ახალი ამბებისამართალი

აუდიტორია N115-ის წევრი საზმაუში შესვლის გამო მოწმის სახით დაიკითხება

23 მარტი, 2017 • 2675
აუდიტორია N115-ის წევრი საზმაუში შესვლის გამო მოწმის სახით დაიკითხება

საზოგადოებრივ მაუწყებელთან 9 თებერვალს გამართულ აქციის მიმდინარეობისას ტელევიზიის ფოიეში სპეციალური საშვის გარეშე შესვლის გამო აუდიტორია N115-ის წევრი, გიორგი სოფრომაძე თბილისის პოლიციის სამმართველოში 24 მარტს მოწმის სახით დაიკითხება.

შსს–ში განგვიცხადეს, რომ აუდიტორია N115-ის წევრის გარდა, ამ საქმეზე კიდევ რამდენიმე პირია მოწმის სახით დაბარებული, თუმცა უწყებაში მათ ვინაობას არ ასაჯაროებენ. თბილისის პოლიციის სამმართველოში გიორგი სოფრომაძის მოწმის სახით დაბარების შესახებაც თავად სტუდენტებმა გვაცნობეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ სტუდენტების ტელევიზიის ფოიეში უნებართვოთ შესვლა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად შეაფასა, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით ისჯება. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს დღეს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია N115 მათი წევრის მოწმის სახით დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მათი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გამოსვლის მოვალეობა გიორგის სტუდენტური მოძრაობის საერთო კრებამ დააკისრა, ხოლო “მოამბის” ეთერში მანიფესტის წაკითხვა მისი ერთპიროვნული და ინდივიდუალური გადაწყვეტილება არ ყოფილა.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში ჩატარებული აქცია-პერფორმანსის შედეგად არ დაზიანებულა ტელევიზიის ინფრასტრუქტურა, საფრთხე არ შეჰქმნია დაწესებულების არც ერთ თანამშრომელს. მოძრაობის წევრებს ხელი არ შეუშლიათ საეთერო სტუდიების მუშაობისათვის. ჩვენ მხოლოდ საშვების გარეშე შევედით ჩვენი კუთვნილი მაუწყებლის მთავარ დერეფანში, საიდანაც შეუძლებელი გახლდათ რომელიმე გადაცემის ჩაშლა ან მისი მიმდინარეობის შეფერხება. ერთადერთი შედეგი, რაც ჩვენს ქმედებას მოჰყვა, გახლდათ ის, რომ განადგურებისთვის განწირული გადაცემები სეზონის ბოლომდე აგრძელებენ მუშაობას. ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ჩვენი სხვადასხვა სახის მოქმედებით დროებით შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი ათასზე მეტ მოქალაქეს,” – აცხადებენ სტუდენტები.

აუდიტორია N115-ის განცხადებით, სტუდენტური მოძრაობა მზად არის, გააგრძელოს სოციალურ უსამართლობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების დაცვა:

“პოლიციის ზეწოლით, დაშინების მცდელობებით საქართველოს საკონსტიტუციო სტანდარტების რეალიზებისთვის ბრძოლა არ შეჩერდება, პირიქით, ჩვენი შრომა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება. საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოვუწოდებთ, რადგან შეიძლება მალე ჩვენი წევრებისათვის მძლავრი სოლიდარობის გამოცხადება აუცილებელი გახდეს. P.S. ვულოცავთ ქ-ნ ია ანთაძეს პოლიციის აღნიშნულ გადაწყვეტილებას.”

9 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყევბლის წინ გამართული აქციის მონაწილეები ტელევიზიის ფოიეში 30 წუთით შევიდნენ და მოითხოვეს პირდაპირი ეთერი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მათ დაუკმაყოფილა ეს მოთხოვნა, თუმცა მეორე დღეს ტელევიზიის აღმასრულებელმა საბჭომ სტუდენტების პროტესტის ეს ფორმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად შეაფასა. აუდიტორია N115 სოლიდარობას უცხადებდა ტელევიზიის თანამშრომლებს, რომლებსაც ერთთვიანი კონტრაქტები გაუუქმეს და რომელთა გადაცემებსაც დახურვის საფრთხე ემუქრებოდათ. გიორგი სოფრომაძემ 5–წუთიან მიმართვაში ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ პრობლემებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი