიათ. კუპრაძე ვარაუდობდა, რომ საუბარია უშიშროების ან პოლიციის წარმომადგენლებზე. ამ საკითხის გაკრვევაში სახალხო დამცველიც ჩაერთო, რომელმაც საგამოძიებო უწყებებიდან გარკვეული ტიპის ინფორმაცია გამოითოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ოჯახის წევრზე ზეწოლის თაობაზე განცხადება აუდიტორია #115-ის სხვა წევრმაც გააკეთა აპრილში, თუმცა სუს-მა ეს ინფორმაცია უარყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი